„კრეატიულობა და ინტელექტუალური საკუთრება საქართველოს სკოლებში“ - წარმატებული პროექტების სიაშია

ევროკავშირისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ერთობლივი პროექტის (EUGIPP) ფარგლებში განხორციელებულმა ერთ-ერთმა კომპონენტმა - „კრეატიულობა და ინტელექტუალური საკუთრება საქართველოს სკოლებში", წარმატებული პროექტის ყველა კომპონენტი დააკმაყოფილა და უმაღლესი შეფასება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.

დასკვნითი ღონისძიება საქპატენტის თავმჯდომარე მინდია დავითაძესთან ერთად ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების აღმასრულებელმა დირექტორმა - კრისტიან არშამბომ, საქართველოში ევროკავშირის ოფისის წარმომადგენლობის თანამშრომლობის უფროსის მოადგილემ, კატალინ გერმანმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - ირაკლი ნადარეიშვილმა გახსნა.

„ღონისძიებაზე გაცხადდა პროექტის განმეორებით განხორციელების მზადყოფნა, მაგრამ ამჯერად უფრო მასშტაბურად, ყველა მუნიციპალიტეტის სკოლის ჩართვით, რაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების გრძელვადიან პერსპექტივაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, „კრეატიულობა და ინტელექტუალური საკუთრება საქართველოს სკოლებში" კომპონენტი მიმართული იყო საბაზისო განათლების სისტემაში ინტელექტუალური საკუთრების ინტეგრირების ხელშეწყობისკენ, სადაც ჩართული იყო საქართველოს მასშტაბით 6 საჯარო სკოლა თბილისში, რუსთავსა და გორში. პროექტით მიღწეულმა შედეგებმა ნათლად გამოავლინა მოსწავლეებში კრეატიულობისა და შემოქმედებითობის გაღვივება, რაც შესაძლებელი გახდა ინტელეტუალური საკუთრების საპილოტე გაკვეთილების ჩატარებით. აღნიშნულს საფუძვლად დაედო საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ სასწავლო ცენტრის ტრენერებისა და განათლების ექსპერტების მიერ შერჩეული საჯარო სკოლების მასწავლებლების გადამზადება.

სამ ეტაპად განხორციელებული პროექტი მოიცავდა საჯარო სკოლის მასწავლებლების ინტელექტუალური საკუთრების სწავლების მეთოდოლოგიაში გადამზადებას, კრეატიულობისა და ინტელექტუალური საკუთრების შესახებ გაკვეთილების ჩატარებას გადამზადების ფარგლებში შემუშავებული გეგმის თანახმად. მშობლიური ენისა და სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე გამოყენებული იყო პროექტისთვის საგანგებოდ შექმნილი სასწავლო მასალები, მათ შორის „კრეატიული დღიური“. სწავლების ეფექტიანობის მისაღწევად, შერჩეული სკოლების პედაგოგები უზრუნველყოფილნი იყვნენ სხვადასხვა სასწავლო მასალით, რომელიც დაფუძნებულია ევროპის ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის (EUIPO) მასწავლებელთა სატრენინგო პაკეტის „ინტელექტუალური საკუთრების საფუძვლები" შინაარსზე.

პროექტის შედეგები ნათლად წარმოჩინდა კომპონენტის დასრულების შემდეგ მოწყობილ გამოფენაზე, სადაც წარმოდგენილი იყო მოსწავლეების მიერ შექმნილი მცირე გამოგონებები, სასაქონლო ნიშნები, დიზაინები, ახალი ჯიშებისა და სხვადასხვა სახელოვნებო ნაწარმოებების ნიმუშები. პროექტის დახურვის ღონისძიებაზე სკოლების წარმომადგენლები დაჯილდოვდნენ პროექტში მონაწილეობისა და აქტიური ჩართულობის დამადასტურებელი დიპლომებით.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი ეფუძნება ევროპის ქვეყნების კრეატიულობისა და ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ცოდნის გაღრმავების საუკეთესო პრაქტიკას. EUGIPP-ი 2020 წლის იანვრიდან მიმდინარეობს და მას ერთობლივად ახორციელებს ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაცია (EUIPO) და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტი“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო