მარინა კალიურანდი - გულწრფელად გითხრათ, ვერაფრით ვუგებ მათ, ვინც პარლამენტში არ შევიდა - მოვუწოდებ ყველა პოლიტიკოსს, აიღონ მანდატი და დაიწყონ მუშაობა საქართველოს პარლამენტში

გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ გასული წლის ზაფხულში მიღებული გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო რეფორმებისთვის მხარის არ დაჭერა და გასული წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, მისგან გამოწვეული კრიზისი გარკვეული შოკი იყო, მათ შორის თქვენი მეგობრებისთვის, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა EURACTIV-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე : საქართველოს გზა ევროკავშირისკენ: რა არის შემდეგი? - განაცხადა.

მისი თქმით, მიეჩვიენ იმას, რომ საქართველო ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს, ატარებს რეფორმებს და ევროპული ინტეგრაციის ერთგულია.

„სამწუხაროდ, რაც მოხდა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, იყო რეალობის გადამოწმება, როგორც ბევრისთვის საქართველოში, ასევე, ვფიქრობ, ევროკავშირშიც.

პანდემიის გამო ევროპარლამენტმა ვერ შეძლო არჩევნებზე დაკვირვება, მაგრამ ჩვენი პოზიცია ჩამოვაყალიბეთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებზე, კერძოდ კი ეუთო/ოდირზე, დაყრდნობით. ჩვენ ყველამ დავინახეთ, რომ ორივემ, ეუთომაც და ოდირმაც განაცხადეს, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები იყო თავისუფალი და დემოკრატიული. დიახ, იყო რაღაცეები, რასაც გაუმჯობესება სჭირდებოდა, ასევე იყო რამდენიმე არასათანადო ინციდენტი, მაგრამ შეფასება, ზოგადად, პოზიტიური იყო. სწორედ ამიტომ იყო ასე მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს პარლამენტს, რაც შეიძლება მალე დაეწყო მუშაობა ყველა პოლიტიკური პარტიის ჩართულობით და ყველა არჩეული პარლამენტის წევრის მონაწილეობით.

სწორედ ამიტომ მოვუწოდებდი მე მათ და იგივეს გავაგრძელებ, მოვუწოდებ ყველა პოლიტიკოსს, აიღონ მანდატი და დაიწყონ მუშაობა საქართველოს პარლამენტში, თქვენი ერის, ხალხისა და საქართველოს მომავალის სასარგებლოდ. ყველა პარლამენტს სჭირდება ოპოზიცია. დემოკრატიულ პარლამენტს სჭირდება ძლიერი ოპოზიცია. ეს არის პოლიტიკური რეფორმების განხორციელების გზა,“- აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მან 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების განხორციელების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეთანხმება არა მხოლოდ ფორმალურად უნდა შესრულდეს, არამედ არსებითადაც.

„მოხარული ვარ იმ შეთანხმებით, რომლის მიღწევაც შარლ მიშელის მედიაციის ინიციატივის დამსახურებით მოხერხდა. განსაკუთრებით შეუფასებელი სამუშაო შეასრულა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, აშშ-ის ელჩთან ერთად. მაგრამ ევროკავშირი ყოველთვის ვერ მოაგვარებს ყველა პოლიტიკურ კრიზისს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყანაში. თქვენმა ქვეყანამ, მთავრობამ, პოლიტიკოსებმა, ერმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ მსგავსი სიტუაცია არ განმეორდეს.

მიხარია, რომ თითქმის ყველა ოპოზიციონერი წევრი შევიდა პარლამენტში და გულწრფელად გითხრათ, ვერაფრით ვუგებ მათ, ვინც ეს არ გააკეთა, ვინაიდან პარლამენტის გარეთ ჯდომა, დისკუსიებზე არ დასწრება ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება. თუ რომელიმე ოპოზიციონერი გვისმენს, ძალიან გთხოვთ, გააკეთეთ ეს, შედით პარლამენტში და შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ჩვენი, ევროპარლამენტის იმედი გქონდეთ, იმისთვის, რომ დაბალანსებულად და ღიად ისაუბროთ იმ რეფორმებზე, რომლებიც გასატარებელია. ეს რეფორმები არის საკონსტიტუციო რეფორმა, მართლმსაჯულების რეფორმა და ყველა კითხვა, რომელიც უკავშირდება პანდემიას. ეს კითხვები თქვენი პარლამენტის მაგიდაზეა და უნდა მოგვარდეს მმართველ პარტიასთან, ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად. მიღწეული შეთანხმება უნდა შესრულდეს როგორც ფორმალურად, ისე არსებითად. თქვენ ემზადებით ადგილობრივი არჩევნებისთვის. ახლა ძალიან იოლია პოლიტიკურ კონფრონტაციაში დაბრუნება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებამდე გულწრფელი კამპანიით წასვლაა, რომელიც პატივს სცემს სხვა პოლიტიკურ პარტიებს“, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.

მისი თქმით, იმისთვის, რომ საქართველოს ევროპარლამენტის მხარდაჭერა ჰქონდეს, აუცილებელია ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობა.

ვერ ვიტყვი, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროპარლამენტისთვის დიდი ინტერესის საგანია. ზოგჯერ ნამდვილ დაღლას ვგრძნობ ამასთან დაკავშირებით. ხალხი დაიღალა საქართველოსა და უკრაინის საკითხების განხილვით, მაგრამ მსურს დაგარწმუნოთ, რომ ეს საკითხი იქნება ევროპარლამენტის დღის წესრიგში და გექნებათ ევროპარლამენტის სრული მხარდაჭერა მანამ, სანამ თქვენი ქვეყანა დემოკრატიული რეფორმების მმართველობის ქვეშ იქნება. სრული მხარდაჭერა ნიშნავს ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და საქართველოს ოკუპაციის არაღიარებას,“- აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

იხილეთ ვიდეო:მარინა კალიურანდი - გულწრფელად გითხრათ, ვერაფრით ვუგებ მათ, ვინც პარლამენტში არ შევიდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა