ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ფაიზერის“ ვაქცინები შემოტანის შემდეგ რეგიონებშიც ხელმისაწვდომი იქნება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ფაიზერის“ ვაქცინები შემოტანის შემდეგ რეგიონებშიც ხელმისაწვდომი იქნება.

როგორც ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე აღნიშნა, მესამე კვარტლიდან „ფაიზერის“ ვაქცინა ქვეყანაში ეტაპობრივად შემოვა.

„ყველგან იქნება ხელმისაწვდომი „ფაიზერის“ ვაქცინები. შენახვის საშუალებები საქართველოში გასული წლის დეკემბერთან შედარებით გაზრდილია. -80-გრადუსიანი სამაცივრე დანადგარები გარდა თბილისის, ქუთაისის და ბათუმისა გვაქვს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონშიც. ამავე დროს, „ფაიზერმაც“, ევროპის წამლის სააგენტომაც შეცვალა „ფაიზერის“ შენახვის პირობების რეკომენდაცია. თუ შეიძლებოდა -80-დან გალღობის შემდეგ მხოლოდ 5 დღით „ფაიზერის“ ვაქცინის შენახვა 2-8 გრადუსის ტემპერატურაზე, დღეს ეს გახანგრძლივებულია 30 გრადუსამდე, ამიტომ ლოჯისტიკის აწყობა თავისუფლად შესაძლებელია. ჩვენ სპეციალურ პროგრამაზე ვმუშაობთ. „ფაიზერის“ ამ მილიონ დოზას, რომელიც მესამე კვარტალში უნდა ჩამოვიდეს, ქვეყანა შეხვდეს სრულად მომზადებული ლოჯისტიკის თვალსაზრისით“, - განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება 12 წლის ასაკიდან „ფაიზერის“ ვაქცინით მოზარდების აცრას, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ დოზების შემოტანამდე საქართველო საკუთარ პოზიციას ჩამოაყალიბებს.

„თუ ფაიზერი“ შემოვა მესამე კვარტალში ალბათ ის ეტაპობრივად შემოვა, მანამდე ჯერ კიდევ დაგროვდება მონაცემები. 16 წლის ზემოთ „ფაიზერი“ დაშვებულია. 12 წლის ასაკში „ფაიზერით“ ვაქცინაცია დაუშვა კანადამ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ. მაგრამ ბევრი ქვეყანა ფიქრობს ბავშვების აცრასთან დაკავშირებით. არის ორნაირი შეხედულება, რომელზეც ერთიანი ჩამოყალიბებული აზრი არ არსებობს. უმრავლესობა ფიქრობს, რომ ბავშვთა აცრები აუცილებელი იქნება პანდემიის სრულად დასრულებისთვის. თუ ინფიცირდებიან, კი, იოლად გადააქვთ დაავადება, მაგრამ ისინი არიან ამავე დროს სერიოზული გამავრცელებლები. ეს მიმართულება ემხრობა ბავშვების აცრას.

მეორე მოსაზრებით, თუ მოზრდილებში სერიოზულად დაგროვდა კუმულაციური იმუნიტეტი, მაშინ თავი შევიკავოთ ბავშვთა აცრებისგან, სანამ კიდევ მეტი მტკიცებულებები არ დაგროვდება ამ ვაქცინების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში. ამიტომ ვფიქრობ, სანამ „ფაიზერის“ ადმინისტრირებას დავიწყებთ, ამ მხრივ კიდევ მეტი მტკიცებულებები გვექნება. ჩვენ მივყვებით დიდი ინსტიტუციების რეკომენდაციებს, როგორიცაა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ბრიტანეთის და ევროპის მარეგულირებელი და ა.შ. შესაბამისად, ვაქცინების ჩვენი სამეცნიერო საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას მოგვიანებით. ჩემი წინასწარი მოსაზრება მაქვს, რომელსაც ვერ გავაჟღერებ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა