გიორგი ვაშაძე - სენატორები იყვნენ, ახლა სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჩამოვიდა, სტრატეგიული პარტნიორობა ღრმავდება - მიშელის დოკუმენტმა, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, სრულიად ახალი თანამშრომლობის პროცესი დაძრა

შარლ მიშელის დოკუმენტმა, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ, დაძრა სრულიად ახალი თანამშრომლობის პროცესი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან ფილიპ რიკერთან შეხვედრამდე განაცხადა.

გიორგი ვაშაძემ შეხვედრაზე განსახილველი რამდენიმე თემა განსაზღვრა და აღნიშნა, რომ მათ შორის პირველი სწორედ შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულება იქნება. ვაშაძის განცხადებით, ის ასევე აპირებს ჩრდილოეთის ნაკადის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხის დაყენებას.

„საქართველოში სენატორები იყვნენ, ახლა სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჩამოვიდა. ძალიან მნიშვნელოვანია ეს საქართველოსთვის, იმიტომ, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ღრმავდება. მე პირდაპირ შემიძლია ცალსახად განვაცხადო, შარლ მიშელის დოკუმენტმა, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ, დაძრა სრულიად ახალი თანამშრომლობის პროცესი, იმიტომ, რომ გამოიკვეთა საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციის გეგმა, შესაბამისად, რა თქმა უნდა, დღევანდელი შეხვედრის პირველი თემა იქნება შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულება და მომდინარეობს საკითხი. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ეს იქნება მართლმსაჯულება, სასამართლო, სამართალდამცავი ორგანოები და ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, პოლიტიზირებული მართლმსაჯულება. მესამე მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც მე მექნება საუბარი, ეს არის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც ჩვენ თუ არ დავძარით, ოპოზიციამ, ხელისუფლება ამაზე ხმას არ იღებს. ეს არის გასაღები საქართველოს ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის. რა თქმა უნდა, საუბარი იქნება ნატო-ზე და ნატო-სთან ინტეგრაციაზე, ევროკავშირთან ინტეგრაციაზე და რა თქმა უნდა, ჩრდილოეთ ნაკადი. ეს არის პროექტი, რომელიც გეოპოლიტიკას ცვლის, რომელიც რუსეთის ხელში იქნება კიდევ ერთი მძლავრი იარაღი თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. ამაზე უნდა გავამახვილოთ ყველა შეხვედრაზე ყურადღება და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ შეფერხდეს ეს პროექტი. სანქციები ჩრდილოეთ ნაკადს - ეს იქნება ჩემი მთავარი გზავნილი რაზეც ვისაუბრებ“, - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა