„სამართლიანი არჩევნები“ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„სამართლიანი არჩევნები“ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „სამართლიან არჩევნებს“ მიუღებლად მიაჩნია ბავშვთა ყოფნა იზოლაციაში და სახალხო დამცველის წარმომადგენელთა დაუშვებლობა მათთან. პრობლემას წარმოადგენს აგრეთვე მსგავსი მასშტაბის ინსტიტუციის არსებობა, რაც მოძველებულ, ბავშვთა უფლებების დამრღვევ მიდგომას წარმოადგენს და არ შეესაბამება ამ სფეროს თანამედროვე სტანდარტებს.

„„სამართლიანი არჩევნები“ ეხმიანება ნინოწმინდის ბავშვთა სახლში წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების საფუძველზე, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებს, არაერთი მცდელობის მიუხედავად, არ მიეცათ დაწესებულებში შესვლის და ბავშვებთან ურთიერთობის შესაძლებლობა.

პანსიონში მომხდარი სავარაუდო დანაშაულების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, სახალხო დამცველის აპარატმა გამოითხოვა ინფორმაცია საქართველოს გენერალური პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან. მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ‪ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო დანაშაულებზე, კერძოდ: სავარაუდო ძალადობის 3 და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 137-ე მუხლები).

უფლებადამცველებისა და საზოგადოების ძალისხმევით, საქმეში ჩაერთნენ სოციალური მუშაკები, თუმცა, ამ დრომდე, უცნობია ბავშვთა პანსიონში არსებული რეალური მდგომარეობა და ძალადობის მასშტაბები. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო ჩანაწერებიდან იკვეთება არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული განგრძობითი უფლებების დარღვევის ფაქტები, სტრესულ გარემოში მყოფი ბავშვები, რომელთა იდენტიფიცირება შესაძლებელია, არ არიან დაცული ფსიქოლოგიური ზეწოლისგან. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონის შემოწმებისას 6-მა არასრულწლოვანმა დაწესებულების დატოვების სურვილი გამოთქვა, მიმდინარეობს კიდევ 10-ის გაყვანის პროცესი.

ამ დრომდე, სახელმწიფოსგან არ გადადგმულა ქმედითი ნაბიჯები ბავშვთა დასაცავად და გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების აღსასრულებლად.

„სამართლიან არჩევნებს“ მიუღებლად მიაჩნია ბავშვთა ყოფნა იზოლაციაში და სახალხო დამცველის წარმომადგენელთა დაუშვებლობა მათთან. პრობლემას წარმოადგენს აგრეთვე მსგავსი მასშტაბის ინსტიტუციის არსებობა, რაც მოძველებულ, ბავშვთა უფლებების დამრღვევ მიდგომას წარმოადგენს და არ შეესაბამება ამ სფეროს თანამედროვე სტანდარტებს. ასეთი დიდი დაწესებულებები, საფუძველშივე, რისკის შემცველადაა მიჩნეული და უგულებელყოფს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.

„სამართლიანი არჩევნები“ მიესალმება 5 ივნისს, PHR-ის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. სასამართლოს განჩინებაში აღნიშნულია ის საფრთხე, რომელიც დაწესებულებაში ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით არსებობს და სახელმწიფო უწყებებისგან დროულ ჩარევას მოითხოვს. მართალია, განჩინება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ეხება, მაგრამ სასამართლომ საფრთხის შემცველად შეაფასა პანსიონში არსებული ზოგადი მდგომარეობა. აგრეთვე, სახალხო დამცველის შეფასებით, პანსიონში არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება არასრულწლოვანთა ინტერესებს და არსებულ სტანდარტებს, და, ასევე, საფრთხის შემცველია ბავშვებისთვის ძალადობისგან დაცვის, სრულფასოვანი განვითარების, სოციალიზაციისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების კუთხით. ამ ფონზე, განსაკუთრებით, სამწუხაროა, საპატრიარქოს მიერ განჩინების გასაჩივრების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვები გამოჰყავს, მათ შორის, სასამართლოს განჩინების საფუძველზე. ნინოწმინდის პანსიონიდან ჯამში 11 არასრულწლოვანია გამოყვანილი, მათგან ერთი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი.

„სამართლიანი არჩევნები“ აუცილებლად თვლის, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ მიეცეს სახალხო დამცველს მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა, ადმინისტრაციის დასწრების გარეშე, რათა შეძლოს ბავშვებთან უსაფრთხო გარემოში ურთიერთობა და მათი მდგომარეობის შეფასება.

„სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს:

საქართველოს საპატრიარქოსა და პანსიონის ადმინისტრაციას - დაუყოვნებლივ შეუშვას სახალხო დამცველის წარმომადგენლები დაწესებულებაში და შეწყვიტოს ბავშვთა საუკეთესო ინტერესის უგულებელყოფა, მათი სტრესულ მდგომარეობაში ჩაყენება და ამის ამსახველი ვიდეოების გასაჯაროება. ასევე, შეწყვიტოს ბავშვების გაყვანის პროცესის ხელშეშლა;

სამართალდამცავ უწყებებს - დაუყოვნებლივ მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია მიმდინარე გამოძიებისა და მისი შედეგების შესახებ;

სახელმწიფოს - უარი თქვას ამ ტიპის ბავშვთა სახლებზე და დაუყოვნებლივ დაიწყოს პანსიონში მყოფი ყველა ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების ან მინდობით აღზრდაში გადაყვანის პროცესი, თუ ეს დროულად ვერ ხერხდება, პრიორიტეტი მიანიჭოს მცირე, საოჯახო ტიპის სახლებს;

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს - გადატანილი სტრესის გათვალისწინებით, სასწრაფოდ შემუშავდეს ბავშვთა ფსიქოლოგიური და, საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე, სხვა ტიპის დახმარების პროგრამები და დაიწყოს მათი რეაბილიტაციის პროცესი”, - ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა