ქუთაისში არსებული „ონკოლოგიის ცენტრი“ „კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი“ გახდა

ქუთაისში არსებული საქართველოს ერთ-ერთი მძლავრი ონკოლოგიის ცენტრი ახალი ბრენდით - კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრის სახელით განაგრძობს ფუნქციონირებას. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევექსიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქუთაისში, ჯავახიშვილის ქ. N85-ში მდებარე უმსხვილესი ონკოლოგიის ცენტრის რებრენდინგი ჩიკაგოში მოღვაწე რადიაციული ონკოლოგის, კრისტინა კილის სახელს უკავშირდება. ის კლინიკის განვითარებაში ცენტრის დაარსებიდან აქტიურად არის ჩართული. კრისტინა კილი ყოველდღიურ რეჟიმში ქართველ კოლეგებთან ერთად განიხილავს პაციენტების მკურნალობის გეგმას. ქუთაისში წელიწადში რამდენჯერმე ჩამოდის და საერთაშორისო გამოცდილებას ქართველ ექიმებს ადგილზე მუდმივად უზიარებს.

პროფესორ კრისტინა კილს აშშ-ში რადიაციულ ონკოლოგად მუშაობის 40-წლიანი გამოცდილება აქვს. ის არის აშშ-ის რადიაციული ონკოლოგიის ექსპერტთა საბჭოს წევრი, ამერიკის ონკოლოგთა ასოციაციის (ASCO) საბჭოს წევრი, ამერიკის ნაციონალური სიმსივნის ქსელის (NCCN) კომიტეტის წევრი და რადიაციული ონკოლოგიის მიმართულების კონსულტანტი. პროფესორი კრისტინა კილი მრავალი სამეცნიერო კვლევისა და ნაშრომის ავტორია.

კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი ნებისმიერ ონკოლოგიურ პაციენტს აძლევს შესაძლებლობას, ჩვენების მიხედვით ერთ სივრცეში ჩაიტაროს შესაბამისი სრული ონკოლოგიური კვლევა და მკურნალობის კურსი ადგილობრივი და საზღვარგარეთ მოღვაწე ექიმების ჩართულობით გაიაროს. ჰოსპიტალში დამონტაჟებულია ორი სხივური ამაჩქარებელი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, რთულად მისადგომი სიმსივნურად დაზიანებული უბნები მიზნობრივად დასხივდეს. სხივური თერაპიის მიმართულებით ცენტრის ყოველდღიურ საქმიანობაში აქტიურად არის ჩართული ჩიკაგოში მოღვაწე რადიაციული თერაპიის სამედიცინო ფიზიკოსი, გოჩა ხელაშვილი.

აღსანიშნავია, რომ კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს „ევექსი“ ჰოსპიტლების ონკოლოგია/ჰემატოლოგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოსთან (clinical board), რომლის თავმჯდომარე დანიაში მოღვაწე ონკოლოგი, ზაზა უჯმაჯურიძეა. კლინიკური ბორდები საქართველოსა და საზღვარგარეთ მოღვაწე წარმატებულ ქართველ ექიმებს აერთიანებს და სხვა მნიშვნელოვან ფუნქციებთან ერთად, რთული სამედიცინო შემთხვევების განხილვასა და უახლესი პროტოკოლების გათვალისწინებით მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრას უზრუნველყოფს.

კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი უზრუნველყოფს როგორც სრულ სამედიცინო სერვისს, ასევე - ლოჯისტიკურ დეტალებს, მათ შორის სხვა ქალაქიდან თუ ქვეყნიდან სამკურნალოდ ჩამოსული პაციენტებისთვის შესაბამისად აღჭურვილ სასტუმრო ნომრებს. განსაკუთრებული საჭიროების მქონე სხივური თერაპიით მოსარგებლე პაციენტებს საშუალება ექნებათ, უფასოდ განთავსდნენ სამედიცინო ცენტრის ბაზაზე არსებულ სასტუმროს ნომრებში.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა