სალომე სამადაშვილი - სენატორებს აინტერესებდათ ოპოზიციის ხედვები, როგორ გვესახება ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრა იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებაში კოალიციური მთავრობის შემადგენლობით მოვალთ

საპარლამენტო ოპოზიციონერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, სენატორი ჯინ შაჰინი განსაკუთრებით მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემებით დაინტერესდა. აღნიშნულის შესახებ სამადაშვილმა სენატორებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც სამადაშვილი განმარტავს, სენატორებს ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით ბევრი კითხვა ჰქონდათ.

„ჩვენ გვქონდა ძალიან საფუძვლიანი საუბარი იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს, როგორც შიდა პოლიტიკურ ვითარებას რაც შეეხება, ასევე გეოპოლიტიკურ გარემოს, რომელშიც ჩვენი ქვეყანა ცხოვრობს.

მოგეხსენებათ, სენატორი შაჰინი უკვე მრავალი წელიწადია ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერია. მას ძალიან კარგად ესმის ის გამოწვევები, რაც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე. განსაკუთრებით დაინტერესდა მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემებით და აქ რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა. ასევე, შემდეგი არჩევნებით. ვფიქრობ, სენატორებს ძალიან კარგად ესმით, რომ ადგილობრივი არჩევნები ბევრ რამეს შეცვლის ჩვენ ქვეყანაში და მის პოლიტიკურ მომავალში. ამასთან დაკავშირებით ჰქონდათ ბევრი შეკითხვა, თუმცა, ასევე ვისაუბრეთ ოკუპაციის გამოწვევებზე, ნატოში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის დღის წესრიგზე. დიდი იმედი გვაქვს, რომ სენატორებისგან ძალიან ძალიან ძლიერ მხარდაჭერას მივიღებთ ყველა ამ მიმართულებით, რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, დემოკრატიას და ჩვენს მომავალს ევროატლანტიკურ სივრცეში. ჩვენ გვქონდა სამუშაო ვახშამი, სადაც ვსაუბრობდით ადამიანებთან, რომლებიც ამ ქვეყნის პრობლემებს კარგად იცნობენ, არიან ამ ქვეყნის მეგობრები და სურთ, რომ ჩვენთან ერთად განსაზღვრონ, როგორ შეიძლება უკეთ დაეხმაროს ამერიკის შეერთებული შტატები იმ მომავლის უზრუნველყოფას, რომელიც ქართველ ხალხს აქვს არჩეული. მათ აინტერესებდათ ოპოზიციის ხედვები, როგორ გვესახება ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ხელისუფლებაში კოალიციური მთავრობის შემადგენლობით მოვალთ“, - განაცხადა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ამერიკელ სენატორებს ჯინ რიშსა და რობ პორტმანს საქმიან ვახშამზე შეხვდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო