„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ - ამ დრომდე სახელმწიფო უწყებები შუქრუთის მოსახლეობის პრობლემებს და მოთხოვნებს სრულიად უგულვებელყოფენ

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ სახელმწიფოს შუქრუთში სამართლიანი და გამჭვირვალე სტანდარტის განსაზღვრისკენ მოუწოდებს.

როგორც „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ პროგრამის დირექტორი თათული ჭუბაბრია აღნიშნავს, დაახლოებით, სამ თვეზე მეტია, რაც მოსახლეობა სახელმწიფოსგან ყურადღებას ითხოვს, ისინი პროტესტის რადიკალურ ფორმებზე არიან გადასულები, მოშიმშილეებს შორის კი არიან ქალებიც.

მისივე თქმით, მთავრობა აღნიშნულ პრობლემაზე არ რეაგირებს.

„მთავარი შეუთანხმებლობა არის ის, რომ შუქრუთელებს მიაჩნიათ ის კომპენსირების წესი, რაც კომპანიამ განსაზღვრა, უსამართლოა, ასევე არის გაუმჭვირვალე და ცალმხრივი. ისინი მოითხოვენ მონაწილეობითი სტანდარტის განსაზღვრას, იმ მექანიზმის შემუშავებას, რომლითაც დაკმაყოფილებული იქნება ღირსეულ, სრულყოფილი გარემოში ცხოვრების უფლება",-აღნიშნავს ჭუბაბრია.

როგორც ცენტრში აღნიშნავენ, შუქრუთის მოსახლეობა წლებია მზარდი და უკონტროლო საფრთხის ქვეშ და უმძიმეს პირობებში ცხოვრობს.

მათი ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობისთვის კომპანიის მიერ მიყენებული ზიანი ვლინდება არა მხოლოდ მათ ფიზიკურ საფრთხეში, არამედ გაცილებით ფართოა და მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს ფუნდამენტურ გარდაქმნას, მათი შემოსავლის წყაროს დაკარგვას და სხვა უმწვავეს საკითხებს უკავშირდება.

„შუქრუთის მოსახლეობა მიყენებული ზიანის კომპენსაციის იმგვარი სტანდარტის განსაზღვრას ითხოვს, რომელიც მოპოვების არეალში მოქცეული მოსახლეობისთვის უსაფრთხო და ღირსეული საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფის პრინციპს დაეფუძნება. ამგვარი სტანდარტი სახელმწიფოს და დაინტერესებული მხარეების ჩართულობით და, რაც მთავარია, დაზარალებული მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით უნდა შემუშავდეს.

ადგილობრივები კი ამ ეტაპზე მიუთითებენ, რომ კომპენსირებისთვის განსაზღვურლი ახალი სტანდარტი უნდა მოიცავდეს სამოსახლოს შენარჩუნების შესაძლებლობას, ჯანსაღ და ღირსეულ გარემოში ცხოვრების უფლების აღდგენას და კომპენსაციის გაცემის დაზარალებულისთვის მისაღებ გრაფიკს. მოპოვების შეთანხმებული გეგმის და განსახლების ეროვნული, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი მექანიზმის არარსებობის პირობებში, კომპანია უხეშად არღვევს ადამიანის უფლებას სათანადო საცხოვრებელ გარემოზე და სურს, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ გარკვეული კომპენსაციის სანაცვლოდ უმოკლეს ვადაში დათმოს საკუთარი სახლ-კარი. მეორე მხრივ, არასათანადოდ განსაზღვრული კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ, კომპანია ასევე ავალდებულებს მოსახლეობას, სამომავლოდ ყველა ტიპის პროტესტის გამოხატვასა და კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების გამოყენებაზე თქვან უარი, რათა მომავალში კომპანიას მოპოვებითი საქმიანობის შეუზღუდავი გავრცობის გარანტია ჰქონდეს.

ამ დრომდე სახელმწიფო უწყებები შუქრუთის მოსახლეობის პრობლემებს და მოთხოვნებს სრულიად უგულებელყოფენ, რის გამოც პროტესტმა 30 მაისს უცხო ქვეყნის - აშშ-ის სააელჩოსთან, გადმოინაცვლა, ეროვნულ ხელისუფლებაზე ზეწოლის განხორციელების მოტივით. ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები აბსოლუტურად არ მონაწილეობენ მხარეთა მოლაპარაკებებში, არ რეაგირებენ მოსახლეობის მხრიდან მოლაპარაკებების დახურვის შესახებ გაკეთებულ განცხადებებზე და არ დგამენ ქმედით ნაბიჯებს მოსახლეობის კომპენსირებისთვის საჭირო ახალი მონაწილეობითი და გამჭვირვალე მექანიზმის შესაქმნელად.

ადგილობრივები საუბრობენ იმაზეც, რომ კომპანიის უკანონო ქმედებები, დიდწილად, ხელისუფლების მიერაც მხარდაჭერილია. მოსახლეობის დაშინების და კომპანიის წინააღმდეგ მიმართული პროტესტის ჩახშობის მიზნით, სახელმწიფო რეპრესიულ და ძალადობრივ მეთოდებს იყენებს. შესაბამისად, სახელმწიფო, არა მხოლოდ არ რეაგირებს ადგილობრივების და გარემოსთვის მიყენებული უმძიმესი ზიანის გამო “ჯორჯიან მანგანეზის” პასუხისმგებლობის დასაყენებლად, არამედ, მეტიც, მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების შელახვით, მათი სამართლიანი პროტესტის ჩახშობას ცდილობს მათ შორის საპროტესტო კარვის გაშლის ხელშეშლის გზით",-აღნიშნავენ ცენტრში.

იხილეთ ვიდეო:„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ - ამ დრომდე სახელმწიფო უწყებები შუქრუთის მოსახლეობის პრობლემებს და მოთხოვნებს სრულიად უგულვებელყოფენ

ზურაბ ბატიაშვილი - საქართველოს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირი იურიდიულად 31 წლის წინ კი დაიშალა, მაგრამ მენტალური საბჭოთა კავშირი ისევ აქაა და არსად წასულა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.08.2022
ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს