შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას ეხმაურება

გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს დევნილი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს, უპირველესად, საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, - ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის“ შესახებ მორიგირეზოლუცია მიიღეს.

„რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს და ხაზს უსვამს დევნილთა საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების აუცილებლობა. აღნიშნული დებულება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ხანგრძლივი პერიოდით ჩაკეტვის შედეგად ახალგორის რაიონსა და მთელ ცხინვალის რეგიონში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე. მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას. ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვა, ვინაიდან მოუწოდებს გაერო-ს გენერალურ მდივანს, ყოველწლიურად მოამზადოს ანგარიში საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის გათვალისწინებით. გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ რეზოლუციის ყოველწლიური მიღება ადასტურებს, რომ საქართველოს საკითხი და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა კვლავ რჩება მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორუმის დღის წესრიგში და იპყრობს საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებას”, - ნათქვამია საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო