ჯაკომო კანეპა - მჯერა, საქართველოს აქვს ყველანაირი რესურსი რეგიონში ერთ-ერთმა პირველმა დაძლიოს პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეები და განვითარების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს

პერუს მსხვილი საინვესტიციო კორპორაციის Capital Tech-ის გენერალურმა დირექტორმა ჯიაკომო კანეპამ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძესთან და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორთან მიხეილ ხიდურელთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრის შემდეგ ჯიაკომო კანეპამ განაცხადა, რომ საქართველოში უზარმაზარი შესაძლებლობებია.

„საქართველოსა და მის კულტურაზე მეგობრისგან შევიტყვე, თუმცა როდესაც ჩამოვედი და უკეთ გავიცანი თქვენი ქვეყანა, ვნახე, რომ ის გამოირჩევა ასევე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნეს გარემოთი და ლიბერალური საგადასახადო რეჟიმით. ცალკე გამოვყოთ ბიზნესის და ინვესტიციების მხარდაჭერის მიზნით შექმნილ ისეთ პროგრამებს, როგორიცაა „აწარმოე საქართველოში". საქართველოში უზარმაზარი შესაძლებლობებია და ის ბიზნესის კეთების განსაკუთრებული სიმარტივით გამოირჩევა", - განაცხადა ჯიაკომო კანეპამ.

Capital Tech-ის გენერალური დირექტორის განცხადებით, მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც საქართველოს მთავრობა პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური გამოწვევების დაძლევისა და დაზარალებული ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით ახორციელებს.

„მჯერა, რომ საქართველოს აქვს ყველანაირი რესურსი და შესაძლებლობა, რეგიონში ერთ-ერთმა პირველმა დაძლიოს პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეები და ეკონომიკის განვითარების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს”, - განაცხადა კანეპამ.

მან აღნიშნა, რომ მისი კორპორაცია საქართველოში თერმოქაღალდის წარმოების გახსნას და 2 მლნ აშშ დოლარამდე ინვესტიციის განხორციელებას განიხილავს.

“აღნიშნული პროდუქცია მოთხოვნადია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. დღეს თქვენი ქვეყანა თერმოქაღალდის იმპორტს ახორციელებს. საწარმოს ამოქმედებით არა მხოლოდ იმპორტს ნაწილობრივ ჩავანაცვლებთ, არამედ პროდუქციას ექსპორტზეც გავიტანთ. ასევე განვიხილავთ ინვესტიციების ეკონომიკის სხვა სექტორებში განხორციელების შესაძლებლობას", - განაცხადა ჯიაკომო კანეპამ.

მისი თქმით, დიდ შესაძლებლობებს იძლევა ასევე ევროკავშირთან, ჩინეთთან და სხვა დიდ ბაზრებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების არსებობა.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ Capital Tech ერთ-ერთი მსხვილი ბიზნეს ჯგუფია პერუში და წარმოდგენილია უძრავი ქონების, სასტუმრო ბიზნესისა და სხვა ტურისტულ მიმართულებებში. ბიზნეს ჯგუფს ინვესტიციები აქვს განხორციელებული ლათინური ამერიკის, აშშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნებში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო