ლადო პაპავა - აუცილებელია შევცვალოთ ეკონომიკისადმი მიდგომა

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პროფესორ ლადო პაპავას ესაუბრა.

- ბატონო ლადო, როგორც კი ლარის დევალვაცია ოდნავ შეჩერდა, რეკორდული გაუფასურება თითქმის 20 თეთრით შემცირდა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა - „ეროვნული ბანკის ქმედებები დროული და ადეკვატური იყო, როგორც პანდემიამდე, ასევე პანდემიის დროს“.

ამავე პერიოდში ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა თქვენ არა ერთხელ გაგიკრიტიკებიათ. ახლა ეროვნული ბანკი კი აცხადებს, რომ ლარის გამყარება მის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგია.

არადა, ამის მიზეზად ექსპორტის ზრდის გარდა, დოლარის გაუფასურება, ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების სესხების მოცულობის შემცირება სახელდება.

თუ ასეა, გაუგებარია ეროვნულმა ბანკმა რატომ მაშინ არ შეამცირა რეფინსირების სესხების მოცულობა, როცა ლარის კურსი კატასტროფულად ეცემოდა?

- ლარის კურსის ბოლოდროინდელმა გამყარებამ გარკვეული პოზიტიური სიგნალი მისცა როგორც ქვეყნის მოსახლეობას, ის კომპანიებს. იმავდროულად პასუხგაუცემელი დარჩა ბევრი კითხვა.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადება იმის შესახებ, რომ „ეროვნული ბანკის ქმედებები დროული და ადეკვატური იყო, როგორც პანდემიამდე, ასევე პანდემიის დროს“, სამწუხაროდ, უფრო განმცხადებლის თვითკმაყოფილებაზე მიუთითებს, ვიდრე იმის გააზრებასა და პასუხისმგებლობის გაცნობიერებაზე, თუ რა ტიპის სირთულეების წინაშე დგას ეროვნული ბანკი.

როგორც ცნობილია, 2009 წლიდან საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა ემყარება ინფლაციის თარგეთირების რეჟიმს, როცა ამ პოლიტიკის მიზნობრივ მაჩვენებლად განისაზღვრება ეროვნული ბანკის მიერ მითითებული წლიური ინფლაციის მაჩვენებელი. როგორც ცნობილია 2019-2021 წლებისთვის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი შეადგენს 3 პროცენტს.

სინამდვილეში ინფლაციის ფაქტობრივი მაჩვენებელი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, როგორც წესი, აღემატებოდა ამ მიზნობრივ 3 პროცენტს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული უახლესი ინფორმაციის თანახმად 2021 წლის აპრილში 2020 წლის აპრილთან შედარებით ინფლაციის მაჩვენებელი შეადგენს 7,2 პროცენტს, რაც 2,4-ჯერ აღემატება მიზნობრივ მაჩვენებელს, ხოლო 2021 წლის მაისში კი 2020 წლის მაისთან შედარებით ინფლაციის მაჩვენებელი შეადგენს 7,7 პროცენტს, რაც თითქმის 2,6-ჯერ აღემატება მიზნობრივ მაჩვენებელს.

ეს კი, სულ ცოტა, იმაზე მეტყველებს, რომ ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი საქართველოში არ მუშაობს. თანაც ეს პრობლემა არ არის დაკავშირებული მხოლოდ პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან, რადგანაც ხსენებული რეჟიმი გამართულად არც პანდემიის დაწყებამდე მუშაობდა!

თავის მხრივ, ეროვნული ბანკის ინფლაციის თარგეთირების რეჟიმში „ჩაციკლული“ ხელმძღვანელობა უკვე არაერთი წელია ურცხვად აცხადებს, რომ ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი არ არის მისი პასუხისმგებლობის სფერო. გამოდის, რომ ლარის „მშობელი“ ინსტიტუცია მასზე უარს აცხადებს და მას უპატრონოდ ტოვებს...

ეროვნული ბანკის ინფლაციის თარგეთირების რეჟიმში „ჩაციკლული“ ხელმძღვანელობა უკვე არაერთი წელია ურცხვად აცხადებს, რომ ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი არ არის მისი პასუხისმგებლობის სფერო. გამოდის, რომ ლარის „მშობელი“ ინსტიტუცია მასზე უარს აცხადებს და მას უპატრონოდ ტოვებს

აქედან გამომდინარე გაუგებარია, თუ ეროვნული ბანკის ხლმძღვანელს რისი თქმა უნდოდა ამ ფრაზით - „ეროვნული ბანკის ქმედებები დროული და ადეკვატური იყო, როგორც პანდემიამდე, ასევე პანდემიის დროს“, იმის რომ კარგად არეგულირა (შეგახსენებთ, რომ 2020 წლის მარტიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით ეროვნულმა ბანკმა დაიწყო სავალუტო ინტერვენციების განხორციელება) ან არ არეგულირა ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი, თუ შეძლო ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლთან თუნდაც მიახლოებულ ინფლაციის ფაქტობრივ მაჩვენებელზე გასვლა?

თეორიულადაც დამტკიცებულია და საქართველოს მაგალითიც თვალნათლივ ცხადყოფს, რომ იმპორტდამოკიდებულ ქვეყანაში ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი არ მუშაობს, რომ ხარჯების ზრდით გამოწვეული ინფლაციის, უმთავრესად ხომ ესაა საქართველოში ინფლაციის გამომწვევი მიზეზი, რეგულირების მექანიზმი ცენტრალურ ბანკს, როგორც ასეთს, საერთოდ არ გააჩნია.

ეკონომიკის სამინისტროში ნამდვილად არის ის კომპეტენტური ბირთვი, რომელსაც შესწევს ძალა მოამზადოს ყოველმხრივ დასაბუთებული ახსნა იმისა, თუ კონკრეტულად რით, რომელი ფაქტორებით და რატომ ჰქონდა ადგილი ამგვარ ეკონომიკურ ზრდას

- რამოდენიმე დღის წინ სტატისტიკურმა დეპარტამენტმა გაგვახარა. როგორც აღმოჩნდა, 2020 წლის აპრილთან შედარებით 2021 წლის აპრილში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 44, 8%-ით დაფიქსირდა.

იმავე მონაცემებით, 2021 წლის პირველი 4 თვის საშუალო მაჩვენებელი 8,1%-ით გაზრდილა. მეტიც ამავე პერიოდში ექსპორტმა 19,6%-ს მიაღწია, იმპორტი 10%-ით გაზრდილა. საგარეო ვაჭრობის ბრუნვა კი 12%-ით.

ამ თემაზე ბევრი ხმამაღალი ყიჟინა იყო. შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარები აშკარად გადაჭარბებულად მომეჩვენა. უფრო სწორად, ჯერ არ ჩანს, რომ ამ თვალსაზრისით დამშვიდება-დაწყნარების საფუძველი გვქონდეს.

თქვენ როგორ შეაფასებდით ხსენებულ მაჩვენებლებს? რამ გამოიწვია ეს მონაცემები, თუ რა თქმა უნდა, ისინი რეალობას შეესაბამება?

- თავიდან ტერმინოლოგიურ საკითხზე მინდა შევაჩერო ყურადღება. კერძოდ, ტერმინი „მთლიანი შიდა პროდუქტი“ გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ქართულში რუსული ენის ზეგავლენით იქნა შემოღებული (რუსულად ეს ტერმინია «Валовой внутренний продукт»), თუმცა ინგლისურიდან ტერმინ „Gross Domestic Product“-ის ქართული შესატყვისია „მთლიანი სამამულო პროდუქტი“, რისი გამოყენების ინიციატორიც ჩემთან ერთად გახლავთ ჩემი კოლეგა ავთანდილ სილაგაძე.

საყურადღებოა, რომ ჩვენ ამ ინიციატივას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ცალკეულმა თანამშრომელმა და ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭომ. ამიტომ, თქვენი ნებართვით, მცდარი „მთლიანი შიდა პროდუქტის“ ტერმინის ნაცვლად გამოვიყენებ ტერმინს - „მთლიანი სამამულო პროდუქტი“.

ის, რომ საქართველოს ეკონომიკა 2021 წლის აპრილში 2020 წლის აპრილთან შედარებით გაიზრდებოდა ეს სულაც არ უნდა ყოფილიყო მოულოდნელი, რადგანაც შარშან აპრილში თითქმის ყველა ეკონომიკური საქმიანობა იყო შეჩერებული, ხოლო წელს აშკარად უკეთესი მდგომარეობა გვქონდა. გასაკვირია მთლიანი სამამულო პროდუქტის ზრდის ძალიან მაღალი, თითქმის 45 პროცენტიანი მაჩვენებელი.

ამას კი ნამდვილად ახსნა ესაჭიროება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურს შეუძლია დათვალოს ან თუნდაც ირიბად შეაფასოს ესა თუ ის ეკონომიკური მაჩვენებელი, მიუთითოს იმაზე, თუ ამ მაჩვენებლის რომელ კომპონენტს რა როლი ჰქონდა საბოლოო განმაზოგადებელი მაჩვენებლის ფორმირებაში, მაგრამ იმის ახსნა, თუ, კონკრეტულად, რამ განაპირობა მოცემული მაჩვენებლის დონე, ამას ეს სამსახური ვერ შეძლებს, ეს არ არის მისი კომპეტენცია. აუცილებელია შესაბამისად დასაბულთებული ახსნა გააცნოს საზოგადოებას ეკონომიკის სამინისტრომ.

ეკონომიკის სამინისტროში ნამდვილად არის ის კომპეტენტური ბირთვი, რომელსაც შესწევს ძალა მოამზადოს ყოველმხრივ დასაბუთებული ახსნა იმისა, თუ კონკრეტულად რით, რომელი ფაქტორებით და რატომ ჰქონდა ადგილი ამგვარ ეკონომიკურ ზრდას.

სამწუხაროდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურს არ გაუკეთებია რაიმე კომენტარი იმის შესახებ, თუ როგორ იქნა გაანგარიშებული მთლიან სამამულო პროდუქტის დეფლატორი, როცა დაფიქსირდა აშკარად მოულოდნელი და ძალზედ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი...

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სტატისტიკის სამსახურმა გამოაქვეყნა ეკონომიკური ზრდის წისასწარი შეფასება, რაც აუცილებლად იქნება მომავალში დაზუსტებული.

აქვე ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა გაითვლება მთლიანი სამამულო პროდუქტის ბაზაზე. თუმცა, ეს მაჩვენებელი, სულაც არ ასახავს ქვეყნის არც ეკონომიკურ განვითარებას და არც მისი მოსახლეობის კეთილდღეობას.

ასე მაგალითად, რაც მეტი ავადმყოფი და გარდაცვლილი ადამიანი ეყოლება ამა თუ იმ ქვეყანას, მით მეტი იქნება მთლიანი სამამულო პროდუქტი, რადგანაც გაიზრდება სამედიცინო სექტორზე და სარიტუალო მომსახურებაზე გაწეული ხარჯები, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს ამ ქვეყნის არც ეკონომიკურ განვითარებას და არც მისი მოსახლეობის კეთილდღეობას.

არის კიდევ ერთი წმინდა სტატისტიკური სპეციფიკა. კერძოდ, მთლიანი სამამულო პროდუქტი კორექტულია გაითვალოს წლიურ და არა თვიურ, თუ კვარტალურ განზომილებაში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სტატისტიკურად ბევრად უფრო კორექტული, ხოლო ეკონომიკურად ბევრად უფრო საინტერესო იქნებოდა 2021 წლის აპრილში დაფიქსირებული წლიური (და არა თვიური) მთლიანი სამამულო პროდუქტის შედარება 2020 წლის აპრილში დაფიქსირებულ წლიურ (და არა თვიურ) მთლიან სამამულო პროდუქტთან.

ასეთი ინფორმაცია ბევრად უფრო სანდო იქნებოდა ეკონომიკური ზრდის შესაფასებლად. სამწუხაროდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახური ამ ტიპის გაანგარიშებებს ჯერ-ჯერობით არ აწარმოებს...

- დამკვირვებელთა ნაწილი მიმდინარე წლის აპრილში ეკონომიკის ზრდის თითქმის 45%-იან ზრდას ანომალიურ მოვლენად აფასებს, რომელიც დეტალურ განმარტებას მოითხოვს.

მათი მტკიცებით, ტურიზმისა და მომსახურების სფეროების სრული კოლაფსის პირობებში მსგავსი შედეგი არაეალისტურია, შესაბამისად, გასარკვევია რამდენად სწორად იყო გაანგარიშებული ე.წ. მშპ-ს დეფლატორი, ანუ კოეფიციენტი, რომელიც ამცირებს მას ინფლაციის გამო.

ფაქტია, რომ ამავე 2020 წლის აპრილსა და 2021 წლის აპრილის პერიოდებში ინფლაციის დონე საკმაოდ მაღალი იყო.

რამდენად შეიძლება ყოფილიყო დამოკიდებული 44,8%-იანი ზრდა არასწორ გაანგარიშებაზე, მშპ-ს დეფლატორზე, ანუ კოეფიციენტზე, რომელიც ამცირებს მას ინფლაციის გამო?

- ეკონომიკური ზრდის შესაფასებლად შესადარი წლის მთლიანი სამამულო პროდუქტი გაიანგარიშება ბაზისური წლის ფასებში, რათა გამოირცხოს ფასების ზრდის ზეგავლენა ეკონომიკურ ზრდაზე. შესადარი წლის მთლიან სამამულო პროდუქტს, რომელიც გაანგარიშებულია ბაზისური წლის ფასებში ეწოდება რეალური მთლიანი სამამულო პროდუქტი, და მისი გაყოფით ბაზისური წლის მთლიან სამამულო პროდუქტზე გაიანგარიშება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი.

ტექნიკურად ამ გაანგარიშების ჩასატარებლად გამოიყენება მთლიან სამამულო პროდუქტის დეფლატორი, რომელიც ახასიათებს ამ პროდუქტში შესული საქონლის და მომსახურების ფასების ცვლილების დონეს.

სამწუხაროდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურს არ გაუკეთებია რაიმე კომენტარი იმის შესახებ, თუ როგორ იქნა გაანგარიშებული მთლიან სამამულო პროდუქტის დეფლატორი, როცა დაფიქსირდა აშკარად მოულოდნელი და ძალზედ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი...

დღემდე არ ვიცით მოამზადა თუ არა ცნობილ უცხოელ ეკონომისტთა ჯგუფმა საქართველოს პოსტკრიზისული ეკონომიკური რაიმე პროგრამა, და, თუ მოამზადა, მაშინ რა წერია ამ დოკუმენტში?

- თქვენ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში მანამდეც გითქვამთ, რომ მთლიანობაში საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას პანდემიის პირობებში დადებითად აფასებდით, მაგრამ იმავდროულად ასევე ბევრჯერ გითქვამთ - ჩვენ დღეს ვიმკით იმ შეცდომებს, რაც დაშვებული იქნა წლების განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკის რეალური სექტორის განუვითარებლობის გამო.

როგორც კი პანდემია დაიწყო და მსოფლიოს დიდი ეკონომიკები რეცესიაში აღმოჩდნენ, ჩვენში რეალური ადგილობრივი წარმოებებისათვის ხელშეწყობაზე ბევრი ითქვა და დაიწერა. მეტიც, ხშირად უსაუბრიათ იმაზე, რომ პანდემია პრობლემაც იყო, მაგრამ ვითარების გამოსწორების შესაძლებლობაც.

შესაძლებლობის გამოყენების თვალსაზრისით, ხელისუფლებამ რა კონკრეტული და რამდენად შედეგიანი ნაბიჯები გადადგა ბევრი არც არაფერი ვიცით. არადა რეალურმა ეკონომიკამ უნდა უზრუნველყოს უახლოეს მომავალში როგორც ეკონომიკური ზრდა, ისე ბიუჯეტის შემოსავლები.

პანდემიის პირობებში ხელისუფლებამ რა ეფექტიანი ნაბიჯები გადადგა რეალური ეკონომიკის განვითარებისთვის და სავარაუდოდ, როგორია ამ ნაბიჯების კონკრეტული შედეგები?

- დღესაც ვთვლი, რომ პანდემიის პირობებში საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ეკონომიკური ნაბიჯები იყო სწორი: როცა არ იცი, თუ კორონავირუსის სახით რასთან გაქვს საქმე, როცა არ იცი, თუ როდის დაამარცხებს მედიცინა ამ ვირუსს, ბუნებრივია, რომ ყველაზე ადეკვატური ეკონომიკური ნაბიჯები უნდა იყოს ფრთხილი და ზომიერი.

დღეს, პანდემიის დაწყებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ მთავრობამაც და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საზოგადოებამაც ისწავლა კორონავირუსთან ერთად თანაარსებობა, რამაც ბევრად უფრო თამამი გახადა მთავრობა ეკონომიკის გახსნასთან დაკავშირებით.

თანაც ისიც გასათვალისწინებელია, რომ დაწყებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი, რაც პანდემიის დაძლევის პოზიტიურ მოლოდინს აშკარად აძლიერებს.

2020 წლის გაზაფხულზე საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ საქართველოს პოსტკრიზისულ ეკონომიკურ პროგრამას ამუშავებდა ბრიტანელ ეკონომისტთა ჯგუფი ცნობილი კორეელი ეკონომისტის, კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორ ჰა-ჯუნ ჩანგის ხელმძღვანელობით, და, რომ ეს პროგრამა მზად უნდა ყოფილიყო 2020 წლის შემოდგომისთვის.

სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის ეს დანაპირები არც არავის გახსენებია და დღემდე არ ვიცით მოამზადა თუ არა ცნობილ უცხოელ ეკონომისტთა ჯგუფმა საქართველოს პოსტკრიზისული ეკონომიკური რაიმე პროგრამა, და, თუ მოამზადა, მაშინ რა წერია ამ დოკუმენტში?

აღებული საგარეო ვალის გამოყენების შესწავლის საკითხი პოსტპანდემიურ პერიოდში აუცილებლად იქნება ძალზედ მნიშვნელოვანი

საქართველოს ეკონომიკური მომავლისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკის რეალური სექტორის (მრეწველობა, სოფლის მეურნეობა და სხვ.) განვითარებას, რომელიც დღემდე, სამწუხაროდ, არადამაკმაყოფილებელ დონეზეა.

აქ ყველაზე დიდი მოლოდინი უკავშირდება სოფლის მეურნეობას და კვების მრეწველობას, რადგანაც ეკონომიკის რეალური სექტორის ამ დარგებში ყველაზე სწრაფადაა შესაძლებელი ხელშესახები შედეგების მიღება. აშკარაა, რომ მეტი გააქტიურება მოეთხოვება საქართველოს სოფლის მეურნეობის ხელმძღვანელ უწყებებს...

- დამკვირვებელთა ნაწილი შენიშნავს, რომ ხელისუფლებამ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა მშენებლების, კერძოდ დეველოპერების, ასევე სასტუმროებისა და რესტორნების სასარგებლოდ.

რამდენად შეგიძლიათ თქვათ, რომ ეკონომიკის მხარდაჭერისა და განვითარებისთვის აღებული ვალები გააზრებულად დაიხარჯა?

- საქართველოს მთავრობის მიერ აღებული საგარეო ვალის გამოყენება ყოველთვის იყო და იქნება შესწავლის მნიშვნელოვანი საგანი. სამწუხაროდ, სხვადასხვა დროს აღებული აღებული ზოგიერთი საგარეო ვალის გამოყენების მიზნობრიობა და ეფექტიანობა დღემდე ბუნდოვანი რჩება.

ასე მაგალითად, გასული საუკუნის 90-იან წლებში თურქეთიდან აღებული 50 მილიონი დოლარის ვალის გამოყენების საკითხები დღემდა არ არის ბოლომდე შესწავლილი.

კიდევ უფრო მწვავე თემაა 2008 წლის აპრილში ნახევარი მილიარდის დოლარის ევროობლიგაციების გამოშვების მიზანშეწონილობის და ხარჯვის მიზნობრიობის საკითხი, რაც დღემდე ბურუსითაა მოცული.

ცოდნაზე დაუძნებული ეკონომიკის“ მოდელზე გადასვლის გარეშე საქართველოს ეკონომიკას წარმატებული მომავალი უბრალოდ ვერ ექნება, და დავრჩებით დღევანდელი ე.წ. „ეკონომიკური გადარჩენის“ მოდელის ამარა...

პანდემიის გამო გაჩერებული ეკონომიკის პირობებში საქართველოს მთავრობის მიერ აღებულ საგარეო ვალს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჯანდაცვაში გასაწევი გაზრდილი ხარჯების დასაფინანსებლად, შეჭირვებული მოსახლეობის სოციალური დახმარებისთვის და ეკონომიკური სირთულეების წინაშე მყოფი კომპანიების ფინანსური მდგომარეობის შემსუბუქებისთვის.

აღებული საგარეო ვალის გამოყენების შესწავლის საკითხი პოსტპანდემიურ პერიოდში აუცილებლად იქნება ძალზედ მნიშვნელოვანი.

- თქვენზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული ეკონომიკის რომელი სექტორების განვითარებისთვის არ დაინანებდით თანხებს, რაზეც ხელისუფლებას არ უზრუნია?

- ეს უწინარეს ყოვლისა სოფლის მეურნეობა და მასთან დაკავშირებული კვების მრეწველობაა.

განსაკუთრებით პრიორიტეტულად ვაქცევდი საქართველოს „ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის“ მოდელზე გადაყვანას. ამ მიზნით გავზრდიდი მეცნიერების, განსაკუთრებით, ფიზიკის, მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერებების, ქიმიის, ბიოლოგიის, ფარმაკოლოგიის და ა.შ. მიმართულებების დაფინანსებას. სახელმწიფო უნივერსიტეტებს გადავიყვანდი საბიუჯეტო დაფინანსებაზე, მაგისტრატურაში და დოქტორანტურაში სწავლებას „საღამოს დასწრებულის“ ფორმიდან გადავიყვანდი „დღის დასწრებულის“ ფორმაზე, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საუკეთესო სტუდენტებს, ისევე როგორც ყველა დოქტორანტს მივცემდი ადეკვატურ სტიპენდიას, აღვადგენდი საჯარო სკოლის დამამთავრებელ სახელმწიფო გამოცდებს, მეთორმეტე კლასში შემოვიღებდი სრულფასოვან სასწავლო დატვირთვას და ა.შ.

ეს მხოლოდ მცირედი და თანაც ზედაპირული ჩამონათვალია იმისა რასაც გავაკეთებდი. ღრმად მჯერა იმის, რომ „ცოდნაზე დაუძნებული ეკონომიკის“ მოდელზე გადასვლის გარეშე საქართველოს ეკონომიკას წარმატებული მომავალი უბრალოდ ვერ ექნება, და დავრჩებით დღევანდელი ე.წ. „ეკონომიკური გადარჩენის“ მოდელის ამარა...

აშკარაა, რომ ბუნებრივი აირის გაძვირება ჯაჭვური რეაქციით გამოიწვევს ყველა იმ პროდუქტის გაძვირებას, რომლის წარმოების პროცესშიც ეს აირი გამოიყენება. აი სწორედ ამ ტიპის ფაქტორებს არ ითვალისწინებს საქართველოს ეროვნული ბანკი, რომელიც ჯიუტად ინარჩუნებს ინფლაციის თარგეთირების რეჟიმს

- ფინანსთა მინისტრმა გაგვახარა - განახლებული პროგნოზის შესაბამისად 2021 წელს ეკონომკიკური ზრდა 6,5% იქნებაო.

კარგია თუ ეს პროგნოზი გამართლდა. მაგრამ ვიცით, რომ სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ორნიშნა უნდა იყოს. თქვენი დაკვირვებით რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის პროგნოზი გამართლდეს და შანსები გვაქვს, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ორნიშნა გავხადოთ?

- ამ საკითხში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენად გახდება შესაძლებელი უახლოეს პერიოდში დაძლეულ იქნეს კორონავირუსის გავრცელება, ანუ როდის დასრულდება პანდემია.

ოპტიმისტური პროგნოზის შემთხვევაში ვიზიარებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის პოზიციას. თუმცა, არც ისაა გამოსარიცხი, რომ ვაქცინაციის არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, როგორც გლობალურ მასშტაბში პანდემიის, ისე საქართველოში ეპიდემიის დასრულების ვადები გახანგრძლივდეს...

- თბილისის მოსახლეობას ბუნებრივი აირის ტარიფი 8 თეთრით გაეზარდა. თქვენი აზრით რა გავლენას იქონიებს გაზზე 8 თეთრიანი ზრდა ერთი მხრივ ეკონომიკაზე და რამდენად შეძლებს ამ ტარიფის გადახდას მოსახლეობა, რომლის უმუშევრობის დონემ 20%-ს მიაღწია?

- თბილისის მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის ტარიფის 8 თეთრით გაზრდა განაპირობა ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ, რის გამოც იმპორტირებული ბუნებრივი აირი ლარში გაძვირდა.

აშკარაა, რომ ბუნებრივი აირის გაძვირება ჯაჭვური რეაქციით გამოიწვევს ყველა იმ პროდუქტის გაძვირებას, რომლის წარმოების პროცესშიც ეს აირი გამოიყენება. აი სწორედ ამ ტიპის ფაქტორებს არ ითვალისწინებს საქართველოს ეროვნული ბანკი, რომელიც ჯიუტად ინარჩუნებს ინფლაციის თარგეთირების რეჟიმს.

მიზანშეწონილია მთავრობამ ყოველმხრივ ხელი შეუწყოს სწორი ინფორმაციის გავრცელებას, და, თუ საჭირო გახდება სპეციალისტების მიერ მიწოდებული რეკომენდაციების გათვალისწინებით წამოწიოს საკითხი არსებული ხელშეკრულების ზოგიერთი საეჭვო პუნქტის გადახედვის მიმართულებით

-ნამახვანჰესთანდაკავშირებით უამრავი კითხვა დაისვა საჯარო სივრცეში, რომლებზეც პასუხი, ყოველ შემთხვევაში დამაჯერებელი, ჯერ არც აქციის მონაწილეებს და არც დანარჩენ საზოგადოებას არ მიუღია.

ასეთ კითხვებს შორისაა თუნდაც ასეთი - თუ ხელისუფლებასნამახვანჰესთანდაკავშირებით მანამდე ჰქონდა რეალური არგუმენტები ჰესის აშენების სასარგებლოდ, მან ხალხთან საგნობრივი დიალოგი რატომ არ გამართა?

ან კიდევ - თუ სახელმწიფომნამახვანჰესისასაშენებლად ენ-კა-ზე გასცა უმაღლესი დონის გარანტიები, იმავე გარანტიებით რატომ არ შეიძლებოდა ეს პროექტი რომელიმე ქართულ კომპანიას განხორციელება?

ამ კითხვებზე თქვენი სავარაუდო პასუხი როგორი იქნებოდა?

- ის, რომ საქართველომ უნდა მოიპოვოს ენერგოდამოუკიდებლობა ეს არავითარ ეჭვს არ იწვევს. ამისთვის კი ჰიდრო რესურსებით მდიდარმა ქვეყანამ უარი არ უნდა თქვას მათ გამოყენებაზე, ანუ ჰიდროელექტროსადგურები აუცილებლად ასაშენებელია.

რაც შეეხება თქვენ კითხვაში დასმულ კონკრეტულ პროექტს, მიზანშეწონილია მთავრობამ ყოველმხრივ ხელი შეუწყოს სწორი ინფორმაციის გავრცელებას, და, თუ საჭირო გახდება სპეციალისტების მიერ მიწოდებული რეკომენდაციების გათვალისწინებით წამოწიოს საკითხი არსებული ხელშეკრულების ზოგიერთი საეჭვო პუნქტის გადახედვის მიმართულებით.

გახარიას პარტია „ქართულ ოცნებას“ ხმებს საერთოდ ვერ წაართმევს, რადგანაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა უმნიშველოვანესი ნაწილისთვის სწორედაც რომ კოჰაბიტაციაა მიუღებელი

რაც შეეხება ქართული კომპანიების მონაწილეობას ჰიდროენერგეტიკის განვითარებაში, რა თქმა უნდა, ეს მისასალმებელია, თუმცა მე ნამდვილად არ ვფლობ ინფორმაციას, თუ რამდენად არიან დღეს საქართველოში შესაბამისი კომპეტენციის და იმავდროულად 800 მილიონ დოლარიანი ინვესტიციის გაწევის უნარის მქონე ადგილობრივი კომპანიები...

- გვერდს ვერ აუვლით საშინაო პოლიტიკაში არსებულ ვითარებას. მხედველობაში მაქვს ჯერ პარლამენტში ოპოზიციის ნაწილის შესვლა, შემდეგ მეორე ნაწილის შესვლა, რომელიც პარლამენტში საქმიანობას მომავალ კვირას დაიწყებს.

ამ პროცესების ფონზე მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების კვალდაკვალ ქართულ პოლიტიკურ სცენაზე ახალი პარტიები გამოჩდნენ - ექსპრემიერ გახარიას „საქართველოსთვის“ და ვასაძის „ერთობა, რაობა, იმედი“.

არჩევნებამდე 5 თვით ადრე როგორ შეაფასებდით ქვეყანაში არსებულ ვითარებას და რა მოლოდინები გაქვთ მოახლოებული არჩევნების შედეგებთან დაკავშირებდით?

- დღევანდელი ოპოზიციის პარლამენტში შესვლას, რა თქმა უნდა, მივესალმები. ის, რომ „ნაცმოძრაობამ“ ხელი არ მოაწერა შარლ მიშელის სახელით ცნობილ დოკუმენტს, ამით, უწინარეს ყოვლისა, საკუთარი თავი დააზარალა, რადგანაც საერთაშორისო საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ნათელი გახადა მისი სახელმწიფო გადატრიალებაზე ორიენტირებული დესტრუქციული პოლიტიკის არსი.

ამის შესახებ საქართველოში კარგადაა ცნობილი, ხოლო ის, რომ ეს უცხოელებისთვისაც ნათელი გახადა, რა თქმა უნდა, ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია!

რაც შეეხება ახალ პარტიას „საქართველოსთვის“ და მის ლიდერს, ექსპრემიერ გიორგი გახარიას, აქ საკმაოდ მაღალია ბუნდოვანება, რადგანაც პასუხგაუცემელი რჩება არაერთი პოლიტიკურად მწვავე კითხვა.

აშკარაა, რომ ამომრჩევლისთვის ისევ და ისევ გაუგებარი დარჩა პრემიერ გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომის ნამდვილი მიზეზი. ჯერ-ჯერობით ბატონ გახარიას პრემიერობის დროინდელი ინერციით საზოგადოებაში აქვს გარკვეული რეიტინგი.

თუმცა, ეს შეიძლება ძალიან ადვილად გაფლანგოს, თუნდაც იმ ტიპის განცხადებით, რომ მისი პარტია არავის უპირისპირდება, ანუ სხვა სიტყვებით, გააგრძელებს ჩვენი ამომრჩევლისთვის მიუღებელ კოჰაბიტაციას. ეს ნამდვილად არ არის ის პოზიტიური სიგნალი, რაც ამ ახალ პარტიას ამომრჩეველთა დიდი ნაწილის მხარდაჭერას მოაპოვებინებს.

უფრო მეტიც, ამგვარი პოზიციით, გახარიას პარტია „ქართულ ოცნებას“ ხმებს საერთოდ ვერ წაართმევს, რადგანაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა უმნიშველოვანესი ნაწილისთვის სწორედაც რომ კოჰაბიტაციაა მიუღებელი.

დღეს რომ ტარდებოდეს ადგილობრივი არჩევნები, ჩემი აზრით, „ქართულ ოცნებას“ სულაც არ გაუჭირდება 43 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა

ბევრად უფრო მკაფიო პოზიცია აქვს ლევან ვასაძეს, რის გამოც მის პოლიტიკურ ორგანიზაციას „ერთობა, რაობა, იმედს“ აქვს რეალური შანსი ჩაანაცვლოს პოლიტიკურად პასიურ რეჟიმში გადასული „პატრიოტთა ალიანსი“.

თქმულიდან გამომდინარე, დღეს რომ ტარდებოდეს ადგილობრივი არჩევნები, ჩემი აზრით, „ქართულ ოცნებას“ სულაც არ გაუჭირდება 43 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა.

ამ პარტიისთვის ამ ეტაპზე ძალზედ დიდი მნიშვნელობა აქვს არ დაუშვას რაიმე პრინციპული ხასიათის შეცდომა და სრულად განახორციელოს შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული ვალდებულებები.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს