დავით ზალკალიანი - ღარიბაშვილი 24-საათიან რეჟიმზე იყო გადასული და პირადად იყო მოლაპარაკებებში ჩართული აშშ-სთან ერთად, მაქსიმალური ძალისხმევა გავწიეთ ამ ჰუმანიტარული აქტის განსახორციელებლად

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 24-საათიან რეჟიმზე იყო გადასული და პირადად იყო მოლაპარაკებებში ჩართული ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, ჩვენ ყველა მიმართულებით მაქსიმალური ძალისხმევა გავწიეთ იმისთვის, რომ ეს ჰუმანიტარული აქტი განხორციელებულიყო, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოს ხელშეწყობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმების შეფასებისას განაცხადა.

“უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, პირადად პრემიერ-მინისტრმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამ უაღრესად სერიოზული საკითხის გადაჭრაში და ვფიქრობ, რომ ეს არის სწორედ ის, რისკენაც ყოველთვის მიისწრაფოდა ჩვენი ქვეყანა, რომ საქართველოს შეესრულებინა მნიშვნელოვანი როლი რეგიონში. კარგად იცის საზოგადოებამ, რომ ჩვენი მხრიდან მუდმივად იყო შეთავაზებები იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისი გამხდარიყო ერთგვარი პლატფორმა დიალოგისთვის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და მე ვფიქრობ რომ პირველი, ძალიან სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა ამ მიმართულებით სწორედ ჩვენი ქვეყნის როლის, ფუნქციის წინ წამოწევის თვალსაზრისით, რადგანაც სამხრეთ კავკასიას, როგორც არასდროს, ისე ესაჭიროება მშვიდობა და განვითარება და აქ მართლაც ძალიან დიდი სამუშაო იყო გაწეული მთელი ამ ბოლო დღეების განმავლობაში.

უშუალოდ პრემიერ-მინისტრი იყო 24 საათიან რეჟიმზე გადასული და პირადად იყო მოლაპარაკებებში ჩართული რა თქმა უნდა, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად. დელეგაციას, რომელსაც სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, ფილიპ რიკერი ხელმძღვანელობდა რამდენიმე დღის წინ ვუმასპინძლეთ თბილისში. ამის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია გაემგზავრა რეგიონში. ისინი იმყოფებოდნენ როგორც ერევანში, ისე ბაქოში, შემდეგ დაბრუნდნენ ისინი თბილისში და მოლაპარაკებები უკვე თბილისში გაგრძელდა. აშკარაა და ყველა ხედავს, რომ მას შემდეგ, რაც მოლაპარაკების პროცესში უშუალოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩაერთო, ჩვენ ყველა მიმართულებით მაქსიმალური ძალისხმევა გავწიეთ იმისთვის, რომ ეს ჰუმანიტარული აქტი განხორციელებულიყო.

პირველი ნაბიჯი გადადგმულია, აზერბაიჯანულმა მხარემ 15 სომხეთის მოქალაქე, რომლებიც დაკავებულნი იყვნენ კონფლიქტის პროცესში, ბოლო პერიოდში მთიანი ყარაბაღის ირგვლივ ესკალაციის დროს, საქართველოს ტერიტორიის გავლით, გადასცა სომხურ მხარეს და ისინი უკვე სომხეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან, დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს და ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სომხურმა მხარემ აზერბაიჯანს გადასცა შესაბამისი მასალები, ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია უსაფრთხოებასთან, შემდგომ განაღმვითი სამუშაოების განხორციელებასთან და ვფიქრობ, რომ ეს არის მხოლოდ დასაწყისი იმ ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობისა, ფორმატისა სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის- სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს ჩართულობით და რა თქმა უნდა ასევე სტრატეგიული პარტნიორების აქტიური მონაწილეობით და პირველ რიგში აშშ-ის აქტიური ჩართულობით. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი სწორედ ჩვენი როლის გამოკვეთის თვალსაზრისით სამხრეთ კავკასიაში”,-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს