ლევან იოსელიანი - მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციის წევრებთან საარჩევნო და სასამართლო რეფორმაზე ვისაუბრე, ვუთხარი, რომ სასამართლო რეფორმის განხორციელება მარტივი არ იქნება

დელეგაციის წევრებს ვუთხარი, რომ სასამართლო რეფორმის განხორციელება არ იქნება მარტივი - „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება ამ საკითხზე ისეთი შემხვედრი არ არის, როგორიც იყო საარჩევნო რეფორმის შემთხვევაში,- ამის შესახებ "მოქალაქეების" წევრმა, ვიცე- სპიკერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

იოსელიანის თქმით, დელეგაციის წევრებმა კითხვები დასვეს სასამართლოს, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე აინტერესებდათ, პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით რა ხდება დღეს და როგორ დასრულდა ის.

"დღეს მე წამოვჭერი ორი საკითხი, რომელიც ეხებოდა საარჩევნო და სასამართლო რეფორმას. ორივე საკითხზე მივაწოდე ინფორმაცია. მოვუყევი განვლილი გზა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით და გავაცანი, როგორ წარმომიდგენია მე სასამართლო რეფორმის განხორციელება, ვუთხარი, რომ ეს არ იქნება მარტივი, რადგან ჩვენ ვხედავთ „ქართული ოცნების“ დამოკიდებულებას ამ საკითხზე, ჩემი აზრით, ის ისეთი შემხვედრი არ არის, როგორიც იყო საარჩევნო რეფორმის შემთხვევაში. ამიტომ მე მათ ავუხსენი, რომ ეს იქნება რთული. შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულია ჟან მონეს დიალოგი, სადაც ვფიქრობ, რომ ეს საკითხი შეიძლება იყოს დიალოგის ნაწილი. მათი მხრიდან რაიმე კომენტარი არ ყოფილა, ისინი, როგორც წესი, საბოლოო ჯამში ასახავენ ანგარიშში ამას,"- განაცხადა ლევამ იოსელიანმა.

ცნობისათვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაცია პარლამენტში შეხვედრებს მართავს. ისინი უკვე შეხვდნენ პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას, ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრებს. საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები ახლა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილთან მართავენ შეხვედრას, ხვალ ისინი საპარლამენტო ოპოზიციას და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეხვდებიან.

დელეგაცია საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება, ამ ხნის განმავლობაში ისინი საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მოისმენენ, რის შემდეგაც ქვეყნის შესახებ ანგარიშს მოამზადებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო