თინა ბოკუჩავა - ივანიშვილის გეგმაა, კოალიციურ პარტნიორად გამოიყენოს გახარია ვადამდელი არჩევნების შემდეგ

ივანიშვილის ოდნავ გრძელვადიანი გეგმაა, რომ კოალიციურ პარტნიორად გამოიყენოს გახარია ვადამდელი არჩევნების შემდეგ, - ამის შესახებ ჟუნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ამას ემსახურება გახარიასა და „ქართულ ოცნებას“ შორის დაპირისპირების თაობაზე ილუზიის შექმნა.

„ძალიან ვრცლად ისაუბრა გახარიამ, თუმცა, ერთი აუგი სიტყვა არ წამოსცდენია ბიძინა ივანიშვილზე. როცა მას ეკითხებიან არაფორმალურ მმართველობაზე, მას ახსენდება მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ არა ის, რომ ამ ქვეყანაში არის ოლიგარქიული მმართველობა და ხელისუფლების ყველა შტოს აკონტროლებს ბიძინა ივანიშვილი. მათ შორის ბიძინა ივანიშვილს აარიდა პასუხისმგებლობა „ქართული ოცნების“ ყველაზე სისხლიან ლაქაზე, როცა თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა არაფერი იცოდა 20 ივნისის ღამეს მიმდინარე პროცესებზე, რაც რა თქმა უნდა, არის მტკნარი ტყუილი, რადგან გახარია იმყოფებოდა პარლამენტში, სადაც ვიმყოფებოდი მეც და მქონდა შესაძლებლობა მასთან ინტერაქციის და გარწმუნებთ, ბიძინა ივანიშვილი არამცთუ სრულად ინფორმირებული იყო, არამედ ის იყო ადამიანი, რომელიც გასცემდა ბრძანებებს, თუმცა, შესაძლებელია არა მხოლოდ ექსკლუზიურად გახარიას მიმართ, ეჭვი მაქვს, რომ ანზორ ჩუბინიძის ჩარევაც მოხდა სწორედ იმ მომენტში, როცა ბატონ გახარიას ეგონა, რომ მოლაპარაკებები დაიწყებოდა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, მოხდა მისი გარკვეულწილად გვერდის ავლა, თუმცა, ეს რა თქმა უნდა, მას არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან, რომელიც ამ სისხლიანი დარბევის გამო გააჩნია.

გარკვეული დაპირისპირება რა თქმა უნდა, იქნება „ქართულ ოცნებასა“ და „ქართულ ოცნება 2“ შორის სწორედ იმისთვის, რომ ივანიშვილმა შექმნას გახარიას ოპოზიციონერობის ილუზია, მაგრამ ივანიშვილს როგორც ჩანს, დაბალი წარმოდგენა აქვს საქართველოს მოქალაქეების ინტელექტზე, რომელიც სწორად განჭვრეტს, რას ემსახურება გახარიას პოლიტიკურ ავანსცენაზე შემოსვლა - ეს არის ივანიშვილის ოდნავ გრძელვადიანი გეგმა, რომ კოალიციურ პარტნიორად გამოიყენოს გახარია ვადამდელი არჩევნების შემდეგ, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ჩაინიშნება,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.

ის ასევე გამოეხმაურა გახარიას განცხადებას კობახიძის შესახებ და აღნიშნა, რომ „პერსონალური შეურაცხყოფა არ უნდა იყოს ქართული პოლიტიკური დისკურსის ნაწილი, თუმცა ამ თვალსაზრისითაც გახარიამ ვერ ჩამოიცილა „ქართული ოცნების“ მახასიათებლები საკუთარ რიტორიკაში“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა