ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობის“ მიერ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი ნიშნავს, რომ პატივს არ სცემენ სახელმწიფო ინსტიტუტებს და საერთაშორისო პარტნიორებს - ამ გადაწყვეტილებას თავისი ლოგიკური შედეგები ექნება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს გონივრულ ვადაში არ მოაწერს, პარტიის წევრები მონაწილეობას ვერ მიიღებენ ვერც ერთი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, რომელიც მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მოსამზადებლად არის შექმნილი ან მომავალში შეიქმნება.

ამასთანავე, მისი თქმით, ისინი ვერ ისარგებლებენ ვერც ერთი პრივლეგიით, რომელსაც ეს დოკუმენტი ოპოზიციური პარტიებისთვის ითვალისწინებს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ შემთხვევაშიც მოუწევს უკან დახევა და მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა.

„გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო გადაწყვეტილება შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე, პარლამენტში შემოსვლის შესახებ. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ეს გადაწყვეტილება არის მათი მარცხის საბოლოო გაფორმება. 6 თვის განმავლობაში ისინი ახორციელებდნენ საბოტაჟს ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტის წინააღმდეგ. ისინი იმუქრებოდნენ პარლამენტში არშესვლით, თუმცა, საბოლოოდ, მოუწიათ უკან დახევა და პოლიტიკური კაპიტულაციის გამოცხადება. ამ პარტიამ ვერც ერთი თავისი პირობა ვერ შეასრულა - ვერ დამიჭერთ, არ გამოვალ, შევალთ, დასრულდა დაჭერით, გამოსვლითა და შესვლით. ამას აქვს მარტივი მიზეზი, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომლის მხარეს დგას სიმართლე და ძალა, რომელიც ფართო საზოგადოებრივ მხარდაჭრას ეფუძნება. შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერი მცდელობა, დაუპირისპირდეს დემოკრატიულ სისტემას, მომავალშიც ასეთივე წარუმატებლობისთვის არის განწირული. ნათელია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შემოსვლას, პარლამენტის ფუნქციონირებისთვის არავითარი ღირებულება არ აქვს.

ამ პოლიტიკურ ძალას არ აქვს არავითარი რესურსი, დემოკრატიული სისტემის ფუნქციონირებაში, რაიმე დადებითი წვლილი შეიტანოს. იმ პირობებში კი, როდესაც ისინი პარლამენტში შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე შემოდიან, პარლამენტში მათ ყოფნას არავითარი ფორმალური ფასიც კი არ აქვს. მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი ნიშნავს, რომ ეს პარტია კვლავაც არ აღიარებს და კვლავ პატივს არ სცემს სახელმწიფო ინსტიტუტებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. შესაბამისად, მათ ამ გადაწყვეტილებას უსათუოდ თავისი ლოგიკური შედეგები ექნება,“- განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა