„ლელოს” ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, არასწორია, რომ „ნაციონალური მოძრაობა” აქამდე არ შეუერთდა შარლ მიშელის შეთანხმებას.
როგორც ის აცხადებს, „ნაციონალურმა მოძრაობამ” დოკუმენტს ხელი რაც შეიძლება მალე უნდა მოაწეროს, რადგან ეს შეთანმხება „ევროპელების მიერ გამოწვდილი ხელია“.
„მივესალმები, რომ დღეს სრულად შედგა პარლამენტი და გადაწყვეტილება, რომელიც „ლელომ” და სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა მიიღეს, რომ ხელი მოეწერათ შარლ მიშელის დოკუმენტზე, იყო სწორი. ვფიქრობ, დღეიდან პარლამენტში იქნება ცხარე და საინტერესო დებატები. მივესალმები „ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტში შემოსვლას, თუმცა აქვე ვიტყვი, რომ ვისურვებდი უახლოეს დღეებში შარლ მიშელის დოკუმენტს შეუერთდნენ.
ეს პარლამენტი არის გარდამავალი იმიტომ, რომ ოქტომბრის არჩევნები იქნება ტესტი ქართული საზოგადოებისთვის, თუ როგორ ქვეყანაში გვინდა ვიცხოვროთ და რომ დამთავრდეს არაფორმალური მმართველობა. ის 43%-იანი რეფერენდუმი არის იმის გარანტია, რომ სრული მობილიზაცია მოვახდინოთ და 2022-ში მივიღოთ რიგგარეშე არჩევნები.
შარლ მიშელის დოკუმენტი არაა მხოლოდ დოკუმენტი. ესაა ევროპელების მიერ გამოწვდილი ხელი და “ნაცმოძრაობა” რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეუერთდეს დოკუმენტს. ამდენი ხანი რომ არ გააკეთა, ეს არის შეცდომა”,- განაცხადა ხაზარაძემ.