თავიდანვე რომ იმაზე მიანიშნებ, სახელმწიფო კორუფციაში ჩაფლულია, ყველაფერი დაინგრა და პერსპექტივა აღარ არსებობს კანონპროექტის მიღების გარდა, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ვისთან ერთადაც კანონი უნდა მიიღო, პრაქტიკულად მას უპირისპირდები ,- ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც არასამთავრობო სექტორმა შეიმუშავა და კორუფციასთან ბრძოლის მიზნით დამოუკიდებელი ინსტიტუტის შექმნას ითვალისწინებს.
ვოლსკი მიიჩნევს, რომ ამ თემას "ლელო" პოპულისტურად იყენებს.
"ანტიკორუფციული თემა პოპულარულია და თუ ოპოზიციაში ხარ, უნდა ისაუბრო კორუფციაზე, ეკონომიკურ-სოციალურ პრობლემებზე, მაგრამ თავიდანვე რომ იმაზე მიანიშნებ, სახელმწიფო კორუფციაში ჩაფლულია, ყველაფერი დაინგრა და პერსპექტივა აღარ არსებობს ამ კანონპროექტის მიღების გარდა, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ვისთან ერთადაც კანონი უნდა მიიღო, პრაქტიკულად მას უპირისპირდები. კანონპროექტის თემა უფრო პოპულისტურად გამოსაყენებელ მექანიზმად მესახება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა გავაანალიზოთ, რას გვეუბნებიან იმ საერთაშორისო რეიტინგებთან საპირისპიროდ, რომელიც აღიარებს, რომ საქართველო ანტიკორუფციულ საკითხებთან დაკავშირებით მოწინავე ადგილებს იკავებს", - განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისათვის, კანონპროექტს, რომელიც კორუფციასთან ბრძოლის მიზნით დამოუკიდებელი ინსტიტუტის შექმნას ითვალისწინებს, პარლამენტში "ლელო" არეგისტრირებს.