საქპატენტში საფრანგეთის ელჩისა და საქპატენტის თავმჯდომარის შეხვედრა შედგა

თანამშრომლობის გეგმებსა და ერთობლივი პროექტების შემუშავებაზე ისაუბრეს საქპატენტის თავმჯდომარემ, მინდია დავითაძემ და საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, დიეგო კოლასმა შეხვედრაზე, რომელიც საქპატენტის სათავო ოფისში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამჟამად ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტვინინგის პროექტი, რომლის მთავარი მიზანი გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის განვითარების ხელშეწყობა და ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზებაა. ხოლო პროექტი საფრანგეთისა და იტალიის კონსორციუმთან ერთად ხორციელდება.

„საფრანგეთის გამოცდილების გაზიარება უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყანაში გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის განვითარებისა და ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებისათვის“ - განაცხადა ელჩთან საუბრისას მინდია დავითაძემ.

„ინოვაციური, თანამედროვე და სტაბილური ეკონომიკა ძლიერ ინტელექტუალური საკუთრების სისტემას ემყარება. მზად ვართ საქპატენტთან, ჩვენს მნიშვნელოვან პარტნიორთან თანამშრომლობისთვის“- განაცხადა შეხვედრაზე დიეგო კოლასმა.

მათივე ცნობით, ფრანგ დიპლომატთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იყო საფრანგეთის კულტურის სამინისტროს ლიტერატურული და მხატვრული საკუთრების უწყებასა და საფრანგეთის სამრეწველო საკუთრების ეროვნულ ინსტიტუტთან (INPI) საქპატენტის საქმიანი ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობა.

„ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა შექმნის ფრანგი კოლეგების სამუშაო გამოცდილების გაზიარების, ტრენინგებისა თუ სემინარების ჩატარების და სასწავლო ვიზიტების ორგანიზების შესაძლებლობას. აღსანიშნავია, რომ ამ უწყებებთან თანამშრომლობა და დარგის განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობების გამართვა განაპირობებს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის ინსტიტუციურ გაძლიერებას.

სამომავლო თანამშრომლობის სფეროებისა და მიმართულებების განსაზღვრის მიზნით შეხვედრაზე განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების საკითხიც. ასევე, გამოიკვეთა აზრი, რომ მნიშვნელოვანია საქპატენტის შესახებ ცნობადობის გაზრდა დიპლომატიური კორპუსის წევრებს შორის. აღნიშნული შეხვედრა მომავალი საქმიანი ურთიერთობების მასშტაბურად წარმართვის წინაპირობაა, რათა მოხერხდეს უფრო თვალსაჩინო და შედეგებზე ორიენტირებული ინფორმაციის გავრცელება ქვეყნის შიგნით, თუ მის ფარგლებს გარეთ.

საქპატენტს საფრანგეთის სამრეწველო საკუთრების ეროვნულ ინსტიტუტთან (INPI) გაფორმებული აქვს შეთანხმება ძირითადი და ტექნიკური დოკუმენტაციის გაცვლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რაც გულისხმობს INPI-ს მიერ სხვადასხვა ოფიციალური ბიულეტენებისა და დოკუმეტაციის ხელმისაწვდომობას საქპატენტისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს