პარლამენტზე, დემოკრატიაზე და ქვეყნის მართვაში მოქალაქეთა ჩართულობაზე, მოსწავლეები ახალი სახელმძღვანელოთი ისწავლიან

პარლამენტზე, დემოკრატიაზე და ქვეყნის მართვაში მოქალაქეთა ჩართულობაზე, მოსწავლეები ახალი სახელმძღვანელოთი ისწავლიან,- ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს პარლამენტმა, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, სკოლის მოსწავლეებისთვის სამოქალაქო განათლების ახალი სასწავლო პროგრამა, “მზიურის პარკში” წარადგინა.

პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, თითოეული ადამიანი, მათ შორის, ბავშვები იმ პროცესის მონაწილე უნდა იყოს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობს.

„ჩვენ, რამდენიმე წელია გადავედით სრულიად ახალი ტიპის საპარლამენტო წყობაზე, რაც პირველ რიგში მოიაზრებს თქვენ ჩართულობას და ამისთვის ყველანაირი ინსტრუმენტი არსებობს და შესაძლებლობა, რომ თითოეული ადამიანი, მათ შორის, ბავშვები იყვნენ მონაწილე იმ პროცესისა, რომელიც მიმდინარეობს საკანონმდებლო ორგანოში“,- აღნიშნა კახა კუჭავამ.

პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, ახალი სასწავლო პროგრამის დანერგვაში კომიტეტი აქტიურად იქნება ჩართული.

„მომავალი სასწავლი წლისთვის პილოტურად 50 საჯარო სკოლაა შერჩეული. მასწავლებლები უკვე გადამზადებული არიან და კომიტეტის ყველა წევრი უშუალოდ ჩაერთვება ამ პროცესში. ვივლით სკოლებში, რათა ბავშვებს ჩვენ თვითონ გავაცნოთ ეს სახელმძღვანელო და ვესაუბროთ პარლამენტის მნიშვნელობაზე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ პროგრამამ მოიცვას საქართველოს ყველა სკოლა“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი ღონისძიება თავის წვლილს შეიტანს სამოქალაქო განათლების დამკვიდრებაში.

„დღეს გვაქვს შესაძლებლობა წარვადგინოთ ახალი სახელმძღვანელოები, რომლებიც სკოლებში იქნება შეტანილი. ძალიან მნიშვნელოვანია რეალურად გავიგოთ რას ნიშნავს პარლამენტი, რას აკეთებს პარლამენტი, ზუსტად ვიცოდეთ რაზეა პასუხისმგებელი პარლამენტი და ამავე დროს, მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა თვითონ იფიქრონ თავად რა როლი ეკისრებათ", - აღნიშნა ელჩმა.

გაეროს განვითარების პროგრამის მოქმედი ხელმძღვანელის, ანნა ჩერნიშოვას განცხადებით, სახელმძღვანელოში გამოყენებული შესანიშნავი ილუსტრაციები და ანიმაციები ბავშვებს უკეთ დაეხმარება მეტი გაიგონ პარლამენტის შესახებ.

„ძალიან მიხარია, რომ ჩვენც ჩართული ვართ ამ შესანიშნავ პროექტში და ხელს ვუწყობთ საქართველოში დემოკრატიის მშენებლობას ახალგაზრდა ასაკიდანვე. ასევე მიხარია, რომ ვხედავ ძალიან ბევრ ბავშვს და იმედი მაქვს, რომ ისინი, ერთ მშვენიერ დღეს, გახდებიან პარლამენტის წევრები ან აქტიური ამომრჩევლები, რომლებიც აირჩევენ მომავალ პარლამენტს საქართველოში", - განაცხადა ანნა ჩერნიშოვამ.

პროექტის განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტმა, დეპუტატებმა - შალვა პაპუაშვილმა, თამარ ტალიაშვილმა და გივი მიქანაძემ. „მზიურის პარკში“ გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, პარლამენტის წევრები და საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ბავშვები სხვადასხვა გასართობ და შემეცნებით აქტივობებში ჩაერთნენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს