მამუკა ხაზარაძე ფინანსთა მინისტრს - ახლა გეღიმებათ და თუ ეს სიმწრის სიცილია, თანაგიგრძნობთ, მაგრამ თუ ირონიულია, ძალიან გთხოვთ, თავი შეიკავოთ

ახლა თქვენ გეღიმებათ და თუ ეს არის სიმწრის სიცილი, ბატონო მინისტრო, მაშინ თანაგიგრძნობთ, მაგრამ თუ ირონიული სიცილია, მაშინ ძალიან გთხოვთ თავი შეიკავოთ,- ასე მიმართა „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს, რომელსაც „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

მამუკა ხაზარაძემ გამოსვლაში შესყიდვებთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ პირდაპირ შესყიდვასა და კონკურენტუნარიან ტენდერს შორის 10%-დან 15%-მდე იკარგება.

„დაახლოებით 6 წლის განმავლობაში, 8 მილიარდი ლარის პირდაპირი შესყიდვა განხორციელდა. ვინც ამ შესყიდვას ახორციელებს და ვინც არის მონაწილე ამ შესყიდვებში, ძირითადი ნაწილი არის თქვენი პარტიის შემომწირველი. ეს არის ღია ინფორმაცია. თქვენ გაქვთ თუ არა ინფორმაცია, როგორც ქვეყნის მთავარ ფინანსურ მენეჯერს, პირდაპირ შესყიდვასა და კონკურენტუნარიან ტენდერს შორის 10%-დან 15%-მდე იკარგება, საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით. გაქვთ თუ არა ეს ინფორმაცია? თქვენ, როცა მთელმა ქვეყანამ ჩაგაბარათ, აი ამ გუნდს თითოეული მოქალაქის ფული სამართავად, თქვენ როგორ აძლევთ უფლებას, რომ ესეთი ფლანგვა და ესეთი კორუფცია არ აღკვეთოთ. მარტივი რაღაცაა - უნდა აკრძალო და თქვა, რომ კონკურენტულ უნარიან პირობებში უნდა ჩატარდეს ნებისმიერი შესყიდვა, ნებისმიერი ტენდერი. რატომ არ აკეთებთ ამას? სად მიდის ეს ფული? მითუმეტეს, კიდევ ვიმეორებ, ტენდერს ვინც იგებს ის ღიად გაფინანსებთ და ზემოდან კიდევ 10 - 15 % სადღაც ქრება. რატომ არ აკეთებთ ამას ამიხსენით”, - განაცხადა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძემ საკუთარ გამოსვლაში საბიუჯეტო დეფიციტზეც ისაუბრა. მისი თქმით, ინფლაციამ 5 პროცენტს გადააჭარბა და ამ დროს ხელისუფლება საუბრობს ეკონომიკის ზრდაზე.

„2019 წელს ბიუჯეტში ჰქონდათ 2.9 % დეფიციტი, 2020 წელს 9,3 და 2021 წელი არის 7,5 პროცენტი. ინფლაციამ გადააჭარბა 5 პროცენტს. ამ დროს თქვენ ამბობთ, რომ აი, ამ თვეს ჩვენ 40 % ზრდა გვქონდა ან ჩნდება კითხვა - რა მოხდა ამ ერთ თვეში? საწარმოები გაიხსნა? ტურიზმის ბუმი მოხდა? შეცდომაში ხომ არ შეგყავთ თქვენ ჩვენი მოსახლეობა იმიტომ, რომ ამ ზრდის 70% შემთხვევით სათამაშო ბიზნესის ბრუნვა ხომ არ არის? ამ დროს მინდა გითხრათ, რომ სათამაშო ბიზნესი, რომელიც თავიდან საინტერესო იყო, რომ ქვეყანაში მოგვეზიდა ე.წ. ის ტურიზმი, რომელიც ფულს დახარჯავდა და აქ კიდევ სხვა რაღაცას გააკეთებდა გადაიქცა რაღაცა კლანის, ხალხის გამაუბედურებელ ბიზნესად. ძალიან კარგად იცით, რამდენი გაუბედურებული ადამიანია, ამ ბიზნესიდან გამომდინარე მაგრამ, დავითვალოთ შემოსავალი რა მოაქვს ამ ბიზნესს ჩვენი ქვეყნისთვის. 2018 წელს 13 მილიარდი იყო ბრუნვა, შემოსავალი 250 მილიონი ეს არის 1,8 % ბრუნვის. 2019 წელს იყო 23 მილიარდი. რამე გეგმა გაქვთ? როცა ამხელა ფული მოძრაობს, თან უმეტესწილად შავი ფული რადგან თქვენ, რომ სია ნახოთ რამდენი ჩინოვნიკი თამაშობს ისე, რომ არ დაფიქსირდეს ქსელში. რა შემოაქვს ამას ბიუჯეტისთვის? რა გეგმა გაქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ ბიზნესი არ მოკლათ, რადგან აუცილებლად უნდა მივცეთ ბიზნესს სამართლიანი დაბეგვრის პირობები“, - აღნიშნა ხაზარაძემ.

ხაზარაძის თქმით, „სათამაშო ბიზნესს, კრიპტოვალუტებს, ბიტკოინებს აქვთ აბსოლუტურად მწვანე გზა”.

„საქართველო არის მსოფლიო სამეულში კრიპტოვალუტების მოპოვების თვალსაზრისით. მივესალმები, რადგან ეს ტექნოლოგიასთან არის დაკავშირებული, მაგრამ ნახეთ რა ხდება - ელექტროენერგია დღგ-სგან გათავისუფლებულია, ბიუჯეტში შედის 0 მოგების გადასახადი, 300 მილიონი იყო გერმანული კვლევით 3 წლის წინათ ამ მოპოვების პროდუქცია მთლიანი. ჩვენი გამოთვლებით ეს არის დაახლოებით მილიარდი დოლარის. კითხვა მაქვს - მილიარდი დოლარის პროდუქცია იქმნება ქვეყანაში, თქვენ როგორც ფინანსთა მინისტრს რა გეგმა გაგაჩნიათ, როცა ამხელა ვალი გაქვთ აკიდებული ერთის მხრივ და აქ, სათამაშო ბიზნესს, კრიპტოვალუტებს, ბიტკოინებს აქვთ აბსოლუტურად მწვანე გზა, გადასახადების თვალსაზრისით. ვინ დგას ამის უკან? რატომ ხდება ასე?“, - განაცხადა ხაზარაძემ.

“ჩვენ მოქალაქეებს, ვინც ცხოვრობს ამ ქვეყანაში და რომლებიც დავრჩით ძალიან ცოტა, რადგან პერსპექტივა გაქრა ამ ქვეყანაში. ახალგაზრდებს ერთი სული აქვთ, რომ გავიდნენ და იცით რატომ გადიან ისინი? უსამართლობას ხედავენ. იმის გამო კი არა, რომ სიღარიბეა, ხედავენ უსამართლობას. მათ არ სჯერათ, რომ რაც არ უნდა კარგად ისწავლონ, რაც არ უნდა კარგად იშრომონ, ამ ქვეყანაში მათ, პერსპექტივა ექნებათ. იცით რატომ არ სჯერათ? გარშემო გამეფებულია ტყუილი. ამ ტყუილის ნაწილია ათასობით და ათი ათასობით ადამიანი”, - განაცხადა ხაზარაძემ.

ხაზარაძის განცხადებით, პარლამენტში ჩასაფრებულ მდგომარეობაში არავინაა და არავინ არავის მტერი არ არის. მისი თქმით, ყველას სურს უკეთეს საქართველოში ცხოვრება.

„ჩვენ აქ ჩასაფრებულები კი არ ვართ. ვინმე ვინმეს მტერი კი არ არის, ხალხო. მე გულწრფელად მჯერა, რომ თითოეულ თქვენგანს გინდათ უკეთესი საქართველო, მართლა გულწრფელად მჯერა ამის, მით უმეტეს, რომ ვიცნობ აქ ადამიანებს დიდი ხანია და არასდროს არ შემცვლია მათზე შთაბეჭდილება, როგორიც მქონდა ისეთია, არც მათ ქართველობაში მეპარება ეჭვი. ამ დარბაზში მტრები ხომ არ ვსხედვართ. ახლა თქვენ გეღიმებათ და თუ ეს არის სიმწრის სიცილი, ბატონო მინისტრო, მაშინ თანაგიგრძნობთ, მაგრამ თუ ირონიული სიცილია, მაშინ ძალიან გთხოვთ თავი შეიკავოთ“, - განაცხადა ხაზარაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა