ზაზა გახელაძის მეუღლე - აქციებს ვგეგმავთ და შემდეგ უკიდურეს ზომას მივმართავ, ეს იქნება ჩემი ბოლო მიმართვა სახელმწიფოს მიმართ, ე.წ. საზღვრის იქით გადავალ

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში რიგით მე-100 შეხვედრა დაიწყო. ერგნეთში იმყოფებიან ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებიც.

შეხვედრის დაწყებამდე გახელაძის მეუღლე და მშობლები სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწირობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ.

,,ხელისუფლება რა ნაბიჯებს დგამდა, ნამდვილად არ ვიცოდით ჩვენ, რა ხდებოდა და რა შეიძლება გაკეთებულიყო, ამაში არ ვერეოდით და არც გვეუბნებოდნენ, მაგრამ გვწამდა, რომ რეალური ნაბიჯები გადაიდგმებოდა. ერთი ალბათ რაც დაგვრჩა და უნდა გაკეთდეს, ეს არის უკვე ოჯახის მოქმედება, ჩვენი ძალისხმევით გაკეთდება ალბათ ის, რო შედეგი გამოიღოს. ვგეგმავთ აქციებს და შემდეგ უკიდურეს ზომას მივმართავ, ეს იქნება ჩემი ბოლო მიმართვა სახელმწიფოს მიმართ, გადავალ ე.წ. საზღვრის იქით", - განაცხადა ზაზა გახელაძის მეუღლემ ირმა ბუნტურმა.

დღესვე ოჯახის წევრები ერგნეთში ეუთო-ს გენერალურ მდივანთან ჰელგა მარია შმიდტდთან შეხვედრასაც გეგმავენ.

„დიდი მოლოდინი გვქონდა მაისში, როდესაც შევხვდით პრემიერ-მინისტრს, დიდი იმედი ჩაგვისახა, რომ ორ კვირაში ჩემი შვილი სახლში უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, შედეგი არ იყო. გუშინაც გვქონდა შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და გვითხრეს, რომ ჩართულები არიან მოლაპარაკების პროცესში და დაგვაიმედეს, ვნახოთ რა იქნება. დღეს ერგნეთში ჩამოვედით, რომ ეუთოს გენერალურ მდივანსაც შევხვდეთ და ვთხოვოთ დახმარება", - განაცხადა ზაზა გახელაძის მამამ მიხეილ გახელაძემ.

„მოცემულობა გახლავთ ერთი, რომ ყველა უკანონო პატიმარი აუცილებლად დაუბრუნდება საკუთარ სახლებს“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განაცხადა.

,,ამ საკითხზე დიალოგი გრძელდება და მინდა, ცალსახად განვაცხადო, რომ დიალოგი მიმდინარეობს არა მხოლოდ ამ შეხვედრებზე, არამედ, შეხვედრებს შორის პერიოდშიც და ამაში ძალიან აქტიურად არიან ჩართული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რისი მომსწრენიც ჩვენ ყველანი ვიყავით თუნდაც გუშინ. დღევანდელ შეხვედრაზე გვექნება საშუალება გავცვალოთ პოზიციები და მეტი დეტალი გვეცოდინება შეხვედრის დასრულების შემდეგ. მოცემულობა გახლავთ ერთი, რომ ყველა უკანონო პატიმარი აუცილებლად დაუბრუნდება საკუთარ სახლებს. უბრალოდ, არის სიტუაცია, განსაკუთრებით, ეს ახასიათებს მოლაპარაკების პროცესს ისეთ რთულ საქმეებში, როგორიც არის, ვთქვათ, იგივე ოკუპირებული რეგიონები, რომ კონკრეტულ დროში მოცემულობა გვიჩვენებს ერთ ინდიკატორს, მაგრამ პროცესში, დინამიკიდან გამომდინარე, ამ ინდიკატორებმა შესაძლოა განიცადონ გარკვეული კორელაცია, თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ ცვლის ჩვენს პოზიციას, ჩვენ მომართული ვართ და ეს არის ჩვენი მიზანი - უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი ყველა თანამოქალაქე დაბრუნდნეს საკუთარ სახლებში და ეს აუცილებლად ასე იქნება", - აღნიშნა ირაკლი ანთაძემ.

შეგახსენებთ, 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს. დაკავებისას, ე.წ. მესაზღვრეებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხის არეში დაჭრეს, რის შემდეგაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

5 თებერვალს, ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

იხილეთ ვიდეო:გახელაძის ოჯახის წევრები აქციებს აანონსებენ

ანდრო გოცირიძე - 3+3-ის ფორმატის უსარგებლობა და საფრთხის შემცველობა ცხადია, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე მასში საქართველოს გაწევრიანება, შესაძლოა, რუსეთიდან ჩვენზე ზეწოლის ერთ-ერთი მიმართულებაც იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2022
იოსებ ბარათაშვილი - ხაზარაძე-ჯაფარიძისა და წერეთლის საქმე  ერთი მხრივ, შერჩევითი და შეკვეთილი  მართლმსაჯულების, ხოლო მეორე მხრივ კი გამოძიების მწარმოებელი ორგანოს არაკომპეტენტურობის ნიმუშია
ტერაბანკი სამომხმარებლო სესხებსა და საკრედიტო ბარათებზე აქციას იწყებს
"სილქნეტის" ულიმიტო პაკეტები აქტიური ზამთრისთვის