არჩილ თალაკვაძე - ოპოზიცია შეცდომებს უშვებს, როდესაც წინასწარ აქვს გადაწყვეტილი, რომ რამეში გაიმარჯვა - მოდი, არჩევნებს დაველოდოთ და დავინახავთ, მათ ადგილზე ასე დარწმუნებული არ ვიქნებოდი

ოპოზიცია შეცდომებს უშვებს მაშინ, როდესაც წინასწარ, ხალხის მაგივრად აქვს გადაწყვეტილი, რომ რამეში გაიმარჯვა. მოდი, არჩევნებს დაველოდოთ და დავინახავთ, ვინ რაში გაიმარჯვა - მათ ადგილზე წინასწარ ასე დარწმუნებული არ ვიქნებოდი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მმართველ გუნდს ადგილობრივ არჩევნებზე პროგრესული საარჩევნო პროგრამა ექნება და განახლებული, ძლიერი გუნდი ეყოლება.

„საერთოდ, ვფიქრობ, ოპოზიცია ჩიხში შეიყვანა ზუსტად მაგან, რომ საპარლამენტო არჩვენების წინ მათი სტრატეგია იყო - ჩვენ უკვე მოგებული გვაქვს არჩევნები და ჩათვალეთ, „ქართული ოცნება“ სახლშია წასულიო. როდესაც წააგეს არჩევნები, მხარდამჭერები მოვიდნენ მათ ოფისებთან და უთხრეს, სად არის თქვენი გამარჯვება, ჯერ კიდევ არჩევნებამდე რომ გქონდათ მოგებულიო. ამაზე პასუხი რომ აღარ ჰქონდათ, მერე შევიდნენ რადიკალურ სცენარში.

ოპოზიცია შეცდომებს უშვებს იქ, როდესაც წინასწარ ხალხის მაგივრად აქვს გადაწყვეტილი, რომ რამეში გაიმარჯვა. მოდი, არჩევნებს დაველოდოთ და დავინახავთ, ვინ რაში გაიმარჯვა. „ქართულ ოცნებას“ ექნება განახლებული, ძალიან პროგრესული პროგრამა. ეყოლება ძალიან ძლიერი, განახლებული გუნდი ამ თვითმმართველობის არჩევნებში ყველა რაიონში, ქალაქსა და სოფელში. გვჯერა, რომ „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებშიც აიღებს მართვის იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ახლავს თვითმმართველობის არჩევნებს. მე ოპოზიციისგან განსხვავებით არ მითქვამს, რომ უკვე გავიმარჯვეთ, ჩვენ ვიმუშავებთ. ჩვენ ეს დავამტკიცეთ არჩევნებით და არაერთხელ. მათ დაამტკიცეს საპირისპირო. ამიტომ მათ ადგილზე წინასწარ ასე დარწმუნებული არ ვიქნებოდი“,- განაცხადა თალაკვაძემ.

ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, თვითმმართველობის არჩევნებზე ახალი ტექნოლოგიები 100-300 უბანში დაინერგება, რასაც თითოეულ უბანზე 10-15 ათასი ლარი მოხმარდება.

„დღეს შემიძლია გითხრათ საორიენტაციო რიცხვები. იმ ტექნოლოგიების დანერგვას, რომელსაც განვიხილავდით, რომ არჩევნების მიმართ ნდობა უფრო გაიზარდოს და არავის ჰქონდეს საშუალება, რომ ცილისწამებით და დისკრედიტაციით იმოქმედოს არჩევნების შედეგებზე, დაახლოებით 10-15 ათასი ლარი დასჭირდება თითო საარჩევო უბანზე. დაახლოებით 3 800 უბანია. ოპოზიცია, ცესკო და სხვა მხარეები, არასამთავრობო სექტორიც თანხმდება, რომ შეირჩეს დაახლოებით 100-დან 300 უბნამდე, სადაც ამ ტექნოლოგიების დანერგვა მოხდება, ეს იქნება საპილოტე პროგრამა. რაც შეეხება ფინანსებს, ამ პოსტპანდემიურ ეკონომიკაში თითოეული მილიონი ლარი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საარჩევნო რეფორმის გარდა არის სოციალური საკითხები, ჯანდაცვის სფერო, ვაქცინაციის პროცესი და ასევე, საქართველოს აქვს სხვა პრიორიტეტებიც, ამიტომ ჩვენ ვეცდებით მივიღოთ ოპტიმალური გადაწყვეტილებები, რომელიც რეფორმასაც მოემსახურება და სხვა მოქალაქეებსაც არ შეუქმნის განცდას, რომ ხელისუფლება მხოლოდ არჩევნებითაა დაინტერესებული“,- განაცხადა თალაკვაძემ.

გარდა ამისა, კითხვაზე, არის თუ არა არსებული პოლიტიკური ვითარება მმართველი გუნდის სასარგებლოდ და დააზარალა თუ არა ნიკა მელიას დაკავებამ „ქართული ოცნება“, თალაკვაძე ამბობს, რომ როდესაც საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილება არსებობს, პოლიტიკოსებს არ აქვთ უფლება, კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ იმოქმედონ.

„საბოლოო ჯამში სასამართლო ხომ გადაწყვეტს ნიკანორ მელიას ბრალი მიუძღვის თუ არა 20-21 ივნისის ძალადობრივ პროცესებში. როდესაც ეს გადაწყვეტილება არის, თუ აღსრულებაზე ხელისუფლება უარს იტყვის, გსურთ ასეთ სახელმწიფოში ცხოვრება?! რაოდენ არაპოპულარული თუ პოპულარული არ უნდა ყოფილიყო ეს ქმედება. თუმცა არ ვთვლი, რომ ეს იყო არაპოპულარული გადაწყვეტილება, საერთოდ ამ ჭრილში არ ვუყურებ ამ გადაწყვეტილებას. მე ვუყურებ შემდეგ ჭრილში: როდესაც ინსტიტუტები ასრულებენ თავის ფუნქციას, აქვთ თუ არა პოლიტიკოსებს უფლება, რომ კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ მიიღონ გადაწყვეტილება? არ აქვთ. მელია იქნება, თუ ნებისმიერი სხვა სახელი და გვარი, თუ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს უნდა აღსრულდეს, თუ გვინდა ქვეყანაში კანონის უზენაესობა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო