მამუკა ხაზარაძე ფინანსთა მინისტრის მოადგილეს - თქვენს ბიუჯეტებს არ აქვს შინაარსი და მიზანი - ეს არის უბრალოდ ფულის განაწილება და შედეგად ვართ იქ, სადაც ვართ

თქვენს ბიუჯეტებს არ აქვს შინაარსი და მიზანი. ეს არის უბრალოდ ფულის განაწილება და შედეგად ვართ იქ, სადაც ვართ, - ასე მიმართა ფრაქცია „ლელო- პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა მამუკა ხაზარაძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს გიორგი კაკაურიძეს, რომელიც ფრაქციის წევრების კითხვებს პასუხობდა.

ხაზარაძის თქმით, კაკაურიძის გამოსვლა არის ბუღალტერია, რადგან ის საუბრობს ციფრებით, რომელსაც შინაარსი არ აქვს.

„რატომ ვართ ღარიბი ქვეყანა? თქვენი გადმოსახედიდან როგორ გგონიათ, რატომ ვართ ჩვენ ღარიბი ქვეყანა? თქვენ ამ პერიოდის განმავლობაში თქვენ გუნდთან ერთად რა გააკეთეთ ან რა უნდა გაგეკეთებინათ? ხელისუფლებაში ყოფნის 9 წელი საკმარისია, რომ რადიკალურად შეცვალო ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა. რა გააკეთეთ, რომ ეს სიღარიბის პარამეტრი არათუ შეგეცვალათ რადიკალურად ანუ გაგეუმჯობესებინათ, არამედ რაც უფრო შორს მივდივართ უფრო ღატაკდება ქვეყანა. ამიტომ მითხარით, რამ შეგიშალათ ხელი? იდეა გქონდათ და ვერ განახორციელეთ? მენეჯმენტი არ გეყოთ? რა გააკეთეთ იმისათვის, რომ ეს ქვეყანა გამოსულიყო სიღარიბიდან? მე ბუღალტერია დავარქვი თქვენს გამოსვლას, რადგან ციფრებით გველაპარაკებით რაც მოხდა, მაგრამ შინაარსი არ აქვს ამ ციფრებს.

პარამეტრი, ფისკალური - ეს საუბრები არ ესმით მოქალაქეებს. პასუხი უნდა იყოს, იმიტომ, რომ გვქონდა რაღაც იდეა და შეგვეშალა ხელი ან იდეა არ გვქონდა და ა.შ თქვენ თქვით, რომ 5% ზრდა შეიძლება არ არის კარგი მაგრამ, 10% მიუღწეველია. აქ ჩემთვის მთავარდება უკვე. თქვენ არ გაქვთ ამბიცია და შესაბამისად თქვენს სამინისტროს არ აქვს არანაირი გეგმა, რომ მთელი ქვეყანა 10% ან 12%-იან ზრდაზე იყოს მობილიზებული. თქვენ პირდაპირ ეუბნებით მოსახლეობას, რომ ჩვენ სულ ვიქნებით ღარიბი ქვეყანა რადგან 5- პროცენტიანი ზრდა ამ ქვეყანაში ნიშნავს იმას, რომ 50 წლის შემდეგ შეიძლება ვიყოთ ე.წ ბულგარეთის ზომის ეკონომიკა. როდესაც თქვენ ამბობთ, რომ 10% ზრდა გვექნება, ეს არის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა. ნუ მოვატყუებთ ხალხს. 10%-იანი ზრდა ეს არის, მინუს 6-დან ამოსვლა 0-ზე და თქვენ გაქვთ დაგეგმილი 4,5%-იანი ზრდა წელს.

მოსახლეობას ნუ მოვატყუებთ. ნუ იყენებთ პანდემიას. 10 %-იანი ზრდა თქვენ 0-დან კი არ გაქვთ, არამედ მინუს 6-დან. ეკონომიკური ზრდა წელს იქნება 4,5 %. ეს უნდა უთხრათ მოსახლებას, ხალხს ნუ ატყუებთ. ძალიან ბევრი ჩვენნაირი ღარიბი ქვეყნის მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ, რომელთაც ჰყავს გაცილებით ამბიციური, პროფესიონალური მენეჯმენტი ქვეყანაში და ჰქონდათ 10% ზრდა. აიღეთ ირლანდია, რომელიც იყო ჩვენნაირი გაღატაკებული ქვეყანა 25 წლის წინათ, ჩვენნაირი მოცულობის მოსახლეობით, ჩვენნაირი ემიგრაციით და დღეს არის ევროკავშირში მეორე ეკონომიკა. იქნებ გაემგზავროთ და იმ ადამიანებს ჰკითხოთ, რა გააკეთეს. როგორ მიაღწია ირლანდიამ. ამ თემაზე თქვენ გეღიმებათ? რატომ გეღიმებათ? რამე სასაცილოა? თქვენ ფინანსთა სამინისტროში მინდა სულ გაღიმებულებმა იაროთ, მაგრამ სერიოზულ საკითხებზე ვსაუბრობთ და მინისტრის მოადგილე იღიმის.

აქ გინდათ, რომ ჩვენ და ჩვენს მოსახლეობას ჩაუდოთ თავში, რომ 5 %-იანი ზრდა არის იმის მაქსიმუმი, რასაც საქართველო მიაღწევს და მე არ გეთანხმებით ამაში არც თქვენ და არც თქვენს მთავრობას. ეს ნიშნავს იმას, რომ არ გაქვთ ხედვა, არ გაქვთ გეგმა და იმის უნარი, რომ ეს განახორციელოთ. ჩემთვის, როგორც პროფესიონალი სხვა ადამიანი ხართ და ამ ტრიბუნაზე ხართ სხვა ადამიანი“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ის ფინანსთა მინისტრის მოადგილისგან ასევე დაინტერესდა იმით, თუ რატომ აღარ მოხმარდება 2022 წელს განათლებას მთლიანი შიდა პროდუქტის 6%.

„თქვენმა წინა პრემიერმა გამოაცხადა, რომ ჩვენ განათლებას უნდა მივხედოთო და მთლიანი შიდა პროდუქტის 6% უნდა ჩავდოთ 2022 წელს განათლებაშიო. რატომ უნდა გავიგოთ ჩვენ სავალუტო ფონდისგან, რომ თქვენ ამ 6%-იან ხარჯვაზე 2022-ში თქვით უარი. აღარ გვჭირდება განათლება? თუ ჩვენი ბავშვების დონე გაიზარდა? გუშინწინდელი გამოკითხვით ყველაზე გაუნათლებელი ერის კატეგორიაში ვართ შესულები. ეს როგორ ხდება? თქვენც, როგორც პროფესიონალი, 2 წლის წინანდელმა პრემიერმა დავალება მოგცათ და მთელმა ქვეყანამ თქვა - რა კარგია განათლებაში ფულის ჩადება დავიწყეთ. 2 წლის მერე ვიგებთ, რომ ეს აღარ არის გეგმაში. როგორ უნდა გენდოთ ჩვენ თქვენ? თქვენ თუ ყოველ წელს შეცვლით საკითხებს, მაშინ ვერსად ვერ წავა ეს ქვეყანა.

კიდევ ერთი- თქვენ ბიუჯეტს სახელი რა ქვია? პანდემიის მერე ამხელა ინვესტიცია რომ გააკეთეთ. აღარ ვლაპარაკობ ფულის დარიგებაზე. ჩვენ შეიძლება დაგვერქვას, რომ იმხელა ფული ჩაასხით თქვენ სამედიცინო სფეროში, რომ ყველაზე საუკეთესო ინფრასტრუქტურა გვაქვს? არა. განათლებაში გადადეთ? რა ქვია თქვენს წლიდან- წლამდე ბიუჯეტს? რას ემსახურება ის? რა სახელი ჰქვია? 2021 წლის ბიუჯეტი რომ გამოვა, რომ მოტრიალდებით და იტყვით - ჩვენ გავაკეთეთ ფოკუსირება და ეს პრობლემა ამ ქვეყანაში გადაწყდა ან გადაწყდება. აი პრობლემა -თქვენს ბიუჯეტებს არ აქვს შინაარსი და მიზანი. ეს არის უბრალოდ ფულის განაწილება და შედეგად ვართ იქ, სადაც ვართ“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს