მეუფე შიო - ხშირად, როდესაც ვხედავთ მრავალ მწუხარებას, განსაცდელს, ვბრკოლდებით და გვავიწყდება, რომ ყველა გარემოება ადამიანის ცხოვრებაში, სამწუხაროც კი, შეიძლება იყოს მთავარი გამოცდილების მომტანი

ყოველი ქრისტიანი ისე უნდა ცხოვრობდეს და პასუხობდეს უფლის მოწოდებას, რომ ყოველთვის მზად ვიყოთ დახმარებისთვის, შეწევნისა და თანაგრძნობისთვის, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე შიოს თქმით, ხშირად, როდესაც ჩვენ გარშემო ვხედავთ მრავალ მწუხარებას, მრავალ განსაცდელს, ვბრკოლდებით ხოლმე და გვავიწყდება, რომ ყველა გარემოება ადამიანის ცხოვრებაში, სამწუხაროც კი, შეიძლება იყოს მთავარი გამოცდილების მომტანი ადამიანისათვის.

„ქრისტესმიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, დღევანდელ კვირა დღეს ეწოდება ბრმის კვირა, ვინაიდან ტაძრებში იკითხება სახარება შობითგან ბრმის განკურნების შესახებ.

გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას, შეგვეწიოს ჩვენ და მთელ საქართველოს მისი დალოცვა.

აი, ამ სახარებაში მოთხრობილია, რომ იესო ქრისტესა და მოციქულებს შემოხვდებათ შობითგან ბრმა, რომელიც მათხოვარია და მოციქულები ჰკითხავენ უფალს, თუ რატომ იტანჯება ის ასე ამდენი წელი? ვინ სცოდა - მან თუ მისმა მშობლებმა? უფალი პასუხობს, რომ არც მან სცოდა, რა უნდა ეცოდა მას, დაბადებიდან ბრმა იყო, არც მისმა მშობლებმა, არამედ მასზე ღმერთის საქმე უნდა გამოცხადდესო. აი, ასეთია უფალ იესო ქრისტეს პასუხი, რომელიც კიდევ ერთ კითხვას ბადებს: რა არის ეს ღმერთის საქმე? ნუთუ ის იყო ღმერთის საქმე, რომ ეს ადამიანი მრავალი წელი უნდა ყოფილიყო სიბრმავეში, ემათხოვრა, შემდეგ უფალ იესო ქრისტეს უნდა ჩამოევლო და აეხილა მისთვის ფიზიკური თვალი? თუმცა ესეც, რა თქმა უნდა, საოცარი სასწაულია, მაგრამ მარტო ეს არ იყო. ღმერთის საქმე უმთავრესად იმაში გამოვლინდა, რომ ამ ადამიანს აეხილა სულიერი თვალი, არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერი თვალი აეხილა; მას აეხილა თვალი უფლის სარწმუნოებაზე, უფლის სიყვარულზე, უფლის ყოვლისშემძლეობაზე, მისი გული გაიხსნა, რომ ეს მისი განკურნება მიეღო მადლიერებით, დაენახა ღმერთი და თაყვანი ეცა მისთვის. აი, ამაში გამოვლინდა უფლის საქმე და დიდება.

დღეს ეს ჩანს ამ სახარებიდან. შემდეგ, როდესაც უფალი იესო ქრისტე ამ ადამიანთან საუბრით შეიტყობს, რომ ფარისევლებმა იგი გააძევეს, რადგან იცავდა იესო ქრისტეს, ამბობდა, რომ ის წინასწარმეტყველია, ღვთისგან მოვლენილია, – მაშინ მიდის მასთან უფალი იესო ქრისტე და ჰკითხავს: „შენ გწამს ძე ღმრთისა?“ – იმიტომ, რომ რწმენის ჩანასახი მას უკვე ჰქონდა, რაც ფარისეველებთან საუბარში გამოამჟღავნა. უფალი მიდის მასთან, რომ განუმტკიცოს ეს რწმენა და ეკითხება, სწამს თუ არა. ის კი პასუხობს: „ვინ არის, უფალო, რომ მწამდეს?“ თითქოს ამით ამბობს, რომ კი, სწამს, მაგრამ ვინ არის, სად არის, მაჩვენე, რომ მივიდე მასთანო. უფალი ეუბნება, რომ „შენ გინახავს ის“. როდის უნახავს ამ ბრმას? როდესაც თვალები აეხილ და „ეს არის ის, ვინც შენ გესაუბრება“ და მან უპასუხა: „მწამს, უფალო!“ და თაყვანი სცა მას.

რას ნიშნავს „თაყვანი სცა“? – იმას, რომ მუხლი მოიყარა მის წინაშე, დაიჩოქა და თაყვანი სცა, როგორც მესიას, იმიტომ რომ ძე ღმრთისა, ეს წოდება არის მესიანისტური. თქვენ იცით, რომ მაშინ იუდეაში განსაკუთრებით გამძაფრებული იყო მესიის მოლოდინი. ეს ძალიან გავრცელებული იყო და, რა თქმა უნდა, ეს ბრმაც ელოდა, ფიქრობდა ამაზე, განსაკუთრებით გაჭირვებულები, დავრდომილები, ღატაკები ფიქრობდნენ ამაზე, რომ მოვიდოდა მესია, რომელიც გადაარჩენდა მათ და შეუმსუბუქებდა ამ ტანჯვას. რა თქმა უნდა, ეს ადამიანი ამ წოდებას – „ძე ღმრთისა“ – არ აღქვამდა ჰიპოსტასური მნიშვნელობით, რომ ის ღმერთის შვილია, არამედ ფიქრობდა, რომ მოვლინებულია ღმერთისგან, როგორც მესია. აი, ასე თაყვანი სცა მას. მაშასადამე, მას აეხილა სულიერი თვალი და დაინახა ის, რასაც ირგვლივ მყოფი თვალხილული ადამიანები ვერ ხედავდნენ, პირიქით, მათ გაკიცხეს და განიკითხეს უფალი იესო ქრისტე ამ განკურნების გამო იმიტომ, რომ შაბათს აღასრულა მაცხოვარმა ეს კურნება.

აი, ამაზე გვაფიქრებს დღევანდელი სახარება და ჩვენც, ძვირფასო ძმებო და დებო, ხშირად, როდესაც ჩვენ გარშემო ვხედავთ მრავალ მწუხარებას, მრავალ განსაცდელს, ვბრკოლდებით ხოლმე და გვავიწყდება, რომ ყველა გარემოება ადამიანის ცხოვრებაში, სამწუხაროც კი, შეიძლება იყოს მთავარი გამოცდილების მომტანი ადამიანისათვის. ეს არის დანახვა უფლისა, შეხვედრა ღმერთთან, ეს არის მთავარი და ბევრად მნიშვნელოვანი, ვიდრე ის, რისიც ჩვენ, როგორც წესი, გვეშინია ხოლმე.

ღმერთი ბევრ რამეს აძლევს ადამიანს ამ მიწიერ ცხოვრებაში, აძლევს სიმდიდრესაც, კეთილდღეობასაც, ჯანმრთელობასაც, მაგრამ თუ ადამიანი ამით შემოიფარგლება და ამ ყველაფერში ვერ პოულობს მარადიულ ცხოვრებას, ღმერთს და ღვთისადმი მადლიერებას, მაშინ უფალი არ დაუშვებს, რომ ადამიანი ასეთ ცრუ კეთილდღეობაში დაიღუპოს. ესეც მისი კაცთმოყვარეობაა, რომ თუ ადამიანი იმდენად გაუხეშდა, რომ ვეღარ გრძნობს, როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, „მადლის ქროლვას“, თუ ადამიანს „მადლის ნაზი ქროლვის შეგრძნების უნარი“ აღარ აქვს, მაშინ იმისთვის, რომ ადამიანი შეცვალოს და აცხონოს, ხშირად ეს მადლი ქარიშხლის სახით შემოდის ადამიანის ცხოვრებაში, რათა კაცმა ფერი იცვალოს და ღმერთთან მოვიდეს.

აი, ამაზე გვაფიქრებს დღევანდელი სახარება და გვაფიქრებს კიდევ ერთ რამეზე, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ეს სწავლება, რომელიც აქ არის მოცემული მწუხარებათა დათმენისა და მიღების შესახებ, გვავალდებულებს ასევე თანაგრძნობას, შეწევნას, ადამიანების დამხარებას გაჭირვების, მწუხარების ჟამს. უფალი ამბობს, რომ მე ვაკეთებ ჩემი მომავლინებლის საქმეებს და ყოველი ქრისტიანიც უნდა იყოს, როგორც მოვლინებული ღვთისაგან, ისე უნდა ცხოვრობდეს და პასუხობდეს უფლის მოწოდებას, რომ ყოველთვის მზად ვიყოთ დამხარებისთვის, შეწევნისა და თანაგრძნობისთვის. დღევანდელ სახარებაში უფალი ბრძანებს, რომ უნდა ვაკეთო ჩემი მომავლინებლის საქმეები, სანამ დღეა, ვინაიდან მოდის ღამე, ღამე კი არის სიკვდილი, როდესაც ვერავინ ვეღარ შეძლებს ამ საქმეების კეთებას.

აი, ამდენ რამეზე გვაფიქრებს დღევანდელი სახარება. მაშასადამე, ჩვენც დავფიქრდეთ ამაზე და ვაკეთოთ ეს საღმრთო საქმეები, სანამ დღეა, იმიტომ რომ ეს არის საქმეები ღვთისა, რომლითაც ჩვენ უნდა მოვიხვეჭოთ მადლი სულისა წმინდისა და დავიმკვიდროთ საუკუნო სიცოცხლე, ამინ!

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და ბრძანებით ვლოცავთ შემდეგ გვარებს:

ქადეიშვილები, ქადიეშვილები, ბორჩხაძეები, გაბისიანები და ბურდულაძეები. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგამრავლოთ, ამინ!“, - აღნიშნა მეუფე შიომ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა