პარლამენტმა „მეწარმეთა შესახებ“ კანონპროექტი მიიღო

პარლამენტმა 82-ხმით, ერთხმად „მეწარმეთა შესახებ“ კანონპროექტი მიიღო.„მეწარმეთა შესახებ“ პროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ინიციატივები პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს.

„მეწარმეთა შესახებ“ კანონპროექტი კომპანიების პარტნიორებს შორის ურთიერთობებს ახლებურად აწესრიგებს. დოკუმენტით რეგულირდება სამეწარმეო საზოგადოებების დაფუძნების, რეორგანიზაციის, ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის საკითხები, პარტნიორთა კრების კომპეტენცია, სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილებები, კეთილსინდისიერების, კონკურენციის, საჯარო რესსტრის საჯაროობის საკითხები.

კანონპროექტს შემოაქვს მარეგისტრირებელი ორგანოს ელექტრონული პორტალის, როგორც ერთიანი ელექტრონული სივრცის, ცნება, რომლითაც მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის პროცესში წარდგენილი დოკუმენტების გასაჯაროება ხდება. თავის მხრივ, სამეწარმეო საზოგადოება კანონით ხდება ვალდებული ინფორმაცია გამოაქვეყნოს.

კანონპროექტში მოცემულია საფირმო სახელწოდების შერჩევისა და გამოყენების პრინციპი. მოქმედ კანონში არსებული რეგულაციებისგან განსხვავებით, კანონპროექტი ადგენს, რომ როგორც ინდივიდუალური მეწარმის, ისე ყველა სამეწარმეო საზოგადოების საფირმო სახელწოდება შესაძლოა იყოს ფანტაზიის ნაყოფი და სავალდებულოდ არ შეიცავდეს ინდმეწარმის ან პერსონალურად პასუხისმგებელი პარტნიორის სახელს. ამასთან, პროექტი აწესებს საფირმო სახელწოდების ქართულ ენაზე გამოსახვის ვალდებულებას.

კანონპროექტი აწესებს იმ მინიმალური ინფორმაციის სტანდარტს, რომელიც საქმიან წერილზე და საზოგადოების ვებ-გვერდზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა იქნეს დატანილი. ეს ნორმა ასევე მიუთითებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსზე, რომელმაც აღნიშნული მოთხოვნის დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა უნდა დაადგინოს.

ხელმძღვანელი ორგანოს წევრის დანიშვნის ჩვეულებრივ წესთან ერთად, კანონპროექტი ითვალისწინებს პარტნიორის განცხადების საფუძველზე ხელმძღვანელის დანიშვნას სასამართლოს მიერ, თუკი საზოგადოების პარტნიორებს შორის არსებული გამოუვალი სიტუაციის ან სხვა გარემოების გამო, თავად პარტნიორები ვერ ნიშნავენ ხელმძღვანელი ორგანოს წევრს.

კანონპროექტი აწესრიგებს ხელმძღვანელი ორგანოს წევრთა კორპორატიულ მოვალეობებს, კერძოდ გათვალისწინებულია კეთილსინდისიერების მოვალეობა, კეთილსინდისიერების ვალდებულების დარღვევა წარმოშობს საზოგადოების მხრიდან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.

ამასთან, პროექტი აწესრიგებს კონკურენციის აკრძალვას, რომელიც ხელმძღვანელი ორგანოს წევრს უკრძალავს სამეწარმეო საზოგადოების თანხმობის გარეშე იგივე საქმიანობის განხორციელებას, რომელსაც ეწევა სამეწარმეო საზოგადოება, ასევე უკრძალავს, იყოს მსგავს სფეროში მოქმედი სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი პირი. კონკურენციის აკრძალვის წესის დარღვევა წარმოშობს საზოგადოების მხრიდან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის, ან დადებული გარიგებიდან მიღებული ან მისაღები სარგებლის დათმობის უფლებას.

კანონპროექტით რეგულირდება ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მოვალეობა, როგორც ხელმძღვანელი ორგანოს წევრის მიერ საზოგადოების შესაბამისი ორგანოსათვის ისეთი გარიგების შესახებ შეტყობინების ვალდებულება, რომელშიც ის დაინტერესებულ პირს წარმოადგენს. ამ წესის დარღვევა წარმოშობს საზოგადოების მხრიდან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.

კანონპროექტი განსაზღვრავს სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილებებსაც. კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ხელმძღვანელი ორგანოსგან სააქციო საზოგადოების საქმიანობის ანგარიში; გამოითხოვოს, განიხილოს, შეამოწმოს და შეისწავლოს სააქციო საზოგადოების საქმიანი დოკუმენტაცია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა