ირაკლი ტაბაღუამ, ნიკოლოზ კოწიწაშვილს ევროკავშირის გრანტის მოპოვება მიულოცა

რუსთაველმა ნიკოლოზ კოწიწაშვილმა ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, New School -ში სწავლის დაფინანსებისთვის, 50 ათასი ევროს ოდენობის გრანტი მოიპოვა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს.

როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, 16 წლის ნიკოლოზ კოწიწაშვილს რუსთავის მერი შეხვდა. ირაკლი ტაბაღუამ მას მიღწეული წარმატება მიულოცა და მადლობის სიგელი გადასცა.

რუსთავის სკოლა ,,ლაზარეს“ მეათე კლასის მოსწავლე ნიკოლოზ კოწიწაშვილმა, საერთაშორისო დონის ინგლისურენოვან New School -ში ჩაბარებისას, უმაღლესი ქულები მიიღო, რითაც ევროკავშირისგან 50 ათასი ევროს ოდენობის გრანტი მოიპოვა.

„ნიკოლოზის წარმატება ნიშნავს იმას, რომ განათლებას საზღვრები არა აქვს. მინდა მივულოცო მას ეს წარმატება და ვუსურვო წინსვლა იმ საერთაშორისო ასპარეზზე, რომელიც მოიპოვა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს ქალაქს და ჩვენს ქვეყანას, მომავალშიც ასახელებს და გამოადგება. განათლებული ადამიანი ყოველთვის ფასდება, მისი წარმატება კი ერთგვარი სტიმული იქნება მომავალი თაობისთვის, მისი ასაკის ახალგაზრდებისთვის “, - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

როგორც ნიკოლოზ კოწიწაშვილი აცხადებს, სკოლაში მოსახვედრად საკმაოდ რთული გამოცდები ინგლისურ ენასა და მათემატიკაში (ინგლისურ ენაზე) ჩააბარა და ასეთივე წარმატებით გაიარა გასაუბრებაც, რომელიც ორ ეტაპად ჩატარდა.

ნიკოლოზ კოწიწაშვილი ინგლისურენოვან სკოლაში IB პროგრამას შეისწავლის, სწავლის დასრულების შემდეგ კი, მას საშუალება ექნება IB დიპლომით, მსოფლიოს 95 ქვეყნის 3 300 უნივერსიტეტში, უგამოცდოდ ჩაირიცხოს.

16 წლის ნიკოლოზ კოწიწაშვილი საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი და საერთაშორისო პროგრამა „დიპლომატია და სტრატეგიული კომუნიკაციების“ მონაწილეა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს