ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისა და გარჩევაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ პირებს პატიმრობა შეეფარდათ

ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისა და გარჩევაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ პირებს პატიმრობა შეეფარდათ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არ დააკამყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და სამივე პირი პატიმრობაში დატოვა.

ადვოკატები დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ.

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირს გამორიცხავენ. ადვოკატების თქმით, ვიდეომასალა ფაბრიკაციაა და ავთენტურობის დადგენას მოითხოვენ.

უფლებადამცველები გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.

მომდევნო პროცესი 3 აგვისტოს დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ბრალდებით სამი პირის დაკავების შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ გაავრცელა. როგორც უწყებაში აცხადებენ, შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან ერთად, ქუთაისში ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი - 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.ჩ., 1983 წელს დაბადებული ა.მ. და 1977 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.ს. დააკავეს.

მათ ბრალად ედებათ „ქურდული სამყაროს“ წევრობა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობა. დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თ.ჩ.-მ შემთხვევით გაიგო თავისი ნაცნობის, ქუთაისში მდებარე ერთ-ერთი კაფე-ბარის ყოფილი მეწილისა და ამავე ობიექტის ახლანდელი მფლობელის ფინანსური დავის შესახებ. მან, თანამზრახველებთან ერთად, თვითნებურად, საკუთარი სარგებლის მიღების მიზნით გადაწყვიტა აღნიშნულ დავაში ჩარევა. ბრალდებულებმა „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესების მიხედვით მოაწყვეს „ქურდული გარჩევა“. ფინანსური დავის ქურდული წესით გარჩევის შედეგად, ბარის მეპატრონეს ყოფილი ბიზნესპარტნიორისთვის და „ქურდული სამყაროს“ წევრების სასარგებლოდ გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს.

როგორ უწყებაში აღნიშნავენ, სამართალდამცველებმა, თ.ჩ., ა.მ. და დ.ს. ბრალდებულის სახით მას შემდეგ დააკავეს, რაც ბარის მეპატრონემ მათ მოთხოვნილი თანხა გადაუხადა.

პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა მეშვეობითაც ბრალდებულები ერთმანეთს და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებს უკავშირდებოდნენ.

გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე პრიმა-2 მუხლით მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო:ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისა და გარჩევაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ პირებს პატიმრობა შეეფარდათ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა