ანრი ოხანაშვილი თინა ბოკუჩავას - მგონი, თქვენ მართლა გჯერათ, რომ როდესმე „ნაციონალური მოძრაობა“ მართლა გაიმარჯვებს არჩევნებში

მგონი, ქალბატონო თინა, თქვენ მართლა გჯერათ, რომ როდესმე „ნაციონალური მოძრაობა“ მართლა გაიმარჯვებს არჩევნებში,- ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ თინა ბოკუჩავას მას შემდეგ, რაც ბოკუჩავამ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ კანონში 2022 წლის 1-ელი თებერვლიდან დაგეგმილი ცვლილებების პროექტთან დაკავშრებით განაცხადა, რომ იმ დროისთვის პარტიების პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება „ქართული ოცნების“ საქმე აღარ იქნება.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, მაშინ, როდესაც ბოკუჩავა ვენეციის კომისიის დასკვნას ციტირებს, „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს. ოხანაშვილის გამოსვლას მისი თანაგუნდელები ტაშით შეხვდნენ.

„მთავარია, რომ შედეგია ხოლმე ადეკვატური. თქვენ გაღიმებული რჩებით ხოლმე ოპოზიციაში და „ქართული ოცნება“ რჩება გამარჯვებული ქართველ ხალხთან ერთად. ცინიკური არ არის ქალბატონი თინა რომ მესაუბრება ვენეციის კომისიაზე და შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერთ? ხომ ცინიკურია?! ცინიკურია ის, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ეყრდნობით და მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერთ. როგორ ხართ ამ კითხვებში გულწრფელნი. თქვენ ხართ ხალხი, რომელიც თავს ესხმით, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების და გერმანიის ელჩების განცხადებები არ მოგწონთ. ეს ფაქტია. როდესაც არ მოგწონთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, მიგაქვთ იერიში. ქალბატონი თინა ციტირებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას და ევროპული საბჭოს მედიაციით შექმილ დოკუმენტს ხელს არ აწერთ. არ ხართ მართლები. თქვენ სიტყვას ფასი არ აქვს, ძალა დაკარგა. ამიტომ ვერასდროს ვერცერთ არჩევნებში ვერ გაიმარჯვებთ“,- განაცხადა ოხანაშვილმა.

რაც შეეხება ბოკუჩავას განცხადებას, მან პარტიების დაფინანსების წესთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის ერთობლივი დასკვნიდან ამონარიდი წაიკითხა და ოხანაშვილს მიმართა, რომ „როგორც ჩანს, ეს დასკვნა წაკითხული არ აქვს“.

„მითხარით ამ ფორმულირების რომელ ნაწილში ამოიკითხეთ ის, რომ თქვენ 2022 წლის 1-ელი თებერვლიდან შეგიძლიათ პარტიებს წაართვათ დაფინანსება, თუ მათი წევრების უმრავლესობა პარლამენტში არ არიან წარმოდგენილები. მართალია, 2022 წლის 1-ელ თებერვალს თქვენი გადასაწყვეტი არ იქნება, ვინ როგორ განახორციელებს საკუთარ პოლიტიკურ საქმიანობას. ჩვენ არა კონკრეტულ პარტიას ვლობირებთ, როგორ თქვენ ამბობთ, არამედ ლობირებას ვუწევთ სიმართლეს, ლობირებას ვუწევთ იმას, რომ ამ პარალმენტმა მოუსმინოს ვენეციის კომისიას და ეუთო/ოდირს და მიიღოს კანონები, როემლიც კონსტიტუციასთან, როგორ მინიმუმ, შესაბამისობაშია“,- განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, პარლამენტი მეორე მოსმენით “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს იხილავს. პროექტი მეორე მოსმენით განხილვისთვის შემდეგი ფორმით არის წარდგენილი: - პარტია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანების მიღების უფლებას კარგავს, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ფაქტობრივი რაოდენობა მის მიერ მიღებული მანდატების ნახევრამდე მაინც შემცირდება. ამ გარემოების წარმოშობის შემთხვევაში, პარტიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუწყდება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან. საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედება 2022 წლის 1-ელი თებერვლიდან იგეგმება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა