დავით უსუფაშვილი - ქართული დემოკრატია ინტენსიური მკურნალობის რეჟიმშია, თუ თვითმმართველობის არჩევნებშიც გასული არჩევნების მსგავსი მოვლენები მოხდება, რეანიმაციაც აღარ გვიშველის - ამ წუთას საქმე „არა უშავს რა" მიდის

დღეს ქართული დემოკრატია ინტენსიური მკურნალობის რეჟიმშია გადაყვანილი. თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც, თუნდაც გასული საპარლამენტო არჩევნების მსგავსი მოვლენები მოხდება, აქედან უკვე რეანიმაციაც აღარ გვიშველის,- ამის შესახებ „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ერთდროულად ძალიან ბევრ სასიცოცხლო ფუნქციას სჭირდება გამართვა, მათ შორის არის როგორც სასამართლო, ისე საარჩევნო ადმინისტრაცია, უსაფრთხოების სამსახურები, ფინანსური სახსრები პოლიტიკაში, გარე გავლენები, მათ შორის, ჩრდილოეთიდან.

როგორც უსუფაშვილმა განმარტა, ამ მიმართულებების გამართვაში საქართველოს საერთაშორისო მეგობრები ეხმარებიან, თუმცა პრობლემური სიტუაციიდან ქვეყანა მაინც დამოუკიდებლად უნდა გამოვიდეს.

„უამრავი ისეთი სასიცოცხლო სახელმწიფოებრივი ორგანო თუ ფუნქცია არის საფრთხის ქვეშ, რომ ჩვენ ვართ სწორედ ინტენსიური მკურნალობისა და მეთვალყურეობის რეჟიმში. გარე სამყაროდან ბევრი გვეხმარება, მაგრამ ჩვენ თავად უნდა შევძლოთ აქედან გამოსვლა. ეს არის ძალიან რთული ვითარება, ისევე როგორც რეანიმაციაში შესული პაციენტი ვიცით, რომ არის რთულ მდგომარეობაში და ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ჯანმრთელი გამოვიდეს იქიდან, დღეს ჩვენი სახელმწიფო და საქართველო ასეთ ვითარებაშია. გარანტირებულია ეს ? არ არის გარანტირებული, იმიტომ, რომ ამ დონის პრობლემები ადგილობრივ არჩევნებს აქცევს ან ძალიან სერიოზული გარღვევის დასაწყისად, რომლიდანაც ჩვენ შეიძლება დიდი ენერგიები მივიღოთ და ძალიან სწრაფი ტემპით დავიწყოთ წინსვლა, პირველ რიგში, ეკონომიკის გაჯანსაღებით და სიღარიბის დაძლევით, ასევე საერთაშორისო იტეგრაციით, მაგრამ თუ ამ არჩევნებშიც, თუნდაც გასული საპარლამენტო არჩევნების მსგავსი მოვლენები მოხდა, აქედან უკვე რეანიმაციაც აღარ გიშველის. ამ წუთის მდგომარეობით, საქმე არაუშავს რა მიდის. ეს არ არის უკვე ყველაფერი გასწორებული და სწორ გზაზე დამდგარი, არაუშავს რა მიდის საქმე, იმიტომ, რომ სახელისუფლებო სისტემაშიც, მე ვატყობ იმის გააზრებას, რომ ერთპარტიული მმართველობა დასრულდა, დასრულდა ეს ეპოქა. დღევანდელ ვითარებაში, მგონია, რომ „ოცნების“ შიგნით საკმაოდ ბევრია ახლადმისული ხალხიც და ბევრი ძველი სახეც, რომლებმაც უბრალოდ გაიაზრეს, რომ ერთპარიტული მმართველობის შენარჩუნებისთვის ბრძოლა ნიშნავს შესაძლოა ყველაფრის წაგებას. ამიტომ, მგონია, რომ ამ ტიპის პრაგმატული დამოკიდებულება ხვალინდელი პოლიტიკური დღისადმი, იქნება საწინდარი უკეთესი გარემოსი“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ამასთან, დავით უსუფაშვილმა ყოფილ პერმიერ-მინისტრზე, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიაზე ისაუბრა.

უსუფაშვილის განმარტებით, დასხდება თუ არა „ლელო“ ყოფილ პრემიერ-მინისტრ და ამჟამად პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერ, გიორგი გახარიასთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან, ეს მასზეა დამოკიდებული.

“ეს ყველაფერი თავად გახარიაზეა დამოკიდებული, მისი გადასაწყვეტია, სურვილი საქმეში უნდა გამოჩნდეს. ვნახეთ, რომ საერთო საკითხებზე ოპოზიციური შეხვედრები და ოპოზიციურ ფორმატში საუბრები უპრეცედენტოდ ფართო იყო. გაიხსენებთ 30 წლის განმავლობაში იმხელა სიჭრელეს ოპოზიციური მაგიდების გარშემო, რაც ბოლო 1 წლის ან 6 თვის განმავლობაში ვნახეთ?! ეს იმას ნიშნავს, რომ აბსოლუტურად ყველამ, ვიღაც ვიღაცას რომ პრორუსს ეძახდა, ზოგს კონსერვატიზმს უწუნებდნენ და ზოგს ლიბერალიზმს, საერთო ინტესებიდან გამომდინარე ერთად დასხდომა მოახერხა. რატომ? იმიტომ, რომ საერთო ინტერესზე ყველამ თქვა, ამას ვაკეთებთო. საერთო ინტერესი არის ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით. ახლა უნდა ჩამოყალიბდეს პატივცემული ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რა უნდა და სად არის. თუ მას სურს, რომ იყოს უკეთესი „ქართული ოცნება“ და მას იმის პრეტენზია აქვს, რომ „ქართულ ოცნებაში“ ვიღაცები ცუდად იქცევიან და კარგი „ოცნება“ მე ვარ, ეს არის მისი გზა. ამ წუთას ამას აკეთებს, რადგან მცირე გამონაკლისების გარდა, ყველა საკითხში იმეორებს იმას, რომ ქვეყანაში ყველაფერი სწორად მიდიოდა“,-განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, გიორგი გახარიას პოლიტიკურ მიზნებთან დაკავშირებით კითხვები იმ შემთხვევაში აღარ იქნება, თუ ის ძალიან მკაფიოდ გასცემს კითხვებზე პასუხს, რა მოხდა რეალურად და რატომ გადადგა.

„მიკიბულ-მოკიბული საუბარი გადადგომის პერიპეტიებზე, ვერ მივხვდებით, რომ აქ მთლად ყველაფერი ვერ ერგება ერთმანეთს? დიდი უბედურება მზადდებოდა ქვეყანაში, თუ ნიკა მელიას დააკავებდნენ დ ამიტომ გადავდექიო. მისი გადადგომის შემდეგ არ დააკავეს? უბედურების თავიდან ასაცილებად თუ გადადგა ნაბიჯი, მაშინ ის უბედურება თავიდან ვერ აიცილა. მას ფიზიკურად უნდა მოეყვანა მელია იმ ოთახიდან, თუ როგორ იყო საქმე? მეორე დღეს რომ დაეკავებინათ, მისმა გადადგომამ შეაფერხა ეს პროცესი? აბა, მაშინ რა მოხდა? ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს სვლას და გეზს. პოლიტიკაში შესაძლოა მას ძალიან მწყობრი ლოგიკური ჯაჭვი ჰქონდეს იმის, რომ „ოცნება“ იმდენად გაკოტრდა მისი მთავარი ლიდერისა და სხვა ლიდერების მეშვეობით, მოსახლეობაში ძალიან ბევრია ხალხი, რომლებიც ეძებენ ვინმეს, აქეთ წავიდეთო. შესაძლოა, არის ეს ლოგიკა და კი ბატონო, ასე გააგრძელოს, თუ ასე უნდა. თუ სხვაგვარად უნდა, თვითონ იტყვის“,-განაცხადა უსუფაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს