ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს შეხვდა.საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პირისპირ შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და უკრაინას შორის განსაკუთრებულ მეგობრობას და სტრატეგიულ პარტნიორობას. მხარეებმა შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარება და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

ხაზგასმით აღინიშნა ქართული მხარის პოზიცია კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი პოლიტიკის ერთგულების მიმართ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინელ კოლეგას უკრაინის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე საუბარი საქართველოსთვის და უკრაინისთვის საერთო გამოწვევას - რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებს და ოკუპაციის მძიმე შედეგებს შეეხო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინელ კოლეგასთან გამოხატა ღრმა შეშფოთება უკრაინის საზღვრებთან და დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო გააქტიურების გამო. ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინელ კოლეგას დაუდასტურა მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები, დელეგაციების მონაწილეობით, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. მხარეებმა საქართველოსა და უკრაინის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ფართოვდება და სავაჭრო ბრუნვის კიდევ უფრო გასაზრდელად, მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალის სრულად გამოყენება. ასევე, ხაზი გაესვა ტურიზმისა და ტრანსპორტის სფეროში კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებსა და ამ მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაზე. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საქართველოსა და უკრაინის თანამშრომლობას. მხარეების შეფასებით, გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოსა და სუამის ფორმატებში თანამშრომლობა ურთიერთდახმარებისა და ურთიერთმხარდაჭერის კარგი შესაძლებლობაა. გაფართოებული ფორმატის შეხვედრაში, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებთან ერთად მონაწილეობდნენ - უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მინისტრი ოლეგ ნემჩინოვი, უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრი ოლეკსანდრ ტკაჩენკო, უკრაინის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში ოლენა კოტლიაროვა, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი; ხოლო, საქართველოს მხრიდან - ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში თეიმურაზ შარაშენიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო