მამუკა ხაზარაძე - როგორც კი ჩვენ ქალაქის „ძარღვებს“ ნგრევას ვუწყებთ, მაშინ ნუ გაგვიკვირდება, რატომ არ ვგავართ პარიზს, რატომ არ ვგავართ ბარსელონას

ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, მამუკა ხაზარაძემ თბილისის სამშენებლო ამნისტის შესახებ კანონპროეტს „კორუფციული და ქალაქის მკვლელი კანონი უწოდა“.

როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, ამ კანონპროექტში იკვეთება ძალიან დიდი კორუფციული ინტერესი.

"თქვენ ზოგადად აკეთებთ ამნისტიას ისე, რომ ხალხის არჩეულ დეპუტატებს, მოსახლეობას, თბილისის მოქალაქეებს არ ეუბნებით ვინ დაუღვია ამ ქალაქს სტრუქტურა, ვინ იძალადა ქალაქზე, ადამიანზე“, - მიმართა უმრავლესობას მამუკა ხაზარაძემ.

მან კონკრეტულ ფაქტებზეც ისაუბრა.

„ჩვენ, თბილისი ყველას გვიყვარს, მინიმუმ ერთი სადღეგრძელო მაინც ხომ გვითქვამს თბილისთან დაკავშირებით. 8 წელია „ქართული ოცნება" და გული რომ არ დაგწყდეთ, კიდევ ის 9 წელი, როცა თბილისის არტერიები და ძარღვი ინგრეოდა, ვის ეყო პოლიტიკური ნება, თუნდაც 2008 წელს ან 2014 წელს ან 2018 წელს გაცემული ნებართვები გაჩერებულიყო და ზედამხედველობის სამსახურს ან პოლიტიკური გადაწყვეტილებით ეს ყველაფერი შეეჩერებინა.

სიმართლე გითხრათ, მაოცებს ერთი რამ. ამ ქალაქს აქვს მეხსიერება და ქალაქი შედგება ადამიანებსგან და შენობებისგან. როგორც კი ჩვენ უკანონოდ ვერევით ამ სტრუქტურაში და ქალაქის ამ ძარღვების ნგრევას ვიწყებთ, მაშინ ნუ გაგვიკვირდება, თუ რატომ არ ვგავართ პარიზს, რატომ არ ვგავართ ბარსელონას. მე მინდა ერთი რამ გითხრათ „ქართული ოცნების" დეპუტატების გასაგონად. მინდა ქალბატონ მაიას ვუთხრა, ეს არ არის კოლეგიალობა. რა აზრი აქვს კომიტეტზე ჩემს გამოსვლას, ან ნებისმიერი სხვა კოლეგის გამოსვლას? რა აზრი აქვს კომიტეტზე განხილვებს, თუ შედეგი არ მოაქვს და თუ არ ვითვალისწინებთ ერთმანეთის შენიშვნებს?! როცა საკითხს ვაყენებთ და იმაზე პასუხს ვერ ვიღებთ, ეს არის არაკოლეგიალური.

შორს რომ არ წავიდეთ, ერთი კონკრეტული მაგალითი მინდა გაჩვენოთ. თქვენი ცენტრალური ოფისის გვერდზე, სადაც თქვენ ხშირად იკრიბებით, „ქართული ოცნება“ მაქვს მხედველობაში, მომიტევეთ, ძალიან არ მიყვარს ფურცლებს რომ აფრიალებენ ტრიბუნიდან, მაგრამ სხვაგვარად არ ვიცი, როგორ მიგახვედრით, ვიზუალურად მინდა გაჩვენოთ - თქვენი ოფისის გვერდზე შენდება შენობა. ეს არის ზემო კალა, ზემო კალა არის ისტორიული უბანი და ეს უბანი არის დაცული ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდან. ჯერ კიდევ ყავლაშვილის დროიდან. ამ დაცვის ყველაზე ძირითადი პარამეტრი არის სიმაღლე.

თქვენი ოფისის გვერდზე მიმდინარეობს მშენებლობა ყოველგვარი ნებართვის გარეშე. მე არ ვიცი ვინ უდგას ამას სათავეში, მაგრამ თქვენივე გაცემულ დასკვნაში წერია, რომ შენობა არის უკანონოდ აშენებული, პარამეტრების დარღვევით და ახლა კითხვა მაქვს - როცა თქვენ იკრიბებით პოლიტსაბჭოს შეხვედრებზე, ეს არ გაწუხებთ? 200კვ.მ დამატებითი ფართის გამო, რატომ უნდა მისცეს ვინმემ თავს უფლება, პრეცენდენტი შექმნას, რომ ქალაქის ისტორიულ უბანში ჩადგას ეს სიმახინჯე.

მე მინდა გითხრათ, რომ კონკურენცია იწყება ქალაქში და ბიზნესი, ინვესტიცია შემოდის მაშინ, როცა არის თანაბარი პირობები და არ ხდება გამონაკლისები. აი ეს ადამიანი, რომელიც აშენებს ამ შენობას და თქვენ ძალიან კარგად იცით ამ პროექტის შესახებ, ამ ამნისტიის კანონის შესაბამისად მიმართავს თქვენს ზედამხედველობას და აი, ეს სიმახინჯე აშენდება, დაკანონდება. როგორი ქალაქი გვინდა ამაზე დაფიქრებულხართ? იცით რაშია საქმე? ამ კანონპროექტში, რომელიც თქვენ წარმოადგინეთ, იკვეთება ძალიან დიდი კორუფციული ინტერესი, იმიტომ, რომ თქვენ ზოგადად აკეთებთ ამნისტიას ისე, რომ ხალხის არჩეულ დეპუტატებს, მოსახლეობას, თბილისის მოქალაქეებს არ ეუბნებით ვინ დაურღვია ამ ქალაქს სტრუქტურა, ვინ იძალადა ქალაქზე, ადამიანზე. ეს არის ძალადობა. როცა თქვენ, მეზობელს უჭრით ხეს, რომელიც შეიძლება შენი მშობლების პაემნის, პირველი შეხვედრის ადგილი იყო, მას უკლავთ მეხსიერებას. ამ შემთხვევაში შენ ანგრევ გაცილებით მეტს შენი შვილებისთვის, შენი მომავლისთვის, შენი ქალაქისთვის.

ჩემი თხოვნაა, სიმართლე ვუთხრათ ერთმანეთს. ეს კანონი ახლა, როგორც არის წარმოდგენილი, პირდაპირ გეუბნებით, საჭიროებს გაწვევას, ამ ფაქტების მოძიებას, ვინ არის ის 50 ან 100 კომპანია, რომ ვიცოდეთ მაინც, ვის ვპატიობთ და რას ვპატიობთ“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო