ნათია მეზვრიშვილი - მინდა მჯეროდეს, პროკურატურა არ და ვერ გაბედავს, რომ ჩატარებული გამოძიება, რომლითაც ფაქტებია დადგენილი, ჭორაობაზე დაყრდნობით თავდაყირა დააყენოს და ზღაპრების გზით იაროს

დარწმუნებული ვარ და მინდა მჯეროდეს, რომ პროკურატურა, დამოუკიდებელი უწყება არ და ვერ გაბედავს იმას, რომ ჩატარებული გამოძიება, რომლითაც კონკრეტული ფაქტებია დადგენილი, ჭორაობაზე დაყრდნობით თავდაყირა დააყენოს,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ნათია მეზვრიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, სურს, დარწმუნებული იყოს, რომ გიორგი გახარიასთან მიმართებით პროკურატურა კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ სისტემაში დღეს ბევრი პრობლემაა და ეს სისტემა, მათ შორის როგორც გენერალური პროკურორის, ისე რიგითი პროკურორების დამოუკიდებლობის მხრივ ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშეა, მე, როგორც ამ უწყების ყოფილი წარმომადგენელი, ღრმად მინდა ვიყო დარწმუნებული, რომ პროკურატურა იმოქმედებს კანონის შესაბამისად არა მხოლოდ 20 ივნისთან, არამედ ყველა იმ კითხვასთან დაკავშირებით, რაც გიორგი გახარიასთან არსებობს და პროკურატურა არ ივლის იმ ზღაპრების გზით, რაც ამ ადამიანებმა ეთერში ილაპარაკეს, თან ამას პოლიტიკური კონტექსტი უწოდეს, სამართლებრივის თქმაც კი შეეშინდათ“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

გარდა ამისა, კითხვაზე, ესაუბრება თუ არა გიორგი გახარია ბრიუსელში ვიზიტისას ევროპარლამენტარებს იმ რისკებზე, რომ შესაძლოა ის პროკურატურაში დაიბარონ, მეზვრიშვილი ამბობს, რომ გიორგი გახარია ევროპარლამენტარებს ესაუბრება ყველაფერ იმაზე, რაზეც საზოგადოებასთან ღიად უკვე ისაუბრეს.

„გახარია ევროპარლამენტარებს ესაუბრება იმაზე, რაზეც ჩვენ საზოგადოებასთან ღიად ვილაპარაკეთ მას შემდეგ, რაც ტელეეთერებში მრავალსერიანი ზღაპრები დაიწყო. ხვალ და ზეგაც ალბათ, ამას გაგრძელება ექნება“,- განაცხადა მეზვრიშვილმა.

გარდა ამისა, მეზვრიშვილმა არ უპასუხა კითხვას, იდგა თუ არა 20 ივნისის მოვლენების შემდეგ გიორგი გახარიას გათავისუფლების საკითხი და აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძის „უსაფუძვლო განცხადებაზე სერიოზული პასუხის გაცემას არ აპირებს“.

ამასთან, მეზვრიშვილი იმედოვნებს, რომ მმართველი გუნდის ზოგიერთი წევრი „ამ სამარცხვინო პროცესებს დროულად გაემიჯნება“.

„არ ვაპირებ ამ არასერიოზულ, უსაფუძვლო განცხადებაზე სერიოზული პასუხის გაცემას. არ ვთვლი, რომ უნდა ვისაუბრო ამ ადამიანის ნალაპარაკებზე და იმაზე, რაც ინსტიტუტებს, ქვეყანას აკადრა. ეს პროცესი გრძელდება და მმართველი გუნდის გარკვეული წარმომადგენლები ამას აგრძელებენ. ეს ყველას არ ეხება. იქ არის ბევრი ღირსეული ადამიანი, რომელთაც, დარწმუნებული ვარ, რცხვენიათ იმისა, რასაც ხედავენ. იმედი მაქვს, მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ ამ სამარცხვინო პროცესებს დროზე გაემიჯნონ და თუნდაც, გადმოვიდნენ ჩვენთან“,- განაცხადა მეზვრიშვილმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა