მეუფე სპირიდონი - ძალიან საშიში მოვლენაა არასამთავრობოების და ლომჯარიების ზემოქმედება ახალგაზრდობაზე, ცნობიერებას უცვლიან - ერი ფეხზე უნდა დადგეს

ძალიან საშიში მოვლენაა არასამთავრობოების და ლომჯარიების ზემოქმედება ახალგაზრდობაზე, ცნობიერებას უცვლიან , - ამის შესახებ მეუფე სპირიდონმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ის გამოეხმაურა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში განვითარებულ მოვლენებს.

„მასმედიის საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს პირველკურსელი გამოაგდეს უნივერსიტეტიდან, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. ეს ახალგაზრდა არის ლუკა ხაჩიძე, რომელიც პანსიონატში იქნა მიღებული, როცა რამდენიმე დღის იყო. დედა ეკლესიამ გაზარდა, თავს ევლებოდა, არ აკლებდა არაფერს. არც ჩაცმა, არც დახურვა, არც კვება. უზრუნველყოფილი იყო ყველაფრით. შემდეგ დედა ეკლესიამ სკოლა დაასრულებინა და შემდეგ უნივერსიტეტში მოაწყო, მისცა იმდენი სწავლა-განათლება, რომ მოეწყო უნივერსიტეტში საპატრიარქოს უნივერსიტეტში. გაოცებული ვართ, რამ აიძულა ეს ბავშვი, რამ შეუცვალა გონება, რომ ასე მოიქცა. თურმე, ურეკავდა ლომჯარიას, სახალხო დამცველს არასამთავრობო ორგანიზაციებს და ამთთან მოლაპარაკებები ჰქონდა. საოცარია, გაოცებული ვართ და ძალიან შეწუხებული“, - განაცხადა მეუფე სპირიდონმა.

მეუფე სპირიდონი ამბობს, რომ ერი ფეხზე უნდა დადგეს, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციები ისეთი თაობების შექმნას აპირებენ, რაც საშიშია.

„ამიტომ, ვთვლით და ვაცხადებთ, რომ ეს ძალიან საშიში მოვლენაა, არასამთავრობოების და ამ ლომჯარიების და მათი საზოგადოებების ზემოქმედება ახალგაზრდობაზე, ასე უცვლიან ცნობიერებას, მათ ცნობიერებას ფორმატირებას უკეთებენ. რა გამოდის, რომ ბავშვმა ყველაფერი მიიღო, ეკლესიამ ყველაფერი მისცა ბავშვს და შეუტრიალდა ეკლესიას ჩივილი დაუწყო და მტრად გაუხდა. ამასთან დაკავშირებით მახსენდება ცნობილი გამოთქმა: დედას დავახრჩობ, გავგუდავ მამას, რევოლუცია თუ მეტყვის ამასო. როგორც ჩანს, ასეთი თაობის შექმნას აპირებენ ისინი, ეს საზოგადოებები აპირებენ ასეთი თაობების შექმნას, ეს ძალიან საშიშია. ერი ფეხზე უნდა დადგეს, ქვეყანა ფეხზე უნდა დადგეს, რომ ასეთი თაობა არ მივიღოთ“, - განაცხადა მეუფე სპირიდონმა.

მეუფე სპირიდონის თქმით, ნინოწმინდის პანსიონში ბავშვების გადაბირების პროცესი მიდის. ის ამბობს, რომ გარკვეულ ძალებს სურთ, ქართული ელემენტი და მენტალიტეტი ამოძირკვონ.

"ნინოწმინდის პანსიონატში სოცმუშაკების აქტიური პროცესი მიმდინარეობს. 10 სოცმუშაკი მუშაობდა ყოველდღე, ზოგჯერ მეტიც. ჩვენ გაოცებული ვიყავით, რა საჭირო იყო ამდენი. როგორც ბავშვები ჰყვებიან და ყოველდღე ირკვევა ახალ-ახალი შედეგები, აქტიურად მიმდინარეობს ბავშვების გადაბირების პროცესი, რომ პანსიონატი დაატოვებინონ. რატომ სჭირდებათ და რატომ აწყობთ ეს? ჩვენ ამაზე ვფიქრობთ და პასუხი გვაქვს ცალსახად - პირველი ის , რომ ნინოწმინდაში ქართული ელემენტი, გენი და მენტალიტეტი აღარ იყოს. იქ არის ქართული საჯარო სკოლა, რომელიც გაუქმებული იყო, აი ამ ბავშვების ბაზაზე ისევ ამოქმედდა. ძირითადად იქ მხოლოდ ჩვენი ბავშვები სწავლობენ. თუ ეს პანსიონატის ბავშვები იქ აღარ იქნებიან ცხადია, რომ ის სკოლა დაიხურება. გარკვეულ ძალებს ეს უნდათ, რომ ქართული ელემენტი და მენტალიტეტი ამოძირკვონ. ღმერთმა დაგვიფაროს ამისგან. არ უნდათ, რომ ბავშვები ეკლესიაში იზრდებიან, იმიტომ, რომ მაშინ თავიანთ იდეოლოგიას, რომელიც არის გენდერული და მასიური სოდომიზაციის თეორია და ისინი აპირებენ და უნდათ, რომ ეს საქართველოში დაამკვიდრონ. ამიტომ ერი ფეხზე უნდა დადგეს, რომ ეს არ დავუშვათ",- აცხადებს მეუფე სპირიდონი.

მეუფეს თქმით, ნინოწმინდის პანსიონში შევიდა "იუნისეფი", რომელიც სახალხო დამცველზე "უარესი თუ არა, უკეთესი არ არის" და მსოფლიოს მასშტაბით "ლგბტ პროპაგანდისტები არიან".

"ჩვენ ლომჯარიას უარი ვუთხარით იმის გამო, რომ აქტიური ლგბტ პროპაგანდას აწარმოებდა. ახლა შევიდა "იუნისეფი" და ესენი უარესი თუ არა უკეთესები არ არიან ლომჯარიას სამსახურზე. ესენი ლგბტ პროპაგანდისტები არიან უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის მიუღებელია. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ამის, რომ ჩვენი ახალგაზრდობა და ჩვენი მომავალი თაობა წმინდად, პატიოსნად და წესიერად უნდ შევინახოთ, რომ მომავალი გვქონდეს. ერები, რომელიც ამ გარყვნილ იდეოლოგიას დაემორჩილნენ გაქრნენ დედამიწიდან. პირველი წარღვნა რატომ იყო? - აი, ამ საშინელი ცოდვის გამო. ჩვენ თუ გვინდა ერმა ვიარსებოთ ამ ბილწ იდეოლოგიას , რომელიც არის სოდომიზაცია, კატეგორიული წინააღმდეგობა უნდა ვუთხრათ და აღვუდგეთ წინ", - ამბობს მეუფე სპირიდონი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო