„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ - „ნამახვანი ჰესის“ ხელშეკრულების ხელახალ შეფასებაში საერთაშორისო იურიდიული კომპანიის ჩართვა პრობლემურია

„ნამახვანი ჰესის“ ხელშეკრულების ხელახალ შეფასებაში საერთაშორისო იურიდიული კომპანიის ჩართვა პრობლემურია, - ამის შესახებ ინფორმაციას „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (ყოფილი EMC) ავრცელებს.

ორგანიზაცია ეხმაურება იუსტიციის სამინისტროს მიერ „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის გამოცხადებას, რომლითაც სამინისტრომ ხელშეკრულების შესაფასებლად საერთაშორისო იურიდიული კომპანია უნდა შეარჩიოს.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრში“ მიაჩნიათ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მორიგია იმ ინიციატივებს შორის, რომლითაც ხელისუფლება პრობლემის აღიარებას თავს არიდებს და ილუზორული და ფრაგმენტული ინიციატივებით ცდილობს ხელშეკრულების შესახებ არსებული ძირითადი პრობლემების გადაფარვას, რაც არათუ საკითხის რეალურ გადაჭრაზე არაა ორიენტირებული, მეტიც, საბოლოოდ, არსებული კონფლიქტის გაჭიანურებას იწვევს.

„იმთავითვე აზრს მოკლებულია თავად სამინისტროს გადაწყვეტილება, შეარჩიოს საერთაშორისო იურიდიული კომპანია „ნამახვანი ჰესის“ ხელშეკრულების შესაფასებლად, მაშინ, როცა აღნიშნული შეფასება უშუალოდ მისი, როგორც საჯარო უწყების, კომპეტენციაა და, რაც მთავარია, შეფასებაც უკვე მომზადებული აქვს. მიუხედავად იმისა რომ იუსტიციის სამინისტროს დასკვნა საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, ამ დრომდე სამინისტროს არ გაუკეთებია განცხადება დასკვნის შინაარსთან, „ნამახვანი ჰესის“ პროექტზე უწყების პოზიციის განმარტების და ხელშეკრულებაში შენიშვნების აბსოლუტური უმრავლესობის გაუთვალისწინებლობასთან დაკავშირებით.

იუსტიციის სამინისტროს დასკვნის შინაარსის გამჟღავნების შემდეგ, იუსტიციის სამინისტროს მიერ ხელშეკრულების ხელახალი შეფასებისთვის იურიდიული კომპანიის დაქირავება აჩენს ეჭვს, რომ ხელისუფლება ახალი, ამჯერად ნაკლებად კრიტიკული დასკვნის მოპოვებას სხვა სუბიექტისგან ცდილობს, მაშინ, როდესაც იუსტიციის სამინისტროს კრიტიკული დასკვნის შინაარსზე ხელისუფლება ამ დრომდე დუმს.

ამასთან, იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შერჩეულმა კომპანიამ უნდა შეაფასოს, რამდენად შეესაბამება „ნამახვანი ჰესის“ ხელშეკრულება საქართველოს კანონმდებლობას და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.

აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული საკითხების, ისევე როგორც ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი რისკების შეფასება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციაა. მეტიც, ხელშეკრულებებს სამინისტროში ცალკე სტრუქტურული ერთეული - ხელშეკრულების ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტი - შეისწავლის, რომელიც, სწორედ „ნამახვანი ჰესის“ მსგავსი ხელშეკრულებების შეფასებაზეა პასუხისმგებელი“, - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, კითხვებს ბადებს თავად დავალების შინაარსი, რაც ხელშეკრულების საქართველოს კანონმდებლობასთან და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს.

„სავარაუდოა, რომ საქართველოს კანონმდებლობასთან ხელშეკრულების შესაბამისობას იუსტიციის სამინისტროზე უკეთ საერთაშორისო იურიდიული კომპანია ვერ შეაფასებს, ხოლო დავალების ის ნაწილი, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკაზე უთითებს, არანაკლებ ბუნდოვანია მისი ზოგადი ფორმულირების გამო.

ჩვენი ორგანიზაცია ნამახვანი ჰესის ხელშეკრულების შეფასების მომზადების ეტაპზეც უთითებდა, რომ ხელშეკრულების დებულებები შეიძლება, განხილულ იქნას მხოლოდ კონკრეტული პროექტის მნიშვნელობის, ქვეყნის საჭიროებების და, ზოგადად, საჯარო ინტერესების კონტექსტში, ხოლო აღნიშნულ საკითხებს, სახელმწიფოს გარდა ვერავინ, მით უფრო, იურიდიულ კომპანია, ვერ შეაფასებს.

ხელშეკრულების თაობაზე მომზადებული სამართლებრივი დასკვნა ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც შესაბამისმა უწყებამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა გაითვალისწინოს. ნამახვანი ჰესის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივ რისკებზე მთავრობას იუსტიციის სამინისტრომ უკვე მიუთითა, ხოლო ხელშეკრულება, სამინისტროს შენიშვნების აბსოლუტური უმრავლესობის გათვალისწინების გარეშე, მაინც გაფორმდა. ასეთ დროს, სახელმწიფო ვალდებულია, დაასაბუთოს, რა არგუმენტაციით არ გაითვალისწინა იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი კონსულტაცია და, მაგალითად, დაამტკიცოს, რომ პროექტით მისაღებმა სარგებელმა გადაწონა ყველა ის მძიმე სამართლებრივი რისკი, რაზეც იუსტიციის სამინისტრო თავის დასკვნაში უთითებდა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 24 აპრილს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ნამახვანი ჰესის ხელშეკრულების შესწავლა პრემიერმა იუსტიციის სამინისტროს დაავალა. სოციალური სამართლიანობის ცენტრი ჯერ კიდევ აპრილში აცხადებდა, რომ მთავრობის მიერ იუსტიციის სამინისტროსთვის ხელახალი შეფასების დავალება, იმ პირობებში, როდესაც იუსტიციის სამინისტროს დასკვნა უკვე არსებობდა, ყოველგვარ აზრს მოკლებული იყო. მართალია, იუსტიციის სამინისტროს დასკვნა მთელი ეს დრო არსებობდა, თუმცა ხელისუფლება, აღნიშნულ დასკვნას, რომლის ღიაობასაც კანონმდებლობა მოითხოვს, არ ასაჯაროებდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ მოთხოვნით ჩვენმა ორგანიზაციამ არა ერთ უწყებას ოფიციალურად მიმართა, ხოლო გასაჯაროებაზე უარი - სასამართლოში გაასაჩივრა“, - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

დამატებით, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, პროექტის სარგებლიანობის და მისი განხორციელების მიზანშეწონილობის განსაზღვრისას ცენტრალური დოკუმენტია პროექტის ხარჯსარგებლიანობის ანალიზი, რომლის გასაჯაროებასაც ორგანიზაცია დიდი ხანია ითხოვს.

„სწორედ ამ დოკუმენტში უნდა შეიწონოს, ერთი მხრივ, პროექტის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ გასაწევი ხარჯი, რაც კომპანიისთვის გადაცემული ბუნებრივი რესურსების და სხვადასხვა ფისკალურ გარანტიების გარდა, გარემოზე მიყენებულ ზიანს, პროექტის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს ფუნდამენტურ გარდაქმნას და მათი ნაწილის განსახლებას გულისხმობს, ხოლო, მეორე მხრივ, ის საჯარო სარგებელი, რასაც პროექტის განხორციელება მოიტანს. ნამახვანი ჰესის საკითხის ირგვლივ წარმართულმა დისკუსიებმა აჩვენა, რომ აღნიშნული დოკუმენტი, სავარაუდოდ, საერთოდ არ არსებობს. შესაბამისად, პროექტის სარგებლიანობის შესახებ ხელისუფლების არგუმენტები კონკრეტულ გაანგარიშებებს და პროექტის დადებითი თუ უარყოფითი ზეგავლენების მტკიცებულებებზე დაფუძნებულ შესწავლას არ ეყრდნობა. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულება პოტენციურად მძიმე ფისკალური რისკების შემცველია, პროექტის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯების შეფასებისას გადამწყვეტი დოკუმენტია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნა; აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობის მიხედვით, ფინანსთა სამინისტროს დადებითი დასკვნის გარეშე ამ ტიპის ხელშეკრულების გაფორმება დაუშვებელია; სოციალური სამართლიანობის ცენტრი დიდი ხანია ამ დასკვნის გასაჯაროებასაც ითხოვს, თუმცა უშედეგოდ.

იმ პირობებში, როდესაც მთავრობას, დიდი ალბათობით, თავად არ აქვს დათვლილი, თუ კონკრეტულად რა საჭიროებების დაკმაყოფილებას ემსახურება პროექტი და რა ხარჯების გაწევა უწევს სახელმწიფოს მის განსახორციელებლად, ყოველ შემთხვევაში არაერთი მოთხოვნის მიუხედავად კანონმდებლობით სავალდებულო ეს დოკუმენტები ამ დრომდე არ გასაჯაროვებულა, განსაკუთრებით აზრს მოკლებულად ჩანს ხელისუფლების გადაწყვეტილება, ხელშეკრულება უცხოურ იურიდიულ კომპანიას შეაფასებინოს.

შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილებით მთავრობა, ილუზორული და ზედაპირული პროცესის შექმნას და პროექტთან დაკავშირებული ფუნდამენტური პრობლემების გადაფარვას ისახავს მიზნად; შედეგად, არსებული მდგომარეობიდან ერთადერთ მდგრად გამოსავალს - ადგილობრივ მოსახლეობასთან და საზოგადოების ფართო ჯგუფებთან რეალურ დიალოგს - კვლავ თავს არიდებს, რითაც მხოლოდ კრიზისის გაღრმავებას უწყობს ხელს“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს