საერთო სამლოცველო - ბერლინი საფუძველს უყრის რელიგიური ტოლერანტობის სივრცეს

ბერლინის ცენტრში ქრისტიანთა, ებრაელთა და მუსლიმთა ჯგუფები იწყებენ საერთო სივრცის შენებას, სადაც სამივე სარწმუნოება იქნება წარმოდგენილი. წამოწყების მიზანია კონფლიქტისა და უნდობლობის გადალახვა.

წლების განმავლობაში აღნიშნული წამოწყება მხოლოდ იდეის დონეზე იყო შემუშავებული. ხუთშაბათს იგი იწყებს განხორციელებას. ფუნდამენტი ჩაეყრება საერთო სამლოცველოს, სადაც ქრისტიანები, იუდეველები და მუსლიმები ერთმანეთს შეხვდებიან. სამლოცველო შენდება ბერლინის ცენტრში, ქალაქის ისტორიული და პოპულარული ლოკაციების ახლობლად.

„ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი ბერლინისთვის“ - აღნიშნავს პასტორი გრეგორ ჰობერგი, რომელიც სათავეში უდგას ამ ინიციატივას. „ამ იდეის შესახებ მინიმუმ ათი წლის მანძილზე საუბრობდნენ ქრისტიანები, ებრაელები, მუსლიმები, ისევე როგორც ათეისტები და სხვა რელიგიათა წარმომადგენლები“. ჰობერგის თქმით, ქალაქს ესაჭიროება ამგვარი საერთო სამლოცველო განსხვავებულ სარწმუნოებებს შორის ურთიერთგაგების უკეთ მიღწევის მიზნით. „ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი სიმბოლო“ - ამბობს პასტორი და მას „მშვიდობის სივრცეს“ უწოდებს.

საერთო სამლოცველო აშენდება ბერლინის 700 წლიანი ისტორიული სივრცის ფუნდამენტზე. იგი ახლოს მდებარეობს იმ სივრცესთან, სადაც საფუძველი დაედო ქალაქს. მე-13 საუკუნის ბერლინში პეტრიქირშის ეკლესია ფლობდა უმაღლეს ძალაუფლებას, რომელმაც საკუთარი გავლენა სხვადასხვა ფორმით შეინარჩუნა 1964 წლამდე, როდესაც აღმოსავლეთ გერმანიის კომუნისტურმა რეჟიმმა იგი დაანგრია. ეკლესიის ტერიტორია წარმოადგენს ღირებულ ლოკაციას არქეოლოგებისთვის, რომლებმაც იქ აღმოაჩინეს 3 000-ზე მეტი ადამიანის ნამარხი, ისევე როგორც ეკლესიის ნანგრევები.

უნიკალური პროექტი

თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, საერთო სამლოცველო ხუთი წლის განმავლობაში აშენდება. მის სივრცეში წარმოდგენილი იქნება ეკლესია, სინაგოგა და მეჩეთი, აგებული ცენტრალური სივრცის გარშემო, როგორც თანაარსებობის სიმბოლო. დაგეგმილია 40 მეტრის სიმაღლის შენობის აგება ქვისა და აგურისგან. მშენებლობის ბიუჯეტი შეადგენს 43.5 მილიონ ევროს ($53.3 მილიონი).

პროექტი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ოსმან ორს-ისთვის, რომელიც გახლავთ პროექტში ჩართული იმამი. ბერლინში ფუნქციონირებს 80-ზე მეტი მეჩეთი, თუმცა ეს იქნება პირველი მუსლიმური სამლოცველო ბერლინის ცენტრში.

„ეს სამლოცველო იქნება ბერლინის ცენტრალური მეჩეთი“ - აღნიშნა ორს-მა. “მულსმებს უკვირთ, როდესაც Google-ში აღმოაჩენენ მეჩეთს ბერლინის ცენტრში“ - ღიმილით დაამატა მან. დღეის მდგომარეობით ისინი ნახულობენ მშენებლობის სივრცეში გამოკრულ სალოცავის ესკიზს.

სამი მთავარი მონოთეისტური რელიგიის საერთო სივრცის ფარგლებში ანტისემიტიზმი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს საკითხს, რაც მოითხოვს შესაბამის მსჯელობასა და დიალოგს. ისრაელსა და პალესტინურ ტერორისტულ ორგანიზაცია ჰამასს შორის უახლესი დაპირისპირება გახდა მსოფლიოს მასშტაბით საპროტესო ტალღის მიზეზი, ბერლინის ჩათვლით. ისრაელის მიერ განხორციელებულმა ავიადარტყმებმა, რომლებსაც ასობით პალესტინელი მშვიდობიანის სიცოცხლე შეეწირა, გამოიწვია ანტისემიტური განწყობების გაძლიერება.

ურთიერთჩართულიბა, არა კონფლიქტი

„ყოველთვის მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ როგორ ხედავს სხვა ამა თუ იმ მოვლენას, რისი სწამთ მათ და რას ეფუძნება მათი შეხედულებები“ - აღნიშნა ჰობერგმა. „საზოგადოება ნახულობს სარგებელს მაშინ, როდესაც სახეზეა დიალოგი. სწორედ ამას ვახორციელებთ ჩვენ აქ“.

შენობის გარეშეც კი სამივე რელიგიის წარმომადგენლები პერიოდულად იკრიბებიან როგორც სასიხარულო, ასევე ტრაგიკული მოვლენების დროს, მაგალითად, როგორიც იყო თავდასხმა მუსლიმებზე ახალ ზელანდიაში, ქრისტიანებზე შრი ლანკაში, ებრაელებზე აშშ-სა და გერმანიაში.

„ჩვენ მეგობრები ვართ. ამ სივრცეში ერთად ლოცულობენ პასტორი, რაბი და იმამი“ - აღნიშნა ორს-მა. „თუმცა ექსტრემიზმს არ შეუძლია რწმენის და მშვიდობის განადგურება, მას შეუძლია მათი დაზიანება. ჩვენ აქტიურად უნდა ჩავერთოთ მშვიდობისა და რწმენის დაცვის საქმეში“.

ფართომასშტაბიანი მხარდაჭერა

პროექტმა მოიპოვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერა, ფედერალური და ბერლინის მუნიციპალური ფონდების ფინანსური მხარდაჭერის ჩათვლით. საერთო სამლოცველოს ფონდს სათავეში უდგას ბერლინის მერი მიხაელ მიულერი, მათ შორის, პროექტს მხარს უჭერენ ცნობილი პოლიტიკური ლიდერები და სხვადასხვა ორგანიზაციების მეთაურები. გავლენიან პოლიტიკოსებს შორის არის ვოლფგანგ შობლე, გერმანიის პარლამენტის სპიკერი კონსერვატიული პარტიიდან. იგი დაესწრება სალოცავის ფუნდამენტის ჩაყრას, სადაც გამოვა სიტყვით.

ღონისძიებას დაესწრება უცხოელი აუდიტორიაც. მათ შორის, აზზა ქარამ - ნიუ იორკის ორგანიზაცია „რელიგიები მშვიდობისათვის“ გენერალური დირექტორი, რომელიც წარსდგება სიტყვით. ღონისძიებაში ასევე ჩაერთვებიან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან და საქართველოდან, სადაც მიმდინარეობს მსგავსი პროექტების განხორციელება.

წყარო: https://amp.dw.com/en/house-of-one-berlin-lays-cornerstone-for-a-place-for-religious-understanding/a-57670772?__twitter_impression=true

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა