მამუკა ხაზარაძე უმრავლესობას - როგორ შეიძლება მოხსენებას ვისმენდეთ ევროპულ სტანდარტზე და აქ ვაკეთებდეთ ისევ ისე, როგორც საბჭოთა კავშირის დროს კეთდებოდა

როგორ დაუშვით საერთაშორისო სტანდარტის პროექტზე, სადაც საერთაშორისო ინვესტორი იღებს მონაწილეობას, რომ "გეზეშე", ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დოკუმენტი, გაეკეთებინა კომპანიას, რომლის უკანაც არ დგას არცერთი საერთაშორისო პროექტი, - ამის შესახებ “ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მან დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე „ნამახვანჰესის“ გარშემო არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

მამუკა ხაზარაძემ მთავარი აქცენტი ხელისუფლების უმოქმედობაზე და არასწორ პოლიტიკაზე გაამახვილა.

"თქვენ აქ საუბრობდით ევროინტეგრაციაზე ენერგო სფეროში, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენი ქვეყნის მდგრადობის, ენერგო დამოუკიდებლობის და ა.შ. მაგრამ, 10 - ბალიანი შკალიდან იქნებ მითხრათ სად ვდგავართ ახლა? რა მიზანი გაქვთ? რამდენ წელში ვიქნებით ევროკავშირის სისტემასთან თავსებადი და რაც ყველაზე მთავარია, როცა ვსაუბრობთ ევროსტანდარტებთან მიახლოებაზე, თქვენ, რომელიც კურირებთ ენერგო მიმართულებას ხელისუფლებაში, ბრძანდებით მინისტრის მოადგილე და ჩვენ გვაქვს სერიოზული პრობლემა საერთაშორისო პროექტთან დაკავშირებით, რომელსაც ჰქვია "ნამახვანი".

როგორ დაუშვით საერთაშორისო სტანდარტის პროექტზე, სადაც საერთაშორისო ინვესტორი იღებს მონაწილეობას, რომ "გეზეშე", ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დოკუმენტი, გაეკეთებინა კომპანიას, რომლის უკანაც არ დგას არცერთი საერთაშორისო პროექტი. ეს დაახლოებით ჰგავს ევრორემონტს, რომ ეძახიან, მაგრამ რეალურად, არანაირი ევროპული შინაარსი, ქართულ სინამდვილეში არ აქვს.

მითხარით, რომელი ჰიდროელექტრო სადგური აშენდა ამ ქართული კომპანიის "გამას" მომზადებული დასკვნების საფუძველზე, რომელიმე უცხოურ ქვეყანაში? სამშენებლო ნებართვები, რატომ გაიცა, როცა ასეთი დოკუმენტი არ იქნა განხილული საერთაშორისო დონეზე? მე გაგახსენებთ, როდესაც მილსადენი გაჰყავდათ 90-იან წლებში იქ მოწვეული იყო "როიალ ჰასკონიკი", მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანია. ანაკლიის პროექტზე მოწვეული იქნა ასევე "როიალ ჰასკონიკი" , სადაც ქვე-კონრაქტორად "გამა" ჰყავდათ. მილიონები დაჯდა და კითხვა არ არსებობდა იმდენად მაღალ დონეზე იქნა ეს ყველაფერი შესრულებული. ამხელა ხმაური და ამხელა ზიანი რატომ მიაყენეთ საინვესტიციო გარემოს, რატომ ხდება? სწორედ ამ გაუაზრებელი ნაბიჯის გამო?

მე არ შევდივარ ხელშეკრულების საკითხებში, ეს ცალკე განხილვის თემაა. თქვენ, როგორც პასუხისმგებელი პირი, რატომ არ აჩერებთ ამ პროცესს? მორატორიუმს, რატომ არ აცხადებთ? რატომ არ უხსნით ინვესტორს და მოსახლეობას, რომელსაც ზოგ შემთხვევაში ლეგიტიმური კითხვები აქვს და თუ ლეგიტიმური კითხვა არ აქვს და ვინმე დივერსიას აწყობს, სად არის უსაფრთხოების სამსახურები, რომელიც ამას გამოავლენდა?

ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ. მე ერთი ინტერესი მაქვს, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს და ამ შემთხვევაში დეპუტატს, ყველაფერი გავაკეთოთ სწორად, რადგან თქვენ, თქვენი ნახევარი საათი მიუძღვენით ევროკავშირთან ასოცირებას ენერგო სისტემაში და როგორ შეიძლება მოხსენებას ვისმენდეთ ევროპულ სტანდარტზე და აქ ვაკეთებდეთ ისევ ისე, როგორც საბჭოთა კავშირის დროს კეთდებოდა", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ, რომლის განცხადებასაც პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს