ნიკოლოზ სამხარაძე - საქართველო და უკრაინა  სტრატეგიული პარტნიორები არიან

საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, საქართველო და უკრაინა სტრატეგიული პარტნიორები არიან და ოპოზიციის არაფორმალური ლიდერის ყოველდღიური მცდელობის მიუხედავად ამ ურთიერთობებს ჩრდილი არ მიადგება.

„მინდა ჩვენი საზოგადოება დავარწმუნო, რომ საქართველო და უკრაინა სტრატეგიული პარტნიორები არიან და დიდი მცდელობის მიუხედავად, რომელიც ოპოზიციის არაფორმალური ლიდერის მხრიდან ხორციელდება თითქმის ყოველდღიურად ამ ურთიერთობებს არანაირი ჩრდილი არ მიადგება. უკრაინის პრემიერ მინისტრის ვიზიტის დროს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იყო განხილული. პირველი საკითხი ეს არის ეკონომიკური თანამშრომლობა და ჩვენ შევთანხმდით, რომ ორმხრივი აღიარება მოხდება ვაქცინაციის დოკუმენტების, რაც ტურიზმის აღდგენას შეუწყობს ხელს. მნიშვნელოვანი სფერო, რაზეც შეთანხმება მოხდა, ეს იყო ტრანსპორტის და ლოჯისტიკის სფეროში თანამშრომლობა, შავი ზღვის პორტების სატრანზიტო პოტენციალის სრულად ათვისება დ ჩვენი პორტების ერთობლივად დატვირთვა. ასევე, სავაჭრო ბრუნვის ჯერ პირველ ეტაპზე მილიარდ დოლარამდე გაზრდა და შემდეგ, ასევე ერთობლივი ნაბიჯებით დაგეგმვა ბაზრების ინტეგრირებისთვის, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ორი ქვეყნისთვის.

ამ შეხვედრებიდან გამოიკვეთა, რომ არსებობს პოტენციალი უკრაინა - საქართველო - ევროკავშირი ამ სამკუთხედში საექსპორტო ზრდისა და უკანასკნელი ციფრები აჩვენებს, რომ უკრაინასთან ექსპორტის ზრდა არის 20%-ზე მეტი, რაც ასევე იმედის მომცემია.

მეორე ძირითადი საკითხი იყო ნატოში ინტეგრაცია. ჩვენ კარგად ვიცით, რომ სამწუხაროდ, ნატო-ს მოახლოებულ სამიტზე საქართველო და უკრაინა არ იქნებიან წარმოდგენილი, თუმცა საზოგადოებას რომ მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ძალიან მოკლეხნიანი სამიტი. იგი გაგრძელდება მხოლოდ და მხოლოდ სამ საათს. ეს არის ტექნიკური შიდა სამიტი და ასევე სამიტი, რომელზეც ამერიკის ახალი ადმინისტრაცია გაეცნობა საკუთარ მოკავშირეებს. აქედან გამომდინარე ეს არის დიდი სამიტისთვის მზადებისთვის შუალედური ეტაპი და ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ამ სამიტზე უნდა დამტკიცდეს არის 2030 წლის სტრატეგია, სადაც გარწმუნებთ, საქართველოს და უკრაინის წევრობაზე აუცილებლად იქნება საუბარი.

მესამე მნიშვნელოვანი თემა ეს არის ასოცირებული ტრიოს ფორმატი, რომელიც ახლახან დაარსდა და მას საპარლამენტო დონეზე ასევე მხარს უჭერს საქართველოს - უკრაინა- მოლდოვას ასამბლეა, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში დაფუძნდა. ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ერთად მოემზადებიან აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის და იმისათვის, რომ ევროკავშირს მოსთხოვონ მეტი დიფერენცირება და ასოცირებული ქვეყნებისათვის უფრო მეტი შესაძლებლობების მიცემა, რათა ისინი სწრაფად დაუახლოვდნენ ევროკავშირს.

კიდევ ერთი თემა, რაზეც ვისაუბრეთ არის კონფლიქტები და რა თქმა უნდა, ოკუპირებული ტერიტორიები, როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში. ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ ურთიერთკოორდინაციას ყველა საერთაშორისო ფორუმზე, ერთიანი ფრონტით გამოვალთ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და კოორდინირებულად ვიმოქმედებთ საერთაშორისო ინსტიტუტებში. ასევე უკრაინა იქნება თანაავტორი გაეროს რეზოლუციისა, რომელიც ეხება საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანას და ასევე იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნებას“, - განაცხადა სამხარაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა