იმედი მაქვს სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდება ყოველგვარი სირთულეებისა და ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, ასე გამოეხმაურა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი ნინოწმნდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
იგი მიესალმება იმ ღონისძიებების გატარებას, რაც პრობლემას აღმოფხვრის.
“ბავშვების საკითხს პასუხისმგებლობით სჭირდება გაძღოლა, სახელმწიფოსგან იქნება, თუ ეკლესიისგან. რაც შეეხება კონკრეტულ საქმეს, მე ის ვიცი, რაც არის ახლა ძალიან დიდი ხმაური და სიმართლე ვთქვათ აი, ტყუილ-მართალი იმდენად არის ერთმანეთში არეული ძალიან ძნელი ხდება დასკვნების გაკეთება იმიტომ, რომ დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა აკისრია თითოეულ ადამიანს. ჩვენ შეიძლება ერთი საქმე გავაკეთოთ, მეორე გავაფუჭოთ. აი, ასეთი რამ გვემართება ხოლმე, ამიტომ ის რომ სასამართლოს მიუღია დადგენილება, იმედია მაქვს სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდება ყოველგვარი სირთულეებისა და ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. მე მივესალმები თუ უწესრიგობაა, წესრიგის დამყარებას. თუ დანაშაულია აღმოფხვრას, თუ რაიმე უკეთურებაა, გამოსწორებას, ანუ იმ ღონისძიებების გატარებას ეკლესიიდან თუ საჭიროა ეკლესიიდან, თუ სახელმწიფოდანაა საჭირო, სახელმწიფოდან იმ ნაბიჯებს, რომლებიც აღმოფხვრის იმ პრობლემებს, რომელიც აწუხებს დღეს მთელ საზოგადოებას“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
ფოთისა და ხობის ეპარქიის მმართველის თქმით, ნინოწმინდის პანსიონის კარი, რომ გაეღოთ, საქმე აქამდე არ მივიდოდა.
,,დღეს უკვე მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო არის ამ საქმეში ჩართული და მისგან უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს. რამდენადაც ვიცი შემოწმება ტარდება. ახლა ერთი წუთით იქ რომ მიხვალ, ვერაფერსაც ვერ გაიგებ - იქ გარკვეული პერიოდი ყოფნაა საჭირო. მე ასეთი აზრი მაქვს, რომ შეიძლება აქამდე საერთოდ არ მისულიყო, რომ მომხდარიყო ელემენტარულად გახსნა კარისა, რადგან ქართული გამოთქმა არის: ნათქვამს ერთი კუდი აქვს და უთქმელს ათასიო, შესაბამისად ის, რომ ეს კარები იყო დახშული საფუძვლიანად, თუ უსაფუძვლოდ, მაგრამ ფაქტობრივად ეს ძალიან ბევრ ეჭვებს აღძრავს და ამან უფრო გამოიწვია ასეთი ვითარება, ამან უფრო გაართულა და დაძაბა საერთოდ მთელი საზოგადოება. ალბათ, აქამდე არ მივიდოდა საქმე, ბევრად უფრო ყოველგვარი ემოციური ფონის გარეშე, თუ რამე გამოსასწორებელი იყო, ალბათ უნდა გამოსწორებულიყო“, - აღნიშნა მიტროპოლიტმა გრიგოლმა.
მეუფე გრიგოლს ძნელად წარმოუდგენია ამ ეტაპზე აღნიშნულ საკითხზე სინოდის მოწვევა, რადგან, მისივე თქმით, კათოლიკოს-პატრიარქი თავს სუსტად გრძნობს.
,,ეკლესიაში არის ხოლმე საკითხები, რომელიც ითხოვს განსჯას, მსჯელობას, მაგრამ იცით, რომ ამ წუთას ცოტა არაორდინალურ ვითარებაში ვცხოვრობთ, ეს რეალობაა, ამაში არაფერი განსაკუთრებული სიახლე არ არის, რომ ჩვენი უწმინდესი, კათოლიკოს-პატრიარქი სუსტად გრძნობს თავს და თავისთავად ცხადია, სინოდის მოწვევა და საფუძვლიანი დოზით და იმ მასშტაბებში საკითხების შესწავლა- განხილვა მე ძნელად წარმომიდგენია სამწუხაროდ",- აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.