სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა 250-მდე კურსდამთავრებულს საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე დიპლომი საზეიმო ვითარებაში გადასცა

აშშ-ის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა 250-მდე კურსდამთავრებულს საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე დიპლომი საზეიმო ვითარებაში გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომპიუტერული ინჟინერიის, ელექტრული ინჟინერიის, სამოქალაქო ინჟინერიის, სამშენებლო ინჟინერიის, ქიმია/ბიოქიმიისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით კურსდამთავრებულთა 43%-მა უნივერსიტეტი წარჩინებით დაასრულა.

საზეიმო მიღებას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორები გიგა ზედანია და დავით გურგენიძე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური დელეგაცია, უნივერსიტეტის პრეზიდენტი ადელა დე ლა ტორესი, საქართველოს მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ყველა სტუდენტს მინდა მივულოცო ეს არაჩვეულებრივი დღე. 250 ახალგაზრდა შეუერთდა იმ კოჰორტას, რომელიც ჩვენი ქვეყნის სამუშაო ძალას შეადგენს, იმედია, რომ მათი უმრავლესობა დასაქმდება. თსუ აგრძელებს ABET აკრედიტაციაზე და კავკასიაში უნიკალურ, ორ ახალ პროგრამაზე მუშაობას“, - აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

სანდიეგოს უნივერსიტეტის პრეზიდენტის, ადელა დე ლა ტორესის განცხადებით, კურსდამთავრებულები აღჭურვილი არიან ყველა იმ საჭირო უნარითა და ცოდნით, რათა საკუთარი წვლილი შეიტანონ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში და ინოვაციური მიდგომებით გადაჭრან გლობალური პრობლემები.

“წლევანდელი ცერემონიის მონაწილე სტუდენტთა 37% ქალია, რაც სდსუ საქართველოს მიერ აქამდე განხორციელებული STEM დარგებში ქალთა ჩართულობის გაზრდისკენ მიმართული აქტიური ღონისძიებების შედეგია. ჩვენ განვაგრძობთ თანამშრომლობას ქართულ უნივერსიტეტებთან, რისი მაგალითიც არის თანამშრომლობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, სადაც ინჟინერიის დარგში საერთაშორისო სტანდარტების საუკეთესო პროგრამა ისწავლება,“- განაცხადა ადელა დე ლა ტორესმა.

საქართველოში აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის თქმით, აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს ტექნოლოგიებისა და განათლების სფეროს განვითარებას ქვეყანაში და მომავალშიც მრავალი მიმართულებით გეგმავს თანამშრომლობას ქართულ უნივერსიტეტებთან.

„სან დიეგოს უნივერსიტეტის, აშშ-ის საელჩოსა და საქართველოს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა ნათელი მაგალითია იმისა, რომ ქართული და ამერიკული უნივერსიტეტები განათლების სისტემის განვითარებაში დიდ ძალისხმევას დებენ. განსაკუთრებით ისეთი მიმართულებებში, როგორიცაა ინჟინერია, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, კომპიუტერული ტექნოლოგია და მათემატიკა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები წარმატებით გააგრძელებენ მოღვაწეობას და იქნებიან მისაბაძი მაგალითები სხვა სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ ამ სფეროში მოღვაწეობა. განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ კურსდამთავრებულთა 37% გოგონაა. ეს საკმაოდ შთამბეჭდავი რიცხვია,“- აღნიშნა კელი დეგნანმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, გასულ წელს პანდემიური ვითარების გამო, კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია მხოლოდ ვირტუალურად გაიმართა. მიმდინარე წლის ცერემონიაში კი მონაწილეობა მიიღეეს, როგორც 2021 წლის, ასევე 2020 წლის კურსდამთავრებულებმა. ღონისძიებაზე აგრეთვე, გამოიფინა 2020 და 2021 წლის საბაკალავრო პროექტები.

თსუ-ის ორმა პროგრამამ 2020 წელს, რეგიონში პირველად, ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) აკრედიტაცია მიიღო. საერთაშორისოდ აკრედიტებული პროგრამებია: ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია და კომპიუტერული მეცნიერებები. საერთაშორისო აკრედიტაციის საფუძველზე თსუ-ის კურსდამთავრებულები იღებენ საერთაშორისო აღიარების მქონე დიპლომს, რომელიც კონკურენტუნარიანია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ორმაგი ხარისხის საგანმათლებლო პროგრამებს სან დიეგოს უნივერსიტეტთან ერთად 2015 წლიდან ახორციელებს.

ანდრო გოცირიძე - 3+3-ის ფორმატის უსარგებლობა და საფრთხის შემცველობა ცხადია, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე მასში საქართველოს გაწევრიანება, შესაძლოა, რუსეთიდან ჩვენზე ზეწოლის ერთ-ერთი მიმართულებაც იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2022
იოსებ ბარათაშვილი - ხაზარაძე-ჯაფარიძისა და წერეთლის საქმე  ერთი მხრივ, შერჩევითი და შეკვეთილი  მართლმსაჯულების, ხოლო მეორე მხრივ კი გამოძიების მწარმოებელი ორგანოს არაკომპეტენტურობის ნიმუშია
ტერაბანკი სამომხმარებლო სესხებსა და საკრედიტო ბარათებზე აქციას იწყებს
"სილქნეტის" ულიმიტო პაკეტები აქტიური ზამთრისთვის