2018-2021 წლებში თბილისში სამი გზაგამტარი აშენდა და ათი ხიდი რეაბილიტირდა

2018-2021 წლებში, თბილისში სამი გზაგამტარი აშენდა და ათი ხიდი რეაბილიტირდა, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა დედაქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მან რამდენიმე განსაკუთრებული პროექტის შესახებ ისაუბრა.

„გამორჩეული პროექტია კარტოზია - ცინცაძის ქუჩების გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მშენებლობა. სამუშაოების დაწყებამდე აქ გვქონდა მუდმივი პრობლემა საცობის სახით და მას შემდეგ, რაც ეს ობიექტი დასრულდა, აქ პრობლემა აღარ არსებობს. ასევე, მნიშვნელოვანი პროექტია მდინარე ვერეზე საფეხმავლო ხიდი, რომელსაც სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, მოეწყო თანამედროვე განათების სისტემა და ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია ქალაქისთვის, ვიზუალური თვალსაზრისით. მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე მოეწყო ორდონიანი კვანძი, რომელსაც ანალოგიური შედეგი მოჰყვა, რაც ცინცაძე-კარტოზიას პროექტს. აქაც მუდმივად იყო საცობები, რაც შემდეგ უკვე გელოვანის გამზირზეც ქმნიდა გადაადგილების პრობლემას. პროექტის განხორციელების შემდეგ, ეს პრობლემა მოხსნილია.

რაც შეეხება ხიდების რეაბილიტაციას, ერთ-ერთი იყო ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდი, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. ერთ-ერთი შემოწმებისას გამოვლინდა, რომ ამ ხიდზე გადაადგილება თითქმის შეუძლებელი იყო. იყო ორი გზა - ან უნდა დაგვეწყო სასწრაფო რეაბილიტაცია, ან მთლიანად უნდა ჩაგვეკეტა მოძრაობა. საკმაოდ რთულად განსახორციელებელი პროექტი იყო, მაგრამ კომპანიამ ამ სამუშაოებს კარგად გაართვა თავი.

ასევე, განხორციელდა სარაჯიშვილის გამზირზე, მდ. გლდანულაზე არსებული ხიდების რეკონსტრუქცია, თუმცა, შეიძლება ითქვას, ძველი ხიდიდან თითქმის არაფერი დარჩენილა და პრაქტიკულად, ახალი ხიდი აშენდა. კიდევ ერთი პროექტი, რომელიც განვახორციელეთ, არის ფონიჭალის დამაკავშირებელი მიწისქვეშა გზაგამტარის მშენებლობა. მნიშვნელოვანი პროექტია ზემო და ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები მოსახლეობისთვის, რადგან მათ ერთმანეთთან მისასვლელად 7 კილომეტრის გავლა სჭირდებოდათ“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

თბილისის მერის მოადგილემ ასევე ისაუბრა წყლისა და წყალარინების ქსელების რეაბილიტაციაზე. მისივე თქმით, ეს საკითხი წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემა იყო, თუმცა, ბოლო წლებში, ამ მიმართულებით 58 პროექტი განხორციელდა, რომელთა ფარგლებში წყალარინების ცენტრალურ ქსელს მიუერთდა 1 800-მდე ოჯახი, ხოლო წყალგაყვანილობის ქსელი 1 200-მდე აბონენტთან შეიყვანეს.

როგორც ირაკლი ბენდელიანმა აღნიშნა, 383 მისამართზე მოეწყო საყრდენი კედელი. მისივე თქმით, ამ პროექტებს შორის, გამორჩეულია შეშელიძის ქუჩაზე არსებულ, დამეწყრილ უბანზე ჩატარებული სამუშაოები, რისთვისაც 21 მლნ ლარი დაიხარჯა.

„მეწყრული უბნის ზედა ნაწილში არის სამი 16-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც ევაკუაციის პირას იყო. რომ არა სწრაფად და ეფექტიანად განხორციელებული სამუშაოები, სამივე კორპუსიდან მოგვიწევდა მოსახლეობის გაყვანა. დღეისათვის აქ არანაირი რისკი არ არის და სამუშაოები დასასრულს უახლოვდება“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

მისივე თქმით, გამაგრების სამუშაოები 355 ავარიულ საცხოვრებელ კორპუსს ჩაუტარდა. ამ ეტაპზე კი 62 მსგავსი პროექტი მიმდინარეობს, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო