გიგა ბოკერია - ტექნიკურად სიმართლეს ამბობენ ერთმანეთზე - გახარია ამბობს, რომ სისტემური კორუფცია იყო, ეს ასეა - კობახიძეც ციტირებს იმ კრიტიკას და ბრალდებებს, რაც გახარიას მიმართ ჩვენ გვქონდა

ჰგონიათ, რომ გაუვათ ერთმანეთზე ასეთი რამის თქმა, საკუთარი ნათქვამის გადათქმა იმის მიხედვით, თუ ხვალ და ზეგ რა დასჭირდებათ, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია, „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინტერვიუს და ყოფილ პრემიერ გიორგი გახარიაზე გაკეთებულ განცხადებებს.

როგორც ბოკერია აღნიშნავს, კობახიძე ციტირებს იმ კრიტიკას და ბრალდებებს, რაც „ევროპულ საქართველოს“ ჰქონდა გიორგი გახარიას მიმართ.

„ეს არის საოცარი უტიფრობა ამ ნიაღვარის და ჭაობის, რასაც გვთავაზობს ივანიშვილის რეჟიმის სხვადასხვა ფრთა. ტექნიკურად სიმართლეს ამბობენ ერთმანეთზე. გახარია ამბობს, რომ სისტემური კორუფცია იყო, ეს ასეა. კობახიძეც ჰყვება და ციტირებს იმ კრიტიკას და ბრალდებებს, რაც მაგალითად „ევროპულ საქართველოს“ გვქონდა ლეგიტიმურად ამ კაცის, გახარიას მიმართ მთელი მისი კარიერის განმავლობაში - პანკისის სპეცოპერაცია, აქაური სპეცოპერაცია, შემდეგ 20 ივნისი, პირველ რიგში, გავრილოვის ამბები, შემდეგ კოვიდის მართვა. ოღონდ ეს ხალხი გუშინწინ სრულიად საპირისპიროს ამბობდნენ ერთმანეთზე და ვითარებაზე.

ეს არის იმის დემონსტრირება, რომ ისინი სრულიად პატივს არ გვცემენ საზოგადოებას, ჰგონიათ რომ გაუვათ ერთმანეთზე ასეთი რამის თქმა, საკუთარი ნათქვამის გადათქმა იმის მიხედვით, თუ ხვალ და ზეგ რა დასჭირდებათ. ამ ყველაფერს ერთად უნდა დავუსვათ წერტილი“, - განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ, ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გიორგი გახარიაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მისი შეფასებით, კითხვები, რომლებიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებითაა დაგროვილი, სწორედ გიორგი გახარიას შს მინისტრობის დროს არასწორად დაგეგმილ ოპერაციებს უკავშირდება, რის მაგალითადაც მან პანკისში, სვანეთში, კლუბ „ბასიანში“ და 20 ივნისის ღამეს ჩატარებული ოპერაციები დაასახელა. კობახიძის აზრით, შესაძლებელი იყო 20 ივნისის მოვლენებისას ოპერაციის უფრო „რბილად“, მაგალითად, წყლის ჭავლის გამოყენებით ჩატარება და იმის უზრუნველყოფა, რომ საქმე „ტყვიებამდე არ მისულიყო“. რაც შეეხება გახარიას გადადგომას, ინტერვიუს დროს კობახიძემ გახარიასთან მიმართებაში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „გუნდმა იხილა ღალატი“. კობახიძე ეჭვობს, რომ გახარია „გავლენის ქვეშ მოქმედებდა“, თუმცა იქვე დასძენს, რომ „არ აქვს მტკიცებულება, გახარიას უშუალოდ სააკაშვილთან აქვს თუ არა პირდაპირი კავშირი“.

ზურაბ ბატიაშვილი - საქართველოს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირი იურიდიულად 31 წლის წინ კი დაიშალა, მაგრამ მენტალური საბჭოთა კავშირი ისევ აქაა და არსად წასულა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.08.2022
ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს
უკრაინულმა კრიპტოვალუტის ბირჟამ WhiteBIT საკუთარი ტოკენის გაშვების შესახებ გამოაცხადა
ბაზისბანკის ფინანსური ჩართულობით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსის ფინალური შეხვედრა გაიმართა