ნაფიც მსაჯულთა კორპუსის ფორმირების წესი იცვლება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" შესატანი ცვლილებები, რომლის თანახმად, პირს უფლება აქვს უარი განაცხადოს ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებაზე განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ სასამართლოს წარუდგენს ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ ინფორმაციათა ერთობლიობას, რომლითაც დადასტურდება, რომ ასრულებს ისეთ სამუშაოს, რომელშიც მისი კონკრეტულ პერიოდში და ვითარებაში შეცვლა შეუძლებელია ან გამოიწვევს გამოუსწორებელ ზიანს.

კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განმარტებით, ახალი ჩანაწერით მკაცრდება პირობა, რის გამოც პირს უფლება აქვს უარი განაცხადოს ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებაზე.

მისივე განცხადებით, იმის გამო, რომ ნაფიც მსაჯულთა კანდიდატების შერჩევა არ შეფერხდეს და დროში არ გაჭიანურდეს, სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საქმეზე სავალდებულო წესით დაინიშნება სათადარიგო მოსამართლე, რომელიც ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომის თავმჯდომარის არ ყოფნის შემთხვევაში მას ჩაანაცვლებს და შერჩევის პროცესი გაგრძელდება.

ასევე, ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომამდე მოსამართლე შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ადგენს ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სიას არაუმეტეს 300 პირის შემადგენლობით, ნაცვლად 150 პირისა, როგორც ეს ამჟამად მოქმედი ნორმით არის გათვალისწინებული.

კანონპროექტი ითვალისწინეს პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხსაც, კერძოდ: ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის ან ნაფიცი მსაჯულის საპატიო მიზეზის გარეშე, განსაზღვრულ დროს სასამართლოში გამოუცხადებლობისას, აგრეთვე, მისთვის დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობისას ან არაჯეროვნად შესრულებისას სხდომის თავმჯდომარე სავალდებულო წესით განიხილავს და აღნიშნული გარემოების/გარემოებების დადგენის შემთხვევაში ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატს ან ნაფიც მსაჯულს განკარგულებით დააკისრებს ჯარიმას 1000 ლარიდან 1500 ლარამდე ოდენობით.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ჯარიმის ოდენობა უნდა იყოს შემაკავებელი ხასიათის, მიყენებული ზიანის პროპორციული და უნდა შეესაბამებოდეს პირის ფინანსურ მდგომარეობას. მისივე თქმით, პროექტით გათვალისწინებულია სასამართლოს მიერ მიღებული განკარგულების ერთჯერადად გასაჩივრება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს