მიხეილ სარჯველაძე - სახელმწიფოს ხელთ აქვს ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბავშვების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, იმაზე, რაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით მოხდა, პასუხისმგებლობა ყველას ეკისრება. როგორც მან პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, სახელმწიფოს ხელთ აქვს ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ ბავშვების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი.

„ის, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ვიხილეთ, არის სრულიად არანორმალური და დაუშვებელი რამ. ჩვენ ყველანი პასუხისმგებელნი ვართ იმაზე, რაც მოხდა და საუბარი მეტ ან ნაკლებ ბრალეულობაზე არის სრულიად მეორეხარისხოვანი“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი ინფორმაციით, ახლა ვითარება არის უკეთესი, ვიდრე 2 კვირის წინ იყო, რამდენადაც კითხვის ნიშნები ბავშვების უსაფრთხოებასა და მათ ნორმალურ პირობებში ყოფნასთან დაკავშირებით აღარ არსებობს.

„დასაფასებელია, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ, სასამართლომ, სახალხო დამცველმა, ყველამ თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ საქმეში, რომლის შედეგადაც პროცესები მოექცა ნორმალურ კალაპოტში, მაგრამ ეს არ გვაძლევს მოდუნების საფუძველს. ბევრი რამ ბოლომდე იქნება მისაყვანი. ეს ის სფეროა, სადაც კომპრომისი არის გაუმართლებელი“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი 20-მა ბენეფიციარმა დატოვა, მათ შორის შვიდი შშმ პირია. სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება მეუფე სპირიდონი. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონიდან გამოყვანილი ბავშვები ბიოლოგიურ ოჯახში, მცირე საოჯახო ტიპის სახლსა და მინდობით აღზრდაში იმყოფებიან.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა