არჩილ თალაკვაძე - ირაკლი კობახიძეს მოუწია, ხალხისთვის აეხსნა, რატომ არ არის გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ პროექტი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საზოგადოებაში კითხვები აღარ უნდა იყოს იმასთან დაკავშირებით, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია დღეს ნამდვილად ოპოზიციაშია და ის „ქართული ოცნების“ პროექტი არასდროს ყოფილა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ აღნიშნა, მმართველი გუნდი ყოველთვის ცდილობდა, ყოფილი თანაგუნდელის მიმართ კრიტიკული განცხადებები არ გაეკეთებინა.

თუმცა, მისი შეფასებით, გიორგი გახარიას გადაწყვეტილება ხელისუფლებისთვის ნამდვილად მიუღებელი და გაუგებარია.

„როდესაც გიორგი გახარია გუნდიდან წავიდა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა, ვერ გამახსენებთ მთელი იმ პერიოდის განმავლობაში ერთ განცხადებას მაინც, რომელიც ეთიკის, ან წარსული თანამშრომლობის, მეგობრობის თუ თანაგუნდელობის წინააღმდეგ გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“. თუ ვინმე დიპლომატიური იყო და იცავა თამაშის წესებს, რაც მეგობრობაში და გუნდში არსებობს, პირველ რიგში, ამას „ქართული ოცნება“ აკეთებდა. საზოგადოებას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა, რომელიც ვფიქრობ, ძალიან განაპირობებს გიორგი გახარიას მიერ შექმნილი პოლიტიკური პარტიის შედეგს და საერთოდ პოლიტიკური პროცესის ამ ნაწილს მომავალში, რადგან ამ წესებს ჩვენ ვიცავდით, ის „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი იყო, ჩვენი თანაგუნდელი, ჩვენ ერთად გამოვიარეთ ეს წლები. ჩვენი მორალური სტანდარტი და მოვალეობა იყო, არ გაგვეკეთებინა ასეთი განცხადებები და არც გაგვიკეთებია, მაგრამ როდესაც უკვე აშკარად გამოჩნდა, რომ ხალხსაც და ოპოზიციასაც გაუჩნდა ერთი ძალიან სერიოზული შეკითხვა, არის თუ არა გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის პროექტი, არის თუ არა ეს ყველაფერი ხელოვნური და ამას სათანადო პასუხები არ გაეცა სათანადო დამაჯერებლობით, ეს ჭორები და შექმნილი აღქმა არ განეიტრალდა, ამის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა ამომწურავი განმარტება და ხალხს აუხსნა, რომ გიორგი გახარია არ არის „ქართული ოცნებს“ ან ბიძინა ივანიშვილის პროექტი“,-განაცხადა თალაკვაძემ.

მისი განმარტებით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადების მიზანია ის, რომ გაიფანტოს საზოგადოებაში არსებული ყველა კითხვა, რაც გიორგი გახარიას მიერ თანამდებობისა და გუნდის დატოვებას უკავშირდება.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ „ამომრჩეველი, განსაკუთრებით ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ვინმემ შეცდომაში შეიყვანოს“.

„რეალობა არის ის, რომ გიორგი გახარიამ, როგორც პრემიერ-მინისტრმა იმ მომენტში მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც გუნდისთვის არ იყო მისაღები, ძალიან რთულ მომენტში დატოვა გუნდი და პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. სწორედ ამაზე საუბრობს ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ სახელით, მთელი ამ 10 დღის განმავლობაში მას მოუწია აეხსნა ხალხისთვის კიდევ უფრო დეტალურად, რატომ არ არის გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ პროექტი. დღეს რეალობა არის ის, რომ გიორგი გახარია არის ნამდვილად ოპოზიციაში, მას აქვს ახლად შექმნილი ოპოზიციური პარტია, ძალიან სერიოზულ კონკურენციაშია ოპოზიციურ პარტიებს შორის. ის მოლოდინები, რაც ჰქონდათ მის გარშემომყოფ ადამიანებს პირველ დღეებში, ვფიქრობ დღეს ცოტა დაკორექტირებულია. სხვა მოცემულობა გვქონდა, როდესაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ნაწილსაც კი ეგონა, რომ ის იყო „ქართული ოცნების“ ალტერნატიული პროექტი, ჩვენივე დაგეგმილი იყო ეს ყველაფერი და დღევანდელი რეალობა. მთელმა საზოგადოებამ ნათლად გაიგო, რომ რაც მოხდა, მართლაც მოხდა და ის გადაწყვეტილება რაც გიორგი გახარიამ მიიღო, ჩვენთვის ნამდვილად მიუღებელი და გაუგებარი იყო“,-განაცხადა თალაკვაძემ.

წამყვანის კითხვაზე, რამდენად ძლიერი კონკურენტია გიორგი გახარია „ქართული ოცნებისთვის“ არჩილ თალაკვაძემ უპასუხა, რომ მასთან ჯერ ოპოზიციის რანგში ოპონირების საშუალება არ ჰქონია, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ხელისუფლება ამისთვის მზად არის.

„ჩვენ ჯერჯერობით მასთან ოპონირების შესაძლებლობა არ გვქონია, პარლამენტში ის მოდიოდა, როგორც ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გვქონდა საქმიანი კითხვები, მაგრამ მას მაღალი მხარდაჭერა ჰქონდა, როგორც პრემიერ-მინისტრს. მომავალში, თუ მისი პარტია შეძლებს სხვა ოპოზიციურ პარტიებს აჯობოს და მეტი მხარდაჭერა მიიღოს, ვნახოთ რა ოპონირება და ფორმატები მოგვიწევს. არა მხოლოდ მის, არამედ უფრო დიდ პარტიებთანაც, ცალ-ცალკე თუ ერთად, „ქართული ოცნება“ მზად არის ოპონირებისთვის“,-განაცხადა თალაკვაძემ.

კახა გოგოლაშვილი - როცა სტაბილიზაციისკენ მიმართული ნებისმიერი კონსტრუქცია ინგრევა, იქ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეც არსებობს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.07.2021
ლევან ალაფიშვილი - ოპოზიციამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, როცა პლებისციტი თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმულ პროცენტში გაცვალა
რა უპირატესობები აქვს სამსუნგის სმარტფონს ოფიციალური ჰოლოგრამით?
სიახლე PSP-სგან - ფრანგული დერმატოლოგიური კოსმეტიკის ინოვაციური ბრენდი SVR უკვე საქართველოშია
გაყინული კრემიდან „თოლიას“ რეცეპტებამდე, ანუ ყველაფერი, რაც ნაყინის შესახებ უნდა იცოდე