„სამართლიანმა არჩევნებმა“ თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდის გარემოს ამსახველი დოკუმენტი წარადგინა

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდის გარემოს ამსახველი დოკუმენტი წარმოადგინა, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებამდე ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი გარემოს, მათ შორის, საარჩევნო კანონმდებლობის მიმდინარე რეფორმის, პოლიტიკური პარტიების საქმიანობის, აგრეთვე, მედიასა და სახელმწიფო უწყებებში მიმდინარე პროცესების შეფასებას მოიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები სხვა მსგავსი არჩევნებისგან გამორჩეული მოვლენაა, რადგან მისი შედეგები უშუალოდ გასაზღვრავს არა მხოლოდ მუნიციპალური ორგანოების დაკომპლექტებას, არამედ რიგგარეშე საპარლამეტო არჩევების ჩატარების ბედს. იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია, “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”, პროპორციული წესით ხმათა 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. ამასთან, თვისებრივად განსხვავებული ორი არჩევნების ერთმანეთთან დაკავშირება იწვევს არჩევნების დანიშნულების აღრევას და ზეგავლენას ახდენს ამომრჩევლის ქცევაზე.

ორგანიზაციის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შუამავლობით პარტიებს შორის შემდგარმა შეთანხმებამ ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პოლიტიკური კრიზისი განმუხტა და ბიძგი მისცა საარჩევნო რეფორმის პროცესს. ამასთან, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა არა სისტემურ გაუმჯობესებას, არამედ მწვავე პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის ძიებას ემსახურებოდა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტში ასახული საკითხების ნაწილი პოზიტიურ გავლენას მოახდენს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე, კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო სისტემის, ადმინისტრაციის დაკომპლექტების, საარჩევნო დავების რეგულირებისა და არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების საკითხები.

,,სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, წარმოდგენილი ცვლილებები არ არის საკმარისი საკანონმდებლო ჩარჩოსა და პოლიტიკური გარემოს რეალური გაუმჯობესებისათვის. ISFED-ი პარტიების დაფინანსების კანონპროექტსაც აფასებს. მათი განმარტებით, პარტიას დაფინანსება ეკუთვნის არჩევნებში მიღებული შედეგის შესაბამისად და მისი მიბმა პარტიის მიერ რომელიმე სხვა პირობის შესრულებაზე არათანაზომიერია და არ შეესაბამება პარტიების დაფინანსების საერთაშორისო სტანდარტებს.

„საქართველოს პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტი პოლიტიკური პარტიების სახელმწიფო დაფინანსებას საპარლამენტო საქმიანობაში მათ ჩართვას უკავშირებს. არსებული კანონმდებლობის მიხედვით, პარტიას დაფინანსება ეკუთვნის არჩევნებში მიღებული შედეგის შესაბამისად და მისი მიბმა პარტიის მიერ რომელიმე სხვა პირობის შესრულებაზე არათანაზომიერია და არ შეესაბამება პარტიების დაფინანსების საერთაშორისო სტანდარტებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დოკუმენტში საუბარია პოლიტიკური ძალების მხრიდან ამომრჩეველთან შეხვედრაზე და აგიტაციაზე. ორგანიზაციის განცხადებით, ამ მხრივ განსაკუთრებით მმართველი გუნდი აქტიურობს და ,,ქართული ოცნების“ კამპანიის მასშტაბზე აშკარად მიუთითებს უკვე დაანონსებული მრავალმილიონიანი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები რომელთა შესრულება წინასაარჩევნო კამპანიის აქტიურ ფაზას ემთხვევა.

,,მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად ჯერ არ გამოცხადებულა, პოლიტიკურმა ძალებმა ამომრჩევლებთან შეხვედრები და აგიტაცია უკვე დაიწყეს. ამ მხრივ, განსაკუთრებით მმართველი პარტია აქტიურობს, რომელსაც ხელი მიუწვდება ადმინისტრაციულ რესურსზეც. „ქართული ოცნების“ კამპანიის მასშტაბზე აშკარად მიუთითებს უკვე დაანონსებული მრავალმილიონიანი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები. ტრადიციისამებრ, ამ პროექტების შესრულება წინასაარჩევნო კამპანიის აქტიურ ფაზას ემთხვევა”, - ნათქვამია ინფორმაცია.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ ასევე ეხმაურება პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ, მის მიერ დანიშნულ ან მასთან დაკავშირებულ პირთა სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტებს. მათი განცხადებით, ეს ტენდენცია განსაკუთრებით თვალსაჩინოა მუნიციპალურ დონეზე, სადაც მმართველმა პარტიამ პოლიტიკურად არასანდო პირების გათავისუფლება დაიწყო.

„პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ, მის მიერ დანიშნულ ან მასთან დაკავშირებულ პირთა სამსახურიდან წასვლის ტენდენციამ მასშტაბური სახე მიიღო. ზოგიერთმა პირმა სამსახურიდან იძულებით გათავისუფლების შესახებ საჯაროდ განაცხადა. ეს ტენდეცია განსაკუთრებით თვალსაჩინოა მუნიციპალურ დონეზე, სადაც მმართველმა პარტიამ პოლიტიკურად არასანდო პირების გათავისუფლება დაიწყო. ამგვარი პრაქტიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში საჯარო სამსახური ჯერ კიდევ შორსაა აპარტიულობის სტანდარტის დაცვისაგან”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

აღნიშნულ დოკუმენტში საუბარია არჩევნების გამართვამდე არსებულ მედიაგარემოზეც. დოკუმენტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, გრძელდება მედიასაშუალებების სახელისუფლებლო და ოპოზიციური დაყოფის ტენდენცია.

„მედიაგარემო მრავალფეროვანია, თუმცა პოლარიზების მაღალი ხარისხით გამოირჩევა. საზოგადოებას, დაბალანსებული და მიუკერძოებელი ფაქტების ნაცვლად, ძირითადად, პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებით ნაკარნახევი ინფორმაცია მიეწოდება. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, გრძელდება მედიასაშუალებების სახელისუფლებლო და ოპოზიციური დაყოფის ტენდენცია. გამოვლინდა ჟურნალისტების მიმართ მუქარისა და თავდასხმის ფაქტებიც”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

,,სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, ორგანიზაცია წინასაარჩევნო პერიოდს მთელი ქვეყნის მასშტაბით, 70 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით, 1 ივნისიდან აკვირდება. მონიტორინგთან ერთად, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ორგანიზაცია იურიდიულ დახმარებას გაუწევს საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს, რომლებიც იძულებით ჩართეს საარჩევნო პროცესებში ან/და პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს, აგრეთვე, მათ, ვისაც სოციალური დახმარება შეუწყვიტეს. „სამართლიანი არჩევნების“ იურისტები ასეთ პირებს შესთავაზებენ როგორც უფასო იურიდიულ კონსულტაციას, ასევე დახმარებას სასამართლოში საჩივრის წარსადგენად.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა