პრეზიდენტი - დიასპორის წევრებს უფლება უნდა მივანიჭოთ, უფრო აქტიური  მონაწილეობა მიიღონ საქართველოს დემოკრატიულ პროცესებში, რაშიც მათ მხარდაჭერა სჭირდებათ ჩვენგან

დამოუკიდებლობის დღიდან წარმოიშვა მძლავრი ახალი ემიგრაცია და ჩვენდაუნებურად საქართველო ემიგრაციის ქვეყნად იქცა. დღემდე ჩვენ ბოლომდე გააზრებული არ გვაქვს, თუ რას ნიშნავს, რა პასუხისმგებლობასა და რა პოტენციალს წარმოადგენს, როცა ჩვენი მოსახლეობის ¼ - თითქმის მილიონნახევარი ადამიანი, საზღვრების მიღმა სწავლობს, ცხოვრობს მოღვაწეობს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისში გამართულ დიასპორის ფორუმზე ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ქართული დიასპორა ქვეყნის განვითარების უზარმაზარ პოტენციალს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მათ უფლება უნდა ჰქონდეთ უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ საქართველოს დემოკრატიულ პროცესებში. ზურაბიშვილის განცხადებით, დიასპორამ საქართველოს პარლამენტში უნდა მოიპოვოს საკუთარი ხმა და საკუთარი ინტერესების წარმოჩენის უფლება ანუ რაღაც ფორმით წარმომადგენლობა.

„პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ ყველას ჩვენი დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი. წელს 100 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც 1921 წლის ოკუპაციამ პირველ პოლიტიკურ ემიგრაციას ქვეყანა დაატოვებინა. მეც, ისევე როგორც ბევრი თანამემამულე, ვინც დღეს ჩვენ გვისმენს, ემიგრაციაში დავიბადე. პოლიტიკური ემიგრაციისთვის ემიგრაცია დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის გაგრძელების ფორმა იყო. ეს ბრძოლა დასრულდა 30 წლის წინ დამოუკიდებლობის აღდგენით და დღეს სიმბოლურად გენერალ კვინიტაძის სამშობლოში დაბრუნებით. დამოუკიდებლობის დღიდან წარმოიშვა მძლავრი ახალი ემიგრაცია და ჩვენდაუნებურად საქართველო ემიგრაციის ქვეყნად იქცა. დღემდე ჩვენ ბოლომდე გააზრებული არ გვაქვს, თუ რას ნიშნავს, რა პასუხისმგებლობასა და რა პოტენციალს წარმოადგენს, როცა ჩვენი მოსახლეობის ¼ - თითქმის მილიონნახევარი ადამიანი საზღვრების მიღმა სწავლობს, ცხოვრობს, მოღვაწეობს. აქამდე ვიცოდით, რომ ქართველი, თუ არა იძულებით, დევნით, გადასახლებით, სხვაგვარად არ ტოვებდა სამშობლოს. დღეს კი მთელს მსოფლიოზე გაიშალა ჩვენი ემიგრაცია. ეს იწვევს დიდ ცვლილებებს თუნდაც ქართული ოჯახების სტრუქტურასა და ტრადიციებში, როდესაც თითქმის ყველა ოჯახის გარკვეული რაოდენობის წევრი უცხოეთში ცხოვრობს, როცა ბევრი ახალგაზრდა დედის გარეშე იზრდება, რამეთუ ის იძულებული გახდა სამსახური უცხოეთში დაეწყო. ჩვენი მსოფლმხედველობის ცვლილებასაც იწვევს -გარე სამყარო, რომელიც უმეტესწილად უცნობი და მიუწვდომელი იყო, დღეს დაგვიახლოვდა და გაგვიშინაურდა. მსოფლიოში გაბნეული ქართველები, საზოგადოების ყველა სექტორში მოღვაწეობენ, ისინი აკადემიკოსები და სტუდენტები, მომღერლები და კომპოზიტორები, მწერლები და მხატვრები, პოლიციის ოფიცრები, პოლიტიკოსები, ფერმერები, ბიზნესმენები თუ მუშები არიან. ისინი ჩვენი ქვეყნის ელჩები არიან. ისინი ასევე წარმოადგენენ ქვეყნის განვითარების უზარმაზარ პოტენციალს.

ჩვენი დიასპორის წევრებს უფლება უნდა მივანიჭოთ, უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ საქართველოს დემოკრატიულ პროცესებში, რაშიც მათ მხარდაჭერა სჭირდებათ ჩვენგან.

ჩვენს დიასპორას პოლიტიკური წარმომადგენლობა სჭირდება, დიასპორის დღეს მთელს ქართულ საზოგადოებას მოვუწოდებ, გაერთიანდეს ამ იდეის ირგვლივ, რომ პარლამენტში მოიპოვოს ჩვენმა დიასპორამ საკუთარი ხმა და საკუთარი ინტერესების წარმოჩენის უფლება ანუ რაღაც ფორმით წარმომადგენლობა. მილიონზე მეტი ჩვენი მოქალაქის ჩართვა სახელმწიფოს მშენებლობაში, პრიორიტეტი უნდა იყოს. ეს კი აუცილებელია, რამეთუ საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებები პირდაპირ გავლენას ახდენს საზღვარგარეთ ჩვენი თანამემამულეების ცხოვრებაზე, დაწყებული საკუთრების უფლებიდან, „მოქალაქეობის შესახებ კანონით“ დასრულებული,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

იხილეთ ვიდეო:პრეზიდენტი - დიასპორის წევრებს უფლება უნდა მივანიჭოთ, უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ საქართველოს დემოკრატიულ პროცესებში, რაშიც მათ მხარდაჭერა სჭირდებათ ჩვენგან

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა