ჩეხეთის საელჩო - ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე საქართველოს სტუმრობს, მიმდინარეობს თანამშრომლობის ახალი მიმართულებების ძიება

ჩეხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, რადეკ პოლიცარი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს ცნობით, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, მან განიხილა თანამშრომლობის გზები, როგორც კოვიდ პანდემიის წინააღმდეგ, ასევე სხვადასხვა მიმართულებით.

მათი ინფორმაციით, რადეკ პოლიცარმა ქართველ კოლეგას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, თამარ გაბუნიას შეხვედრის ფარგლებში გაუზიარა ჩეხეთის გამოცდილება პანდემიასთან ბრძოლაში და განიხილა მასთან დაკავშირებული გამოწვევები.

„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან, ამირან გამყრელიძესთან შეხვედრის მსვლელობისას განიხილეს არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები. გარდა დამცავი მასალების მიწოდებისა და სოფლად მცხოვრები ექიმების ტრენინგებისა, ჩეხეთის რესპუბლიკა დაეხმარა საქართველოს ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალის შექმნაში, რაც ხელს უწყობს ჯანდაცვის სამინისტროს ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით ასაკობრივი ჯგუფებისთვის პრიორიტეტების მინიჭებაში. მხარეებმა ასევე განიხილეს ონკოლოგიის ადგილობრივი რეესტრის სამომავლო განვითარების საკითხები.

როგორც ჩეხეთის ელჩმა საქართველოში, პეტრ მიკისკამ აღნიშნა, ”ჯანდაცვის სექტორი არის ჩეხეთის განვითარების სააგენტოს სამი პრიორიტეტული სექტორიდან ერთ-ერთი და ჩვენ მომავალშიც შევინარჩუნებთ სამედიცინო სფეროში თანამშრომლობის მაღალ დონეს”.

საელჩოს ცნობით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, რადეკ პოლიცარს თან ახლდა ჩეხეთის ბიზნეს დელეგაცია.

„სამედიცინო სექტორის წარმომადგენელმა ჩეხურმა კომპანიებმა საკუთარი პროდუქცია წარუდგინეს სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგისა და რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებს. ამასთანავე, მოინახულეს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა და ორი კერძო საავადმყოფო - „ნიუ ჰოსპიტალსი“ და „მედიქლაბ ჯორჯია“. 28 მაისს, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩომ საქართველოში უმასპინძლა სამედიცინო ბიზნეს ფორუმის დაკსვნით ღონისძიებას, სადაც ჩეხურმა კომპანიებმა: „LINET“, „Codaco“, „PharmData“, „TestLine“, „ProSpon“, „MZ Liberec“, „TSE“, „SMT“, „Advanced Medical Solutions“, „Nafigo“, „WPA Nanotechnologies“ და „PROMA REHA“ წარუდგინეს თავიანთი პროდუქცია 15 ქართულ კომპანიას, რომლებიც ახორციელებენ სამედიცინო პროდუქციის იმპორტსა და დისტრიბუციას და ამასთანავე, აწვდიან მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

საელჩოს ცნობით, ჩეხეთის რესპუბლიკას სამედიცინო აღჭურვილობის წარმოების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და ჩეხური კომპანიები წარმატებულები, კონკურენტუნარიანები არიან გლობალურ ბაზარზე.

„ძალიან ვამაყობ, რომ ჩეხური კომპანიები ინოვაციური მიდგომებით და მაღალი ხარისხის პროდუქტებით პასუხობენ ჯანმრთელობის სფეროში არსებულ გამოწვევებს. საერთაშორისო თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პანდემიასთან ბრძოლასა და ახალ გამოწვევებთან გამკლავებაში. ჩეხეთი მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა. თანამშრომლობა როგორც არსებულ ისე ახალ პარტნიორებთან, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან არის უმნიშვნელოვანესი ერთობლივი ქმედებებისათვის”, - განაცხადა ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, რადეკ პოლიცარმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა