დევიდ გარეტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იუბილეზე დაუკრავს

გერმანელი მუსიკოსი, მევიოლინე დევიდ გარეტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოში კონცერტს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დევიდ გარეტი ქართველი მაყურებლის წინაშე, თბილისში, 2022 წლის 22 მაისს წარსდგება.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ცნობილი მუსიკოსი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის და საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელმა დავით ოქიტაშვილმა მოიწვია.

„დევით გარეტი საქართველოში პირველად 2019 წელს ჩამოვიდა და 13 სექტემბერს გრანდიოზული კონცერტი გამართა. მას ძალიან უყვარს საქართველო და ქართველი მაყურებელი. ხშირად მიკავშირდება მისი პროდიუსერი და მეკითხება საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ. ჩვენი ურთიერთობა პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო გაღრმავდა. ერთ-ერთი საუბრისას ვუთხარი, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე, 2022 წელს, გრანდიოზული ღონისძიებებით უნდა აღინიშნოს, მივაწოდე ინფორმაცია სამხრეთ კავკასიის მასშტაბით ჩვენი პირველი და უძველესი საინჟინრო-ტექნოლოგიური უმაღლესი სკოლის, მისი ისტორიისა და შთამბეჭდავი სახელოვნებო ტრადიციების შესახებ. ისიც ვკითხე, ხომ არ ჩამოვიდოდა დევიდ გარეტი კონცერტით თბილისში. რამდენიმე დღის წინ დამიდასტურეს, რომ გარეტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტს თბილისში, მაისის თვეში გამართავს. სასიხარულოა, რომ ისეთი ვირტუოზი, როგორიც დევიდ გარეტია, გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, საქართველოში ჩამოვა და ჩვენი უნივერსიტეტის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში კონცერტს გამართავს“, - აცხადებს დავით ოქიტაშვილი.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, რამდენიმე დღის წინ პირველი ოფიციალური გაფართოებული საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც უნივერსიტეტის რექტორის, ადმინისტრაციის, სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და სტუდენტების გარდა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ ენუქიძე, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ტალიაშვილი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, ასევე, კულტურისა და სპორტის ცნობილი წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომელთა მოღვაწეობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს უკავშირდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა