დავით თვალაბეიშვილი - ენერგეტიკის სექტორში რეფორმების განხორციელებისთვის მიღებული გვაქვს ყველა ძირითადი კანონი და ვასრულებთ ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ  დირექტივებს

საქართველოს ხელისუფლების აქტიური მუშაობის შედეგად, მიღებულია ყველა შესაბამისი კანონი და შექმნილია საბაზისო საკანონმდებლო საფუძველი ენერგეტიკის სექტორში რეფორმების განხორციელებისთვის, რომლის მიზანია კონკურენტული ენერგეტიკული ბაზრის ჩამოყალიბება, ენერგოეფექტურობის მოთხოვნათა დანერგვა, განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოების წახალისება და მომხმარებელთა უფლებების დაცვა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა საქართველოს პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმებისა და ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს მიერთების ოქმით აღებული ვალდებულებების ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების ანგარიში წარუდგინა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, თავის გამოსვლაში მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი ელექტროენერგეტიკული ბაზრის მიმდინარე რეფორმას, რომელიც ითვალისწინებს ბაზრის არსებული მოდელის თვისობრივ ცვლილებას როგორც საბითუმო, ასევე საცალო დონეზე.

„ამ რეფორმის შედეგად, ეტაპობრივად უნდა მოხდეს ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენციის განვითარება ბაზრის ეტაპობრივი გახსნის გზით, უნდა ჩამოყალიბდეს ბაზრის ისეთი მოდელი, რომელიც სწორ საფასო სიგნალებს მისცემს როგორც გენერაციის ინვესტორებს, ასევე მომხმარებლებს. ეს მიზანი, როგორც წესი, მიიღწევა ელექტროენერგიით საათობრივ ვაჭრობაზე გადასვლით, როდესაც ფასი, რომელიც ყალიბდება მიწოდებისა და მოთხოვნის საფუძველზე, ზუსტად ასახავს დროის კონკრეტულ მონაკვეთში ელექტროენერგიის რეალურ დანახარჯს" , - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისივე განმარტებით, ელექტროენერგიის საათობრივ ვაჭრობაზე გადასვლა დაგეგმილი იყო 2021 წლის პირველი ივლისიდან, მაგრამ პანდემიით გამოწვეულმა სირთულეებმა, ასევე ტესტირების მიმდინარე პროცესში დაფიქსირებულმა სხვადასხვა ხარვეზების გამოსწორების აუცილებლობამ დღის წესრიგში დააყენა ვადის გადაწევა 6 თვით - 2022 წლის პირველ იანვრამდე.

„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ გადაიდება მხოლოდ საათობრივი ვაჭრობა და შესაბამისი ბაზრის სეგმენტების ამოქმედება. თავად ენერგეტიკული ბირჟა, რომელიც 2019 წელს დაფუძნდა და პროცესის ერთ-ერთი ელემენტია, მზად არის დაიწყოს ოპერირება, მაგრამ, იმისთვის, რომ მთლიანად, სრულმასშტაბიანად ამოქმედდეს ახალი, ორგანიზებული ბაზრები, ეს სხვადასხვა კომპონენტზეა დამოკიდებული - ტესტირების მიმდინარე პროცესში გამოიკვეთა, რომ არის გარკვეული საკითხები, რომლებიც მოითხოვს დახვეწას, აქედან გამომდინარე, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, ენერგეტიკულ თანამეგობრობასთან ერთად გადაწყდა, რომ საჭიროა ამ ტესტირებების კიდევ გაგრძელება რამდენიმე თვით. ვიცით, რომ სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც შემოღებული იყო ღია, ორგანიზებული ბაზრები, ტესტირებებს დაჭირდა ძირითადად ერთი წელი, მაგრამ ჩვენ ამდენი დრო არ დაგვჭირდება - საკმაოდ სწრაფად მივდივართ წინ და ვფიქრობთ, წლის ბოლომდე ყველა ძირითადი, მათ შორის ტექნიკური საკითხი იქნება მოგვარებული" , - აღნიშნა დავით თვალაბეიშვილმა.

ეკატერინე ციმაკურიძე - განსაკუთრებული პრობლემაა ხელისუფლების მცდელობები თავი აარიდოს 19 აპრილის შეთანხმების ისე შესრულებას, როგორც ეს თავად ამ შეთანხმებითაა ნაგულისხმევი
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2021
სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანმა არჩევნები იმის გამო მოიგო, რომ სომეხმა ხალხმა ყარაბაღის ომში დამარცხება მას არ დაუკავშირა
ჭარბი წონა მსოფლიოში არა მხოლოდ პრობლემა,  დიდი ხანია, პანდემიაა (R)
"თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტში“ კონფერენცია „კურორტოლოგიის როლი მედიცინაში“ გაიმართა
ტერაბანკმა FMO-სგან გრძელვადიანი დაფინანსება მიიღო