ექსპერტიზის დასკვნით, კასპში მოკლულ 34 წლის მამაკაცს კისრის არეში 19 ჭრილობა აღენიშნებოდა, გარდაცვალება კი მწვავე სისხლნაკლებობამ გამოიწვია

კასპში მოკლული 34 წლის ნოდარ ღუნაშვილის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია. აღნიშნული დასკვნა „ინტერპრესნიუსისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც, ღუნაშვილის გარდაცვალება კისერში მიყენებულმა მრავლობითმა - 19 ნაკვეთ-ნაჩხვლეტმა ჭრილობამ გამოიწვია.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გავრცელებული ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ის მისმა მეუღლემ - ქეთევან ჩხაიძემ, რომელიც ახლა დანაშაულის დაფარვისთვისაა დაკავებული, თავში საგნის ჩარტყმით მოკლა, გამოირიცხა. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ღუნაშვილისთვის მიყენებული ყველა დაზიანება სიცოცხლისდროინდელია, დამდგარი შედეგი თხემ-კეფის მიდამოში მიყენებულ დაჟეჟილ ჭრილობასთან კავშირში არაა.

ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექპსერტიზის დასკვნის თანახმად, ნოდარ ღუნაშვილი ნასვამ მდგომარეობაში არ იმყოფებოდა. ამავე დასკვნის მიხედვით, სისხლში მხოლოდ ერთი ნარკოტიკული საშუალება აღმოჩნდა, რაც შეეხება ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, ის ღუნაშვილს მიღებული არ ჰქონდა.

„ნოდარ ღუნაშვილის სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა, კისრის მიდამოში არსებული ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობებიდან განვითარებული სისხლდენის შედეგად, მარჯვენა შიდა საუღლე ვენის და ზემო ფარისებრი არტერიის დაზიანებით. ნოდარ ღუნაშვილის გვამს აღენიშნებოდა დაზიანებები: კისრის წინა, მარჯვენა და მარცხენა გვერდით ზედაპირებზე ნაკვეთი ჭრილობების, მარჯვენა შიგნითა საუღლე ვენის და ზემო ფარისებრი არტერიის დაზიანების, თხემ-კეფის მიდამოში დაჟეჟილი ჭრილობების, ქალას რბილ-საფარის შიგნითა ზედაპირზე სისხლჩაქცევის, სხეულზე ნაჭდევებისა და მრავლობით ნაკაწრების სახით. ყველა დაზიანება სიცოცხლისდროინდელია, განვითარებულია სიკვდილამდე წინა უახლოეს პერიოდში. ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობები - განვითარებული არიან რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის(საგნების) მოქმედებით, რომელსაც გააჩნია ყუა და ლესილი პირი. დაჟეჟილი ჭრილობებიდან ნაჭდევები - განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის(საგნების) მოქმედებით. ნაკაწრები - განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის(საგნების) წვეტის, ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი ბლაგვი საგნის(საგნების) შემხები ზედაპირის მოქმედების შედეგად. ყველა დაზიანება ცოცხალ პირთა ექპსერტიზის შემთხვევაში, ერთობლიობაში მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო. კისრის მიდამოში არსებული დაზიანება (შიგნითა საუღლე ვენის დაზიანებით) ცოცხალ-პირთა ექპსერტიზის შემთხვევაში, იზოლირებულად აღებული, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო და უშუალო მიზეზობრივ კავშირში იმყოფება დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. სხვა დანარჩენი დაზიანებები, ცოცხალ პირთა ექპსერტიზის შემთხვევაში ატარებენ მსუბუქი ხარისხის ნიშნებს და პირდაპირ მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფებიან დამდგარ შედეგთან. ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექპსერტიზაზე წარმოდგენილ, ნოდარ ღუნაშვილის გვამიდან აღებულ სისხლში არ აღმოჩნდა მეთილის, ეთილის და იზოპროპილის სპირტები. სისხლში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება - ტეტრაჰიდროკანაბინოლი. სისხლში არ აღმჩნდა ნარკოტიკული საშალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები: ოპიატები, ბუპრენორფინი, მეთადონი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, კოკაინი, ბარბიტურის მჟავას ნაწარმები და ტრიციკლური ანტიდეპრესანტები. სასამართლო სამედიცინო დიაგნოზი: მწვავე სისხლნაკლებობა, მრავლობითი - 19 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები კისრის მიდამოში“, - ნათქვამია ექსპერტიზის დასკვნაში.

ცნობისთვის, 13 მარტს, კასპში 34 წლის ნოდარ ღუნაშვილი მოკლეს. მკვლელობის ფაქტზე, შემთხვევიდან მეორე დღეს სამართალდამცავებმა მისი მეგობარი, 30 წლის მამაკაცი - ზურაბ კახიშვილი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ღუნაშვილს ანგარიშსწორების მიზნით, ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. მომხდარიდან რაღაც პერიოდის შემდეგ, სამართალდამცავებმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით მოკლული მამაკაცის მეუღლე - 31 წლის ქეთევან ჩხაიძე დააკავეს. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტებზე, სსკ-ს 108-ე და 375-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

მოკლული მამაკაცის ოჯახის წევრების განცხადებით, ქეთევან ჩხაიძე მისი ქმრის - ნოდარ ღუნაშვილის მკვლელობაში ზურაბ კახიშვილთან ერთად მონაწილეობდა და მას მუხლის კვალიფიკაცია უნდა შეეცვალოს. ქეთევან ჩხაიძე დაკავებამდე „ტვ პირველთან“ ინტერვიუში აცხადებდა, რომ მისი მეუღლე „სექსუალური ურთიერთობაზე უარის გამო გაბრაზდა და სცემა, შემდეგ დიდი ოდენობით საძილე წამლები დალია“. ჩხაიძის განცხადებით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ნოდარ ღუნაშვილი სამზარეულოში დავარდა და თავის არეში დაზიანება მიიღო. მოკლულის მეუღლის განმარტებით, აღნიშნულის შემდეგ ღუნაშვილი დაწვა, თავად კი ქმრის მეგობარს მესიჯი გაუგზავნა და დახმარება სთხოვა, რომ „აზრზე მოსულიყო“. ქალის ინტერვიუს მიხედვით, მეუღლე მეგობართან ერთად სახლიდან საკუთარი ავტომანქანით წავიდა, უკან კი მხოლოდ მეგობარი მკვლელობის იარაღით - დანით დაბრუნდა - „მოვკალიო, სისხლები ჯერ ისევ ზედ ჰქონდა... შენს გამო გავაკეთე, ასეთ დღეში რომ გაგდებდა, ახლა თავისუფალი ხარ და არავის შეგეშინდებაო, მითხრა“, - აცხადებდა დაკავებამდე ქეთევან ჩხაიძე.

ლევან ცუცქირიძე - საქართველო უდიდეს საერთაშორისო კრიზისს გამოფიტული, დაღლილი, იმედის, ბრძოლისუნარიანობისა და მმართველობის უნარების გარეშე ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 27.01.2022
ეკატერინა ციმაკურიძე - კრიზისის დასრულებისთვის საჭიროა ხელისუფალს გააჩნდეს თანამშრომლობის ნება და კონსენსუსის უნარი
"ჰიდრო ჯგუფმა" ფოთის მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში წყლის ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარი დაამონტაჟა
"სილქნეტი" 28 თებერვლიდან მომხმარებლებს განახლებულ პირობებს შესთავაზებს
2022 წელს JTI საქართველოში, ევროპაში და გლობალურად აღიარებულია საუკეთესო დამსაქმებლად
ქართველი მეცნიერის გიორგი ელიავას დაბადებიდან 130, ხოლო ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა
მერიის მიერ გაცემული 500-ლარიანი ვაუჩერით მიიღე 725 ლარის მედიკამენტი
ჰიუნდაიმ რობოტექნიკისა და მეტავერსის მიმართულებით საკუთარი ხედვები მედიასა და ვიზიტორებს CES 2022-ის ფორუმზე წარუდგინა
„ავერსის“ აფთიაქებში საპენსიო ასაკის მოქალაქეებისა და დევნილებისთვის ყოველდღე ყველაზე დაბალი ფასებია
თბილისის მერიის 500-ლარიანი ვაუჩერი PSP-ში 700 ლარის ტოლფასია (R)
100 ქართული ბიზნესი ერთ ფეისბუქ მაღაზიაში - ტერაბანკის ახალი ინიციატივა